წერილი მომავალს

 სახლიდან სამსახურში ფეხით მისვლა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, აქამდე ეს რუტინა არ იყო ისე მოსაწყენი, როგორც ახლა. ვაკვირდები სარეკლამო ბანერებს, განცხადებებს და თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, საუბარში ერთმანეთთან გაზიარებული გულისტკივილიც საერთოა, თუმცა ჩურჩულით წარმოთქმულ ფრაზებში ზოგიერთი სიტყვა გაუგებარიც კია. აზრი ერთია: დაბალი ხელფასები; მაღალი ფასები; განათლების დაბალი ხარისხი; ნეპოტიზმი; კორუფცია; ჯანმრთელობის პრობლემები; შვილების მომავალზე წუხილი…

   სახლში მოსვლის შემდეგ საყვარელი საქმიანობის კეთება გადავწყვიტე –  მოვკალათდი, ტელევიზორი ჩავრთე და სანამ რაიმე ფილმს ვნახავდი, უინტერესოდ ვრთავდი არხებს. ყველა მათგანზე საუბარია დადებით სტატისტიკაზე; უმაღლეს აპარატურაზე ჯანდაცვაში; სახლში მიმავალი ხალხის კადრებით – სავსე ჩანთებითა და  მხიარული სახეებით. მაშინ ვიფიქრე, რომ ძალიან დავიღალე და სამსახური უნდა შემეცვალა, რადგან იქ ცუდის მეტი არაფერი მესმოდა, ვიფიქრე, სტრესულ გარემოში ვმუშაობდი და სხვაგან უკეთესი სიტუაცია იქნებოდა.

   სანამ სამსახურს დავტოვებდი, ჯერ ვაკანსიების ძიება დავიწყე, საჯარო სამსახური ერთადერთი გამოსავალია, რადგან აქ კერძო არაფერია. საკმაოდ დიდი გამოცდილებით გავაგზავნე შესაბამისი დოკუმენტაცია, არ მიკავშირდებიან, არც მე ვნებდები, კიდევ ერთხელ ვაგზავნი, ისევ იმავე, შემდეგ ვრეკავ მითითებულ ნომერზე და პასუხია, რომ არ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს. დანებებას არ ვაპირებდი მაინც, თუმცა მოულოდნელად უფროსი მიბარებს კაბინეტში, მსაყვედურობს, რადგან გაიგო ახალი სამსახურის ძიების ამბავი (არ ვიცი როგორ) და დამემუქრა, თუ არ შევწყვეტდი, აქედანაც გამათავისუფლებდა.

   ამჯერად გავჩერდი, ჩემი დღეები კი უფრო უფერულდებოდა. საზღვარგარეთ მოგზაურობა რთული იყო, ვიზის პროცესი – დამღლელი, ინტერნეტი – ნელი, პროდუქტები კი – ერთფეროვანი. ნელ-ნელა ღამე ქუჩაში სიარულის შეგვეშინდა, განსაკუთრებით გოგონებს და აუცილებლად ვინმე უნდა ყოფილიყო მსგავს შემთხვევაში ჩვენთან.

  ამას ემატებოდა პირადი პრობლემები, სახლში მარტო ვცხოვრობდი და არასდროს არ შემშინებია, სანამ ღამღამობით კარიდან ხმები არ შემომივიდა, თითქოს ვიღაც გაღებას ცდილობდა და შემდეგ დასაშინებელ წერილებს არ ვნახავდი. მარტო ვეღარ ვრჩებოდი… ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით ფსიქოლოგთან კონსულტაციების ჩანიშვნა გადავწყვიტე, მართალია, დიდი არჩევანი არც მქონია, მაგრამ რეკომენდაციით ერთ-ერთთან მივედი. ის მესაუბრა ადამიანის ბუნებაზე, რომ მე ვქმნიდი ამ შიშებს და მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა, რადგან მსგავსად სხვები არ იყვნენ. აქაც თავი სულელად ჩავთვალე და წამოვედი პირველივე ვიზიტის შემდეგ. ფეხით სიარული სამსახურში აღარ მომწონდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვნახე ნუგეში.

   მხოლოდ მაშინ დავაკვირდი ხალხს და ძირითადად შავ ტანისამოსს ატარებდა ყველა, მეც მათ შორის, ბავშვობაში, როგორც მახსოვს, მიყვარდა ჭრელი ტანსაცმელიც. ერთ დღეს კი სრულიად წითლებში შემოსილი 20 წლამდე გოგონა შევნიშნე, რომელიც გადაშლილ წიგნს კითხულობდა, სახელად „ავტოკრატების გაერთიანება„ და თან ყველა თვალი მისკენ იყო  მიმართული. რამდენიმე დღეში ისევ ვნახე ის, მაგრამ უკვე შავებში და იმ დღის შემდეგ მხოლოდ მეხსიერების ნაწილად დარჩა.

   რა თქმა უნდა, ის წიგნი ვერ ვიშოვე, თუმცა ერთ დღეს ეკლესიაში ყოფნისას გავიგე კედელს ამოფარებული მღვდელი როგორ აძლევდა უცნობს წიგნს და სთხოვდა რომ გაფრთხილებოდა, მეც გავესაუბრე, თავიდან კი არ მენდო, მაგრამ დავარწმუნე ბევრი საუბრის შემდეგ ჩემს კეთილგანწყობაში და ერთი წიგნი მეც მისახსოვრა, შემდეგ კიდევ ერთი. ყოველ მისვლაზე შავ დიდ ჩანთაში ვმალავდი, სულ ქვემოთ და მას შემდეგ, გულის გარდა გონებით ფიქრი დავიწყე, ჩემმა ტანსაცმელმა ფერი შეიცვალა, ნელ-ნელა ღიავდებოდა, სახლში მაინც ვერ ვრჩებოდი მარტო, მაგრამ ფეხით სიარული კვლავ დავიწყე. კოლეგებთან ყოველდღიურ საუბარში მონაწილეობას არ ვიღებდი, თუმცა ყველას ვუსმენდი, ყველაფერს ვასრულებდი, სხვებივით ვიქცეოდი და თან უფრო მეტ წიგნს ვკითხულობდი დაუღალავად, ვისაც ძალიან ვენდობოდი ვუზიარებდი, პირველ რიგში ოჯახის წევრებს, შემდეგ მეგობრებს და თითქოს ყველას ტანსაცმელი ღია ფერის ხდებოდა…

   სამყაროს შეცვლა რთულია, თუ საკუთარ თავს არ შევცვლით, ეს ცუდი სიზმარია, რომლის ნაწილი რეალობას ეფუძნება, მაგრამ როგორც „ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი“, ასევე ყველა სიზმარშია მომავლის დაუძლეველი შიში და გამოსავალი, რაც გაფითრებით გაღვიძებულებს დამშვიდების საშუალებას გვაძლევს. გვახსოვდეს, რომ 20 წამიანი სიზმარი არ უნდა გვაშინებდეს, რადგან ჩვენ შეგვიძლია გამოვიღვიძოთ, სანამ სხვები ჩვენს ნაცვლად გაგვაღვიძებენ.

ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ავტორი: ანა ალიქაძე

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.