გამარჯობა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობავ!
დარწმუნებული ვარ, ახლა თქვენ/ჩვენ ყველა ერთად, ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ისტორია სხვაგვარად წარიმართა და სულ სხვა წყობის ქვეყანაში მოგიწიათ გაღვიძება.
ამ წერილს როცა ვწერ, სტუდენტი ვარ. ირონიულია – ჩემი სტუდენტობა პანდემიით დაიწყო და რეპრესიებით სრულდება. ასეთია რეალობა. იცით? როცა სკოლაში ვსწავლობდი 9 აპრილისა და სხვა ერთობის დღეებს, ერთდროულად ბრაზი და სიამაყე მეუფლებოდა. მაშინ მეგონა, რომ ყველა ერთიანად იდგა ქვეყნის დასაცავად, დიდები და პატარები, ბებია და ბაბუა, სტუდენტი და პედაგოგი. გულწრფელად ვაღიარებ, რომ იმ დროს დიდი ცოდნა არ მქონდა და მხოლოდ იმას ვჯერდებოდი, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ. მჯეროდა, რომ საშიშროება მხოლოდ რუსის მხრიდან მოდიოდა, და არა ქართველებისგან.
ფაქტი ფაქტად რჩებოდა – მე და დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემნაირი, თამამად შლიდა ფურცლებს და დაღუპულთა გვარებს კითხულობდა იმ დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომელიც გმირების სიცოცხლის ხარჯზე გადარჩა.
მასწავლებლები, როდესაც ამ ისტორიებს გვიამბობდნენ, ყოველთვის სიამაყით, ქართული მედიდურობით საუბრობდნენ. ხაზს უსვამდნენ იმ მრავალფეროვნებას, რაც მაშინ გვაერთიანებდა: სხვადასხვა რწმენის, შეხედულების, წარმომავლობის ხალხი ერთი მიზნისთვის იბრძოდა.
ბავშვური გულწრფელობით მჯეროდა, რომ მსგავსი პერიოდის გავლა მე და ჩემს თაობას არ მოგვიწევდა. ან თუ მოგვიწევდა, ჩემი მასწავლებლებიც ჩემთან ერთად იქნებოდნენ, ახალგაზრდებთან, თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად.
ჩემო შვილებო, მინდა იცოდეთ, სულ სხვაა, როცა ისტორიის შესახებ კითხულობ და სულ სხვა, როცა თვითონ ერთვები ამ ბრძოლაში. გრძნობ უდიდეს უსამართლობას და ბრაზს, როცა არჩევნებს გართმევენ, შენს მეგობრებს სცემენ და აკავებენ, როცა იცი, რომ სამართალს ვერ მიაღწევ, იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც მომავალს გვინადგურებს.
ამ დროს კი, როცა იბრძვი, ყველაზე მეტად გწყინს და ბრაზდები იმ მასწავლებლებზე, რომლებსაც რეალობის დანახვა არ უნდათ და მხარში არ გიდგანან, გლანძღავენ და იყიდებიან, ფულზე იყიდებიან. არადა ერთ დროს როგორ თვალებანთებული გიკითხავდნენ მორალს და როგორ აძაგებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს შიგნიდან სტეხდნენ. ალბათ ისინიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ საქართველოში იგივე ჟამი კვლავ დაბრუნდებოდა.
ჩემო შვილებო და შვილიშვილებო, იცოდეთ, ღმერთის მადლიერი ვარ, იმიტომ, რომ 21 წლის ასაკში გადამაფასებინა ღირებულებები. ვიყავი „აპოლიტიკური“ და ვისწავლე, რომ პოლიტიკური უნდა ვიყო და ვიბრძოლო ჯერ ჩემთვის, ჩემი მომავლისთვის, შემდეგ თქვენი მომავლისთვის და თუ ვიბრძოლებთ ისე, როგორც შეგვიძლია, ეს ბრძოლა შექმნის უკეთეს თაობას. ზუსტად ვიცი ამით არ დასრულდება, 30-40 წელიწადში ისევ მოგვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვისა და ერთიანობისთვის, თუმცა ერთს გთხოვთ, არ დაუშვათ ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის შეცდომა და მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში კი არა, ყოველდღიურობაში თითო მარცვალი ჩადეთ დამოუკიდებელი და უკეთესი საქართველოს შენებაში. გაბრაზდებით და საშინლად გეწყინებათ უფროსი თაობის, რომლებიც მხარს არ დაგიჭერენ, მეგობრების, რომლებიც მარტო გიშვებენ საფრთხის შემცველ გამზირზე, გეწყინებათ და გაბრაზდებით ყველა იმ ადამიანზე ვინც არ იბრძვის თქვენი ქვეყნისთვის, თუმცა იცოდეთ ეკრანთან ჯდომას და სინდისის ქენჯვნას, ყოველთვის ჯობია იყოთ იქ, სადაც დგანან სხვები, ქვეყნის გული, ჯანსაღი და ფერადი ნაწილი.
შვილებო! ის ადამიანები რომლებიც სდუმან , არ განსაჯოთ, არც ძალიან გაბრაზდეთ მათზე, იბრძოლეთ მათთვისაც, საკუთარი თავებისთვისაც, ჩვენი ქვეყნისთვისაც და ყველაზე ღირებული თქვენს უკან მდგომი მომავალი თაობისთვისაც. იცოდეთ, არ არის აუცილებელი საზოგადოებაში მაღალი სტატუსი გქონდეთ მოპოვებული, რომ რეალობა დაინახოთ და ქვეყანას მხარში დაუდგეთ, თუმცა აუცილებელია განათლება, რომ ვერ დაგიმონონ, რომ ყოველთვის ნათლად დაინახოთ საითაა რეალობა გადაწეული. არასდროს იყოთ „აპოლიტიკურები“ საერთოდაც დაივიწყეთ ეს სიტყვა, იცოდეთ, სწორედ პოლიტიკა წყვეტს თქვენ ბედს, ამიტომ ყველა ასაკში ჩაერთეთ მასში და არავის მისცეთ უფლება, საქართველო წაგართვას.
ავტორი: ამრა
