არჩევანის თანავარსკვლავედი

ჩვიდმეტ წლამდე დედამიწაზე კუნტრუში გაცილებით ბუმბულისებრი და მეტად დარდგამტარი  იყო, ვიდრე თვრამეტის შემთხვევაში. სრულწლოვნების თანმდევ პასუხისმგებლობებს საკუთარი თავის, როგორც მოქალაქის აღქმაც ემატება. კენგურუს ჩანთიდან ამოძრომის და ირგვლივ მიმოხედვის დრო დგება. უფრო თამამად გიხარია, ბრაზდები, მოგწონს, გამოხატავ, რადგან შენვე შეგაქვს შენი წვლილი ამ ყველაფერში – ფერთაცვლის სეზონზე, ოქტომბრის თვეში. 

თავისუფლება არის იმ გალიის გასაღები, რომელიც გათავისუფლებს და სამყაროს სხვა თვალით განახებს. შენში აღვივებს ძალას, სურვილს და მიზანს, გახდე დამოუკიდებელი. ეს სამი რამ კი ქმნის საღად მოაზროვნე ინდივიდს. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დეფინიციის გათავისება და შეგრძნების დონემდე დაყვანა ადამიანში შობს მეტამორფოზის მარცვლებს.           

   დამოუკიდებლად ყოფნის განცდას შესწევს ძალა, მოერიოს ადამიანში ყველაზე დიდ ემოციას – შიშს. მთავარია არ დაგვავიწყდეს, ან თუ დაგვავიწყდება მალევე გაგვახსენდეს,  ,,ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად’’. ჩვენ ილიას შვილები ვართ, სკოლის ჰაერის პირველივე ჩასუნთქვიდან, ის იყო ჩვენი დიადი მასწავლებელი. გონებას რომ უნდა გადავულოცოთ კომპასი და მუშტ-კრივული აზროვნება თაროზე შემოვალაგოთ, სწორედ მისგან დატოვებული მარცვლებია. Გონების რუკას საზღვრების დაწესებით ვამახინჯებთ. დაე, გამოცადოს, ჩაერთოს,  დაინახოს, მოისმინოს, გაკვალოს და თავად გადაწყვიტოს. 

   ბაბუა ძილის  წინ მიყვებოდა ზღაპრებს მეფეებზე, სადაც ქვეყნის ლიდერს თუთიყუში ირჩევდა. იფრენდა, იფრენდა და დაღლილობისგან მისი თათები, რომელ მხარსაც აირჩევდა, ის ხდებოდა მმართველი. ახლა, როცა ერთი წლით გავიზარდე და წელს ჩემი პირველი არჩევანია, ამაზე ფიქრიც  კი გულს მიფორიაქებს და  პასუხისმგებლობის

გვირგვინს მადგამს. რამდენად აღმაფრთოვანებელი პროცესია, არჩევანი – როცა ის გულწრფელი და შედეგიანია. ყველა მოქალაქის სანუკვარ მისიად მიმაჩნია არჩევანის გაკეთება, რადგან ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ საკითხში დედამიწელები, აქაც ერთმანეთის გულიდან და გონებიდან თითებში ჩატანილი ძალა და წრის გაფერადება განსაზღვრავს ცვლილებებისკენ მიმავალი გზის მიმართულებას.  

   ხშირად მეფიქრებოდა, ის თუთიყუში რომ ვყოფილიყავი და შემთხვევით

შეუფერებელი მხარი ამერჩია რა მოხდებოდა, მაგრამ წამსვე იღებოდა თავშესაფრის კარი, სადაც თავს ვაფარებდი თავსხმაში, იდეით – არჩევანის გაუკეთებლობაც არჩევანია. პასუხისმგებლობის დუმილში გადაცვლას ზოგ შემთხვევაში მძიმე შედეგების გამოღება ძალუძს. ამ კონკრეტული მოვლენის ირგვლივ ვტრიალებ, სხვა შემთხვევაში კი დუმილიც ჰაერის ნაწილია. მეც, ჭრელ ბუმბულში აღელვებულს, გულს ამით ვიმშვიდებდი და მაინც მინდებოდა თუთიყურშობა.  

ბაბუაჩემი, რომელიც დიდი ალბათობით ახლა  ქრონიკას უყურებს და მისი მიამიტი გულით ისიც კი სჯერა, რომ ერთ დღეს სტალინი წამოდგება და ყავას ერთად დალევენ, ჩიბუხითურთ, დარწმუნებული ვარ არ მიწყენს, ისევ მისი აზრებიდან აღმოცენებული ხის ნაყოფი, რომ ჩავკბიჩო  და გითხრათ, არ არსებობს იმაზე დიდი ძალა, როგორიცაა ერთიანობის სამარადჟამო მადლი. ეული ბროწეები თუ არ ვიქნებით და ზოგჯერ ბროწეულობას შევითავსებთ, ყველა ვატერლოოს მარშმელოუსავით გადავსანსლავთ.  კვანძის გახსნა რომ შეგეძლოს, რაღაც-რაღაცები ნანახ-გავლილ-გამოცდილი უნდა გქონდეს, თუმცა სასწაულებრივად კვანძს კიდევ ხსნის ერთი დიდებული ფენომენი და მას “ერთმანეთურობას” დავარქმევდი. აზრის გაჟღერებას თავისი მაგიური ძალა აქვს, ის რაკეტისებური სისწრაფით გადადის ირგვლივმყოფებში და უზრუნველყოფს ნაჭუჭს შიგნით არავის დარჩენილობას, ინერციულად იხილება თვალები. სპილოსტროფაში თუ არ გვინდა ყოფა, კატების უარყოფისგან თავის შეკავება მოგვიწევს, დროებით მაინც. 

გნებავთ მიამიტობაში ჩამითვალეთ ან ზღაპრებში ჩამხრჩვალი მიწოდეთ, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ… არცერთი ქვეყანა იმაზე მეტად არ იმსახურებს მზის სხივებს და გამოქვაბულიდან, ჩრდილების სამყაროდან გამოსვლას, როგორც ნამცეცი საქართველო. ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი იქცა ხელმოუწერელ ბრძოლად. დიდი

თუ პატარა ამ მიზნით ცხოვრობს. თაობები მემკვიდრეობით გადასცემენ ერთმანეთს ამ სანუკვარ ნატვრას. ბავშვები თავის ფერად წლებს, თამაშის ნაცვლად, მშობლების მხრებზე შემოსკუპებულნი, აქციაზე, დროშის ფრიალში ატარებენ. მოხუცები ხელჯოხით ხელში მზად არიან წინა რიგებში იდგნენ ჩვენთან ერთად. მოქალაქეები დამღლელი დღის შემდეგ მიდიან აქციაზე და არა სახლში. ადამიანები თავის სუპერძალებს უანგაროდ აფრქვევენ ერთმანეთის

დასახმარებლად. ამ მაგიურ, ერთობლივ ძალისხმევას, ვერცერთი ჯადოქარი ვერ წაგვართმევს, რადგან ობელიქსის მსგავსად, პატარაობიდანვე, ამ ჯადოსნური ძალების დიდ ქვაბში ჩავვარდით. ცვლილებები იწყება კრიტიკული აზრის აღმოცენებით, ჰოდა, ავუშვათ გონებას სადავეები, რომ ,,გაკრიტიკდეს’’, ირგვლივ მიმოიხედოს, დაფიქრდ-ჩაფიქრდეს და წავიდეს არჩევანის გასაკეთებლად.

ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ავტორი: ზულეიდა წულუკიძე

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.