საარჩევნო პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანია ყოველი პოლიტიკური პარტიისთვის და არა მარტო პარტიათათვის, არამედ ამომრჩეველთათვისაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები, როგორც გარდამტეხი პერიოდი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ყოველი საარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს თავს იყრის უკვე შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები, კმაყოფილი და უკმაყოფილო მოსახლეობისა თუ პარტიის, როგორც ხალხის ,,ნდობით” აღჭურვილ პირთა გაერთიანების საქმიანობა.
მაშ, ისმის კითხვა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს სტუდენტთა ჩართულობას, მონაწილეობას არჩევნებში? -პირველ რიგში თითოეული ადამიანის ჩართულობაა აუცილებელი და ამავდროულად სამოქალაქო ვალდებულებაცაა იგი. გარდა ამისა, სტუდენტი უკვე კარგად იაზრებს არსებულ ვითარებას, მას უკავშირებს მომავალ პროფესიას და ხშირ შემთხვევაში სწორედ ქვეყანაში არსებული რეალობა ეხმარება სწორი ნაბიჯების გადადგმაში.
აბიტურიენტთა უმრავლესობაში თავს იჩენს გაურკვევლობა სამომავლო პროფესიის არჩევისას, ხოლო უკვე სტუდენტობის დროს ის სპეციალობა, რომლის გარშემოც აგრძელებს სწავლას, შეიძლება კვლავ აჩენდეს კითხვას თუ რამდენად საინტერესო და პერსპექტიულია მისთვის ეს სპეციალობა ან საერთოდ მრავალი პრობლემა შეიძლება შეექმნას დაწყებული საუნივერსიტეტო გადასახადებიდან, დასრულებული საცხოვრებლის არ ქონით. ასეთ დროს, სწორედ, რომ გადამწყვეტია პოლიტიკური პარტიების ჩართულობა, რადგან შეიძლება წამოვიდეს დაპირებები, რომელთა ჩამონათვალშიც აუცილებლად იქნება რომელიმე ამ პრობლემათაგან. სწავლისა და სამუშაოს პარალელური რეჟიმით შეთავსება კი სტუდენტს იმდენად ურთულდება და იმდენ პრობლემას უქმნის მოგვარების ნაცვლად, რომ სტუდენტი უკვე ენდობა ასეთ პოლიტიკურ პირს და ხსნის იმედით ირჩევს მას. კიდევ მრავალი პრობლემაა, რომლითაც შესაძლებელია სტუდენტის ნდობა დაიმსახურო, მათ შორისაა დასაქმების პერსპექტივა, რადგან ძალიან ბევრი კურსდამთავრებული მუშაობას იწყებს სულ სხვა სფეროში. აქვე უნდა ვახსენოთ მეორე მხარე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი სტუდენტების ჩართულობა არჩევნებში, რადგან ისინი წარმოადგენენ ქვეყნის ძლიერ ძალას განათლების მხრივ და მათივე ძალისხმევითაა შესაძლებელი უამრავი პრობლემაზე სწორი რეაგირება და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენება.
ამგვარად, სტუდენტი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირია, ვინც დიდ როლს თამაშობს როგორც პოლიტიკური სივრცეში, ასევე ქვეყნის განვითარებაშიც.
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ავტორი: ანონიმური
ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.