სოლიდარობის თემი ეხმაურება პრაიდ კვირეულის გარშემო განვითარებულ პროცესებს და მიესალმება სამართალდამცავი უწყებების მზაობას უსაფრთხოების ზომებისა და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 8 ივლისის ფესტივალის ჩატარების დროს.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეებია, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველას მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება და ამავდროულად გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ წელს თბილისი პრაიდი არ ატარებს ღირსების მარშს, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგ ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები მაინც გააქტიურებულია.
საქართველოს ხელისუფლებამ აღარ უნდა დაუშვას 2021 წლის ივლისისა და წინა წლებში განვითარებული მოვლენების განმეორება, როდესაც მოძალადე ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და სხვა სამოქალაქო სექტორზე განახორციელეს თავდასხმები. საქართველო გამოირჩევა მრავალფეროვანი საზოგადოების ერთობით, რაც ჩვენი ქვეყნის ძლიერებაა. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია აღნიშნული მრავალფეროვნების დაცვა და მხარდაჭერა. იმედი გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებას.