ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ საციხურში არსებული ხის მეჩეთი თავდაპირველად სოფელ პაქსაძეებში ააგეს XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში. 1828 წელს მეჩეთი დაანგრიეს და დიდაჭარაში, პაქსაძეებსა და ბეღლეთში გაანაწილეს. 2002 წელს დიდაჭარაში ახალი მეჩეთი ააგეს, ხოლო ძველი ხის მეჩეთი ადგილობრივმა მრევლმა საჩუქრად სოფელ საციხურს გადასცა. სწორედ ამიტომ, დიდაჭარის მეჩეთში დაცულია საციხურის 200 წლოვანი ჯამის უნიკალური ხის ჩუქურთმიანი დეტალები არაბული წარწერებით. ისტორიული ცნობების თანახმად, პირველი შენობა რუსეთ–თურქეთის ომის დროს გენერალ ოსტენ–საკენს გადაუწვავს.
საციხურის მეჩეთს აქვს ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. მეჩეთს გარს აკრავს ხის ღობე. საციხურის ხის მეჩეთს აქვს მიჰრაბი, მინბარი, გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური კონსტრუქცია. უცნობია საციხურის მეჩეთის მშენებელის ვინაობა. ადგილობრივების თქმით, მეჩეთის მშენებლობაში მრევლის გარდა ჩართულები იყვნენ ლაზი ოსტატები. მათ შორის შემორჩენილია ერთი ლაზი მშენებლის სახელი, რომელსაც ომარი ერქვა.
ამჟამად, საციხურის მეჩეთი განახლებულია და თანამედროვე ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი აქვს. მიუხედავად ამისა, მეჩეთი წარმოადგენს ხეზე კვეთის ულამაზეს ნიმუშს.
საციხურის ხის მეჩეთი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ 2006 წლის 7 ნოემბერს საციხურის მეჩეთს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.