მიმართვა უფროს თაობას!

ძვირფასო უფროსო თაობავ,

ჩვენი ქვეყანა რთულ გზას გადის. თქვენ ბევრს გაუძელით, ბევრი გინახავთ, ბევრი გადაგილახავთ, მაგრამ დღეს, ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ, ახალგაზრდები, ვგრძნობთ ამ სირთულეებს ყოველდღიურად – განათლების დაბალი ხარისხი, დასაქმების პრობლემები, უთანასწორობა, ეკოლოგიური კატასტროფები…

ხშირად გვსმენია, რომ ახალგაზრდები „ცხოვრებისეულ გამოცდილებას“ მოკლებულები ვართ და ამიტომ ვერ ვხვდებით, „რეალური ცხოვრება“ როგორია. მაგრამ რეალობა სწორედ ჩვენს მხრებზე გადადის – ჩვენ მოგვიწევს იმ სისტემაში ცხოვრება, რომელიც დღეს შენდება და სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი ხმა არ დაიკარგოს.

გინდა, რაღაც გაჩვენო? გაიხედე ირგვლივ.

ნახე ცარიელი სკამები – ისინი ახალგაზრდებს ეკუთვნოდა, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ.

ნახე მშრომელი ადამიანები – ისინი წლიდან წლამდე იბრძვიან იმისთვის, რაც უკვე უნდა ჰქონოდეთ.

ახლა კი ჩაიხედე სარკეში.

შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას: „მე ამ ყველაფრის ნაწილი არ ვიქნები. მე ვიბრძოლებ!“

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც განათლება მხოლოდ ქულებია, ეკოლოგია – სლოგანი, დასაქმება – ლატარია, ხოლო სამართლიანობა – მითი.

გვაიძულებენ შევეგუოთ – „ასე იყო და ასე იქნება.“

მაგრამ ჩვენ აღარ გვინდა ასე!

ეს ყველაფერი შესაძლოა იცვლებოდეს!  გგონია, პატარა ხმა არაფერს შეცვლის?

ერთი ხმა – ბიძგია.

ათი ხმა – დიალოგია.

ასობით ხმა – მოძრაობაა.

ათასობით ხმა – რევოლუციაა.

არ ვსაუბრობ ქუჩაში გამოსვლაზე – ცვლილება იწყება სკოლაში, სოციალურ ქსელში, მეგობრებთან საუბარში, გადაწყვეტილებების მიღებაში. დაიწყე პატარა ნაბიჯებით. 

 

ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც ახალგაზრდის ხმა მნიშვნელოვანია.

სადაც პროტესტი დანაშაული კი არა, ცვლილებების დასაწყისია.

სადაც კრიტიკული აზროვნება დასჯადი კი არა, დასაფასებელია.

არასოდეს იფიქრო, რომ შენი ხმა ზედმეტია.

ერთმა ადამიანმა შეიძლება ვერ შეცვალოს სისტემა, მაგრამ ერთი ადამიანი ყოველთვის არის დასაწყისი.

ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ყველა გადაწყვეტილება ჩვენ მივიღოთ, მაგრამ გთხოვთ – მოგვისმინეთ! ჩვენ ვხედავთ პრობლემებს სხვა კუთხით, ვხედავთ შესაძლებლობებს, რომლებსაც სისტემა ანგრევს, ვგრძნობთ, რომ მომავალს ქმნიან არა ჩვენთვის, არამედ ჩვენს გარეშე.

ჩვენ არ ვართ „ზედმეტად ამბიციურები“ ან „მოუთმენლები“ – ჩვენ უბრალოდ არ გვინდა, რომ დრო დავკარგოთ. გავერთიანდეთ, ვიმსჯელოთ, ვეძებოთ გამოსავალი ერთად! ჩვენი მიზანი თქვენი შეცვლა კი არა, თქვენი გამოცდილების გაზიარებაა, რათა უკეთესი ქვეყანა შევქმნათ.

მოგვისმინეთ – ეს ჩვენი საერთო მომავალია!

ვისთან ერთად ხარ ამ ბრძოლაში? მე შენთან.

და შენ?

პატივისცემით,
ახალგაზრდა აქტივისტი

ნესტან ღორჯომელაძე

ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ავტორი: ნესტან ღორჯომელაძე

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.