3 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი საციხურის ხის მეჩეთი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა. სოლიდარობის თემი მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს მუსლიმებისა და სრულიად საქართველოს.
საციხურის მეჩეთს ჰქონდა ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. ასევე, მას გააჩნდა მიჰრაბი (საკურთხეველი), მინბარი (საფეხურებიანი კათედრა), გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური კონსტრუქცია. ადგილობრივების თქმით, მეჩეთის მშენებლობაში მრევლის გარდა ჩართულები იყვნენ ლაზი ოსტატები.
საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წელს და მას დიდი ისტორიული თუ კულტურული ღირებულება ჰქონდა. ანთროპოლოგი რუსლან ბარამიძის ცნობით შენობა ყოფილი სოფელ დიდაჭარის მეჩეთი იყო. დიდაჭარის მეჩეთი 1828 წელს ლაზ ოსტატებს შეუმკიათ და დიდაჭარაში ის 2002 წლამდე იდგა. დიდაჭარაში ახალი მეჩეთის აგების შემდეგ კი ის საციხურის მოსახლეობას გადასცეს. დიდაჭარის ახალ მეჩეთში დატოვეს ძველი მეჩეთის ქურსი (ამბიონი), რაც საბედნიეროდ დღემდეა შემონახული.
ადგილობრივების ცნობით ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობებია. სოლიდარობის თემი წლებია მუშაობს ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კონსერვაციისა და პოპულარიზაციის კუთხით. 2024 წელს ექსპერტების ჩართულობით სოლიდარობის თემმა მოამზადა აჭარის 25 მეჩეთის შემსწავლელი პირველადი კვლევა, რომელშიც კონსტრუქტორმა სოსლან ლომაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მეჩეთში თავიდანაა მოსაწყობი ელექტროგაყვანილობა, თანამედროვე სტანდარტების, შესაბამისი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
ცხადია კუსტარული წესით გაყვანილი, მოძველებული ელექტროსადენების პრობლემა მხოლოდ ზემოაღნიშნული 25 მეჩეთის პრობლემა არ არის და ეს აჭარის ხის მეჩეთების საერთო გამოწვევას წარმოადგენს. მით უფრო, რომ ხის მეჩეთები ორმაგად მოწყვლადია ხანძრის მიმართ და მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
მოვუწოდებთ:
-
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუყოვნებლივ გამოყოს ბიუჯეტი და დაიწყოს აჭარის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთებში ელექტროგაყვანილობების განახლება. მათ პასუხისმგებლობას წარმოადგენს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა;
-
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დაუყოვნებლივ გამოყოს ბიუჯეტი და უზრუნველყოს აჭარის ყველა მეჩეთში ეტაპობრივად ელექტროგაყვანილობების თანამედროვე სტანდარტებით განახლება. სამმართველოს აჭარის მეჩეთები დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან;
-
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოს ფინანსები დარჩენილი ორი ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთის, ბეღლეთისა და ღორჯომის მეჩეთების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ასევე სხვა მეჩეთებში ელექტროგაყვანილობების განახლებისთვის.
არცერთი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა აღარ უნდა შეეწიროს სახელმწიფოს მხრიდან დაუდევრობას და ამ მხრივ მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურებაც.