
სოფელ ზუნდაგას მეჩეთი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ლაზმა მშენებლებმა უსტა ქაბაზ აჰმედმა ადგილობრივ ქაჯაიასთან, გოგიტიძესთან და თურმანიძესთან ერთად ააგეს. მეჩეთი ხის ღობითაა გარშემორტყმული და აქვს მიჰრაბი, მინბარი, ანტრესოლის მოაჯირი და გუმბათი. ზუნდაგას მეჩეთის გვერდით არის სასაფლაო მეცხრამეტე საუკუნის საფლავის ქვებით. სასაფლაოსთან ახლოსაა ქვის ფილაც ფესოთი, რომელიც სავარაუდოდ განბანვის შადრევანის ნაშთია. გარეგნულად მეჩეთი ძნელად განირჩევა ტრადიციული აჭარული საცხოვრებელი სახლიგან. ზუნდაგას მეჩეთის ინტერიერში შემორჩენილი ორნამენტები და ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშები გამორჩეული ქართული ისლამური კულტურის მემკვიდრეობას ქმნის.
სიუზან ჰერის-ბრანდტსის, ენჯელა ვილერისა და ვლადიმერ შიოშვილის მიერ დაწერილ წიგნში „აჭარის ხის მეჩეთები“-ს მიხედვით შესასვლელთან არსებულ ქვის დაფაზე ჰიჯრით 1321 წელი (გრიგორიანული კალენდრით 1903 წელი) უნდა აღნიშნავდეს საბჭოთა კავშირის დამყარებამდე, ზუნდაგას მეჩეთის ბოლო მნიშვნელოვანი განახლების თარიღს.
საბჭოთა კავშირის პერიოდში საკულტო ნაგებობები გამოიყენებოდა პრაქტიკული დანიშნულებისთვის. მსგავსი ბედი ხვდა ზუნდაგას მეჩეთსაც, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საპარიკმახეროდ იყო გადაქცეული. სარდაფის ერთ-ერთ კუთხეს კი ხის საამქროდ იყენებდნენ.
ზუნდაგას მეჩეთს ადგილობრივი მაცხოვრებლები გულმოდგინედ უვლიან და მეჩეთის რესტავრაციასაც ცდილობენ. ამჟამად, ზუნდაგას მეჩეთს არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. შესაბამისად დაცვის გარეშეა დარჩენილი, ამიტომ როდესაც მეჩეთის გადასარჩენად აუცილებელი ჩარევაა საჭირო ადგილობრივები იძულებულები არიან თავად გააკეთონ რესტავრაცია. ზუნდაგას მეჩეთის საქართველოში შემორჩენილ სხვა ხის მეჩეთებთან ერთად არის ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი.
კამპანია მიზნად ისახავს ისლამური კულტურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, რაც “ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” პროექტის ფარგლებში ხორციელდება.