მე ვარ ციცინო დავლაძე. 2000 წელს სამცხის ერთ პატარა სოფელში ქართველი მუსლიმების ოჯახში დავიბადე. იმ პერიოდში საშუალო ფენის ხალხისათვის სწავლა-განათლების მიღება დიდი ფუფუნება იყო, თუმცა, მშობლები, რომელთაც სოფლის ჯაფით ჰქონდათ ქანცი გაცლილი, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის, რომ მომავალი არა თოხსა და ბარზე აგვეწყო, არამედ წიგნებზე.
ჩემს სოფელში ბაღი არ იყო. სკოლაში მისვლამდე დათვლა და წერა-კითხვა ბებია-ბაბუამ მასწავლა. წიგნები ძალიან მიყვარდა, ბაბუას ისინი სხვენში ჰქონდა სიმრავლისა და უადგილობის გამო. ჩამოვიტანდი და ვფურცლავდი, მსიამოვნებდა მათი სუნი. ზოგი წიგნის სუნს თითქოს საზამთროს სუნს მივამსგავსებდი, ზოგსაც რას და ზოგსაც რას.
აბიტურიენტობის დროს, როცა ჯერ კიდევ საატესტატო გამოცდებს ვაბარებდი, ქალაქში მყოფი ხშირად ვხედავდი ბანკის თანამშრომელ გოგონებს დრესკოდში და ჩემს თავსაც წარმოვიდგენდი ამ ფორმაში. ვფიქრობდი, ავიღებ ატესტატს, ჩავაბარებ ეროვნულებს, ვისწავლი უნივერსიტეტში და ამ ყველაფრით ავისრულებ პირველ რიგში ჩემს ოცნებას და შემდეგ უდარდელად ვიცხოვრებ, რადგან მეგონა, სწავლის მიღება უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე ჩემივე პროფესიით სამსახურის პოვნა.
ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად დავიწყე მომზადება. თავდაუზოგავი შრომისა და მეცადინეობის შედეგად ჩავაბარე საატესტატო და ეროვნული გამოცდები. საბოლოოდ კი, ჩავირიცხე უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე და ეს იყო ჩემი ოცნების ასრულებასთან ყველაზე მიახლოებული ნაბიჯი.
დავიწყე სწავლა უნივერსიტეტში. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ძალიან მორწმუნე ოჯახიდან ვარ და რელიგიური კუთხითაც აქტიური ვიყავი. ვეცნობოდი ისლამის წესებს, ვკითხულობდი რელიგიურ საგანმანათლებლო წიგნებს. ბავშვობაში არაბულიც მქონდა ნასწავლი, ყურანის კითხვა რომ შემძლებოდა. ამ ყველაფერმა გამიჩინა სურვილი, ვყოფილიყავი შემდგარი პროფესიის მქონე მუსლიმი ქალი და როგორც ჩემს თავთან, ისე ღმერთთან ვყოფილიყავი მართალი.
ღმერთის სიყვარულმა და ღრმა რწმენამ მაპოვნინა სიმშვიდე და თავისუფლება ისლამურ ტანისამოსში და ვიგრძენი საკუთარ თავთან როგორ ჰარმონიულად ვიყავი. თავიდან მეშინოდა ხალხში გამოჩენის, რადგან მიუღებლობის, გარიყვის, დაცინვის შიში მქონდა. შემდეგ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა და მახსოვს, თავსაფრის დაფარების შემდეგ პირველი ხალხმრავალი ადგილი, სადაც წავედი, უნივერსიტეტი იყო. გზაში ვფიქრობდი მეგობრებზე და მათ რეაქციებზე. მისულს გზად შემხვდა თანაკურსელი, რომელმაც უბრალოდ დანახვისთანავე თავი ამარიდა. მეც არ შევიმჩნიე, თითქოს საკუთარ თავს ვუმალავდი ამ ყველაფერს. შემდეგ აუდიტორიაში შესულს დამხვდა მეორე თანაკურსელი, რომელმაც გაოცებულმა დამიძახა „ციციი შენ ხაარ? ვაა, რამაგრად გიხდება გოგო, რა ლამაზი ხარ“. ჯგუფში ერთადერთი მუსლიმი გოგო ვიყავი და რეალურად ყველასგან შიში მქონდა, რომ ვერ გამიგებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და იმ წუთიდან მივხვდი, რომ იყვნენ ადამიანები, ვისაც მოვეწონებოდი და მიმიღებდნენ და, პირიქით, ვისაც არ მოვეწონებოდი და დამაიგნორებდნენ. ამის გააზრებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა და ახლა უკვე ჩემი თავის საუკეთესო ვერსიამ დავიწყე სწავლასთან ერთად ჩემი უფლებების როგორც სწავლა, ისე მათი საშუალებით საკუთარი თავის დაცვა.
რა თქმა უნდა, საწყისი მიზანი ამ ყველაფრის შემდეგ არ შეცვლილა და ისევ ვცდილობდი მესწავლა კარგად, რომ პროფესიული თვალსაზრისით ვყოფილიყავი კომპეტენტური პიროვნება, ვინც მომავალ წლებში შეძლებდა სამსახურის დაწყებას. უნივერსიტეტში სწავლისას, როგორც ყველა სტუდენტმა, მეც გადავწყვიტე ჯიბის ფულისთვის და რაღაც პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად მშობლებისგან დამოუკიდებლად მქონოდა შემოსავალი და დამეწყო მუშაობა. პირველად სამსახურებრივ გასაუბრებაზე ბაკალავრის მეორე კურსზე ერთ-ერთ ბანკში მეგობართან ერთად მივედი. ორივე ერთ პოზიციაზე – სტაჟირებაზე გავესაუბრეთ. დამსაქმებელი წამოსვლიდან მეორე დღეს დაუკავშირდა მას, მე არა. გული დამწყდა, რადგან ერთნაირი განათლებით ვიყავით და მეც ველოდებოდი, რომ ამიყვანდნენ. ეს შემთხვევა ბედისწერას დავაბრალე და ვიფიქრე, სწავლის დასრულებამდე ჯიბის ფულისთვის ქსელურ მაღაზიაში ვიმუშავებდი, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ მივხედავდი კარიერულ წინსვლას მაგრამ აქაც ამაოდ.
მენეჯერმა, რომელსაც გავესაუბრე მომთხოვა სამუშაო საათებში მომეხადა თავსაფარი და იმ ზღრუბლს როცა გადმოვცდებოდი, როგორც მსურდა ისე შევმოსილიყავი. თავი ძალიან დამცირებულად, შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მახსოვს, უკანა გზაზე იმედგაცრუებული, უიმედოდ როგორ ვბრუნდებოდი სახლში აცრემლიანებული თვალებით. მაგრამ არ გავჩერებულვარ, სწავლას მაინც ვაგრძელებდი იმის იმედად, რომ სოციუმი რომელიც გვრიყავს, ჩვენ თავსაფრიან ქალებს, ერთ დროს შეიცვლება და სხვების მსგავსად იმ სფეროში დავსაქმდებით, სადაც გვინდა, იმის მიუხედავად, რა გვაცვია და გვახურავს. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო. ბოლოს, გასაუბრებაზე ბაკალავრის ხარისხის დასრულების შემდეგ ისევე საბანკო სფეროში გავიარე და, ასევე, კრახით დასრულდა მხოლოდ იგივე მიზეზით.
მე ციცინო დავლაძე ვარ და ჩემი თანაკურსელები დასაქმებულები არიან იმ პოზიციებზე, რაზეც მათ სურდათ. მე კიდევ ვზივარ და ვწერ ტექსტს თქვენთვის, რომ მოგაწვდინოთ ხმა – არა მარტო ჩემი, ასევე იმ მუსლიმი თავსაფრიანი გოგონების, ვინც დიპლომით ხელში სხვადასხვა სფეროში კარგი განათლების მიუხედავად სხედან სახლში და ელიან სამართლიანობას, რომ საქართველოში გათენდება დღე, როცა გასაუბრებაზე მისულს დააინტერესებთ ჩვენი განათლება და არა თმის ფერი. მე ახლახან ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ სასწავლებელში ფინანსური სერვისების ფაკულტეტზე. ძალიან ამაყი ვარ ამით და ამის შემდეგაც არ ვაპირებ გაჩერებას. ყველაფერს შევძლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ განათლებული ადამიანი შეფასდეს არა სამოსით, არამედ ცოდნითა და უნარებით, რაც ადამიანის სარკეა.