საქმეები ცხოვრებისთვის

გუშინ გავიზარდე, ან გუშინ წინ, რა ვიცი.

მაშინ, როცა უფრო პატარა ვიყავი და უფრო მიამიტი, სულ ვფიქრობდი, როგორი იყო დიდად ყოფნა. მინდოდა ბებიაჩემივით მეც ,,გამტყდომოდა ძილი“ და მთელი ღამე ისე გამეთენებინა, რომ ,,თვალი თვალზე არ დამედო“.  

ზაფხულის არდადეგებს ყოველთვის, ბეშუმში, ბებიასთან ვატარებდი. ბებიაჩემი მზრუნველი ქალია, ვფიქრობ, ზედმეტად მზრუნველიც, სწორედ ამ მიზეზით მაძინებდა ყოველთვის მასთან. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი საწოლები საკმარისზე მეტი გვქონდა. აბა, ხომ შეიძლებოდა უცებ ძილში საბანი გადმოვარდნილიყო და გავცივებულიყავი. შვილიშვილის ავადმყოფობა კი, ბებიაჩემისთვის კატასტროფა იყო.

იმ საღამოს, როცა პირველად გავიგე ზღაპრული სიტყვა ,,ძილის გატყდომა“, მტკიცედ გადავწყვიტე, მეც დიდებივით ,,თვალი თალზე არ დამედო“. იმ ღამით, ისევ ბებიაჩემის საწოლში, მის ზურგს უკან ვიწექი და გუშაგივით ვდარაჯობდი, მთვარეს, სამყაროში ყველაზე ზღაპრული სარკმლიდან. 

ვიზრდებოდი და ვხდებოდი, რომ ბებიაჩემს ძილიც და გულიც ძალიან ბევრჯერ გასტყდომია.  იმასაც მივხვდი, რომ ამ თეთრად გათენებულ ღამეებს, რაღაც სერიოზული მიზეზი ჰქონდა და ჩემსავით ბავშვურად ნამდვილად არ იჩემებდა.

მაშინ, როცა უფრო მეტად გავიზარდე მივხვდი, რომ ამ მოხუცისთვის,  შვილიშვილის ავად გახდომა კატასტროფა ,,სრულყოფილი ბებიის“ კომპლექსთან ერთად, რეალური საფრთხეც  იყო,  აბა სად წაიყვანდა ქალი შვილიშვილს, ბეშუმში, იქ სადაც არ იყო სამედიცინო პუნქტი? და ცხადია არც ექიმი.

ვიზრდებოდი და ვხედავდი, როგორ სძულდა ბებიაჩემს გზა ხულოდან ბეშუმამდე (ბათუმი ახალციხის გზა), რადგან ამ გზაზე სიარული სრული ექსტრიმია დღემდე.  

ბებიაჩემს თვალი სულ სანთელზე ეჭირა, რადგან შუქი როცა არ იყო, ეს იყო სინათლის უკანასკნელი წყარო.

ვიზრდებოდი და ერთადერთი, რასაც ვხედავდი იყო შრომა, ვფიქრობდი, ასეთი თავგანწირული შრომა არჩევანი იყო, რადგან ამ მოხუც ქალს ყველაზე მეტად მაინც ის ადგილი უყვარს, სადაც, გზა არ არის, არც საავადმყოფო და ხშირად არც შუქი. 

ერთხელ, ბედნიერ მზიან დღეს, მეზობლებთან რომ ლაპარაკობდა ბაბუაჩემი, სიცილით და სევდიანად თქვა: ,, უცხოეთში კაცი რომ პენსიაში გადის, მერე იწყებს ცხოვრებასო, სამოგზაუროდ დადისო და ისვენებსო“-, მეზობლებმაც ცხადია ყველაზე მოსალოდნელი პასუხი გასცეს: ,, აგერ ჩვენც ვისვენებთ ბეშუმშიო’’- ამაზე ყველას ეცინებოდა, თუმცა ყველა, რაღაც დანაკარგსა და სევდას გრძნობდა. ამ დიალოგს, ისევ ბეშუმში ვისმენდი. ეზოში ხის სკამზე ვიჯექი, თავი ხის მაგიდაზე მედო. იმ მზეს დილით რომ გამაღვიძა და ახლა კეფაში მწარედ მიმზერდა, მარცხენა ხელით ვიგერიებდი და ამ გაბლანდულ მზის სხივებში ვხედავდი მოხუცებს, რომლებიც ერთმანეთს, რაღაცით ძალიან ჰგავდნენ.

,,it was many and many a year ago, in a kingdom by the sea“_ ეს ხალხი ერთად მას შემდეგ არ მინახავს, ბევრი მარტოც აღარ მინახავს, მაგრამ მოვისმინე ამბები, მათი სევდიანი და ნაცრისფერი გარდაცვალების შესახებ, რომლებიც არაფრით არ ჰგავდა ბეშუმურ საღამოებს.

,,ღირსეული სიბერე“- სულ მესმოდა ამა ქვეყნის ,,ნორჩი“ მმართველებისგან, თუმცა ბეშუმელ მოხუცებს ის არ დაჰმართნიათ. ბეშუმის მზეს გაჰყვა სიცილნარევი ამბავი უცხოელ მოხუცებზე. ამა ქვეყნის ,,ნორჩნი“, ფიქრობენ, რომ ღირსეულია სიბერე, თუ მინიმუმ არ გცივა და არ გშია.

ბებიაჩემს ძილს ყვავილი ,,სათოვლიაც“ უტეხავდა, ახლა ვხვდები, რატომაც. ამ ნარინჯისფერმა მოგონებამ,  ის გურული ბებო გამახსენა, რომელიც ამ თოვლში, ყვავილივით მარტოა. ალბათ მასაც გაუტყდა ძილი,  ,,ღირსეული სიბერით“.

ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ავტორი: ია შანთაძე

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.