ერთი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ მეტარებინა ჰიჯაბი. გადავწყვიტე რეალობად მექცია სურვილი, რომელზეც ბევრს ვფიქრობდი. დიახ, ბევრს ვფიქრობდი, რადგან ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც დღესაც არსებობს საზოგადოებათა ჯგუფი, რომლისთვისაც ისლამი, მუსლიმი და მითუმეტეს თავსაფრის მატარებელი მუსლიმი გოგონები კრიტიკის ობიექტები არიან. მსმენია რამდენიმე თავსაფრიანი ქალის ისტორია, რომელთაც საზოგადოებისგან მიუღიათ კრიტიკა, არასასიამოვნო და ირონიული კომენტარები. ამიტომ, ვიცოდი, რომ როცა ამ ნაბიჯს გადავდგამდი ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვყოფილიყავი, რადგან მსგავს სიტუაციაში მეც შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი. ჩემს გადაწყვეტილებას ჩემმა ოჯახმა და ძვირფასმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი, რამაც მომცა იმედი და ძალა. შესაბამისად მზად ვიყავი ამ ნაბიჯის გადასადგმელად.
სოციალურ ქსელში ხშირად მხვდება კომენტარები, რომელშიც თავსაფრიანი გოგონების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, აკეთებენ უსიამოვნო შედარებებს და აფიქსირებენ აზრს, რომელიც სრულიად აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თავსაფრიანი მუსლიმი გოგონები ვიღაცის სურვილს შეწირული ადამიანები არიან. საზოგადოება ხშირად ეროვნებას უსვამს ხაზს და მუსლიმებს ხშირად „თურქებად“ მოგვიხსენიებენ. იმედი მაქვს მალე მივალთ იმ ცნობიერებამდე, რომ მივხვდებით – რელიგია არ განსაზღვრავს ჩვენს ეროვნებას.
ხშირად დაჟინებული მზერით გაგრძნობინებენ, რომ მათთვის მიუღებელი ხარ . როდესაც თავსაფრით მხედავენ მეკითხებიან მსგავსი შინაარსის მქონე კითხვებს: გათხოვილი ხარ და მაგიტომ გახურავს? დედაც თავსაფარს ატარებს და შენც ამიტომ დაიფარე? ოჯახის გამო გაფარია? რატომღაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია ან არ უნდათ გაიგონ, რომ შესაძლოა რაღაცას იმიტომ აკეთებდე, რომ თავად გსურს, იმიტომ აკეთებდე, რომ გულით გინდა და გწამს. იმიტომ აკეთებდე, რომ შენი ცხოვრებაა და თავად განკარგავ მას და ნაბიჯს ვინმეს გამო კი არა საკუთარი თავისთვის დგამ.
ამის გარდა, უფრო გასაოცარია, როცა მუსლიმისგან გესმის მსგავსი სახის შეკითხვები. მახსოვს ერთხელ მითხრეს “ შეგცივდა თუ შენი სოფლის ტრადიციას მიყვები და მაგიტომ გაფარია?!“, ( ჩემს სოფელში ბევრი მორწმუნე ადამიანი და ბევრი თავსაფრის მატარებელი გოგონაც ცხოვრობს). ჩემი პასუხი იყო მხოლოდ „მუსლიმი ვარ“ . მაშინ ვიფიქრე, რომ როცა მუსლიმისგან გრძნობ მსგავს დამოკიდებულებას და მისთვის ეჭვქვეშაა თავსაფრის ტარების აუცილებლობა რელიგიის გამო და არა ვინმეს ან რამე სხვის გამო, სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისგან რაღა უნდა გაგიკვირდეს მეთქი.
თავსაფარს სწორედ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდგომი პერიოდიდან ვატარებ. უნივერსიტეტში შემოსვლის დღიდან დღემდე არასდროს მიგრძნია არც სტუდენტებისა და არც ლექტორების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება.
მუშაობის საკითხიც ერთ-ერთ პრობლემურ საკითხთაგანია თავსაფრიანი გოგონებისთვის. სამსახურის შოვნა მეტად პრობლემური აღმოჩნდა ჩემთვის. რამდენიმე გასაუბრებაზე პირდაპირ უთქვამთ, რომ ასეთი ფორმით ვერ დამაწყებინებდნენ მუშაობას, ზოგის თქმით პრობლემას არ წარმოადგენდა თავსაფარი მათთვის, მაგრამ ხალხს ექნებოდა არაადეკვატური დამოკიდებულება და ამის გამო იყო უარი.
საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ მე ვარ ქართველი ჰიჯაბის მატარებელი მუსლიმი გოგონა, რომელსაც იგივე უფლებები და იგივე მოვალეობები აქვს, რაც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს. ყველას გვაქვს არჩევანის უფლება. ჰიჯაბი ჩემი თავისუფალი არჩევანია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ არ ვთქვი უარი საკუთარ სურვილზე იმის გამო, რომ შესაძლებელია ვიღაცისთვის მიუღებელი ვყოფილიყავი.
ავტორი – დიანა აბულაძე