იცით რას ვფიქრობდი ამაზე? იმას რომ ყოველთვის ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია, იმას, რომ სამყარო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში არ არსებობს. ჩემი სამყარო მილიარდ ფერშია, ჩემს სამყაროში იმდენი ფერია რამდენი არსებაც არსებობს დედამიწაზე და იმდენი სიფერადე რამდენი ადამიანიც დააბიჯებს მიწაზე. მახსოვს როგორ ვძვრებოდი ჩუმად სახლის სახურავზე და როგორ ვიწყებდი მარტო ფიქრს მთებსა და ხეებს შორის, გულაფრიალებული და სულმოუთქმელი ვუსმენდი საკუთარ ფიქრებს და მუდამ მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ადამიანს ყოველგვარი საზღვრის გარეშე გააჩნია მიმღებლობა, სადაც არ აინტერესებთ გენდერი, რასა, ორიენტაცია და სხვა. ინკლუზიური საზოგადოების არსებობა ჩემთვის ისეთივე იყო, როგორიც ჯადოსნური სამყაროს არსებობა, თითქოს სადღაც მიუღწეველში, მხოლოდ ჩემს ილუზიებსა და წარმოსახვაში სუნთქავდა, რადგან ჩემს გარშემო მუდამ იყო ის ჩაკეტილი/პატრიარქალური საზოგადოება, რომელშიც ადამიანებს როლი განსაზღვრული ჰქონდათ. თითქოს ფილმში ვიყავი სადაც ექსპერიმენტალური მეთოდებით ადამიანების ერთ დიდ ბრბოდ გადაქცევა სურდათ. რთულია უყურებდე შენს გარშემო სიფერადეს და ხედავდე როგორ ერევა ამ ფერად და ბრჭყვიალა საზოგადოებას შავი, დაბურული და გაუმჭვირვალე შეხედულებები. ადამიანს ქმნის თავისი ინდივიდუალიზმი, თავისი განსხვავებულობა და თუ მის განსხვავებულობას ჩავკლავთ, მაშ რა დარჩება მისგან? სხეული სულის გარეშე. რა მოხდება, რომ ბავშვს თავისი სამყაროსებული აღქმა არ გავუუბედუროთ? რა მოხდება თუ რელიგიას თვითონვე აირჩევს მაშინ, როცა თავს იგრძნობს მზად, მაშინ როცა ეს თავისი გულწრფელი რწმენითა და სულისკვეთებით იქნება გაჟღენთილი, ან თუნდაც რა მოხდება თუ საზოგადოება იქნება მიმღებლობით აღსავსე? რა მოხდება თუ თანაბრობა კი არა თანასწორობა დაისადგურებს ადამიანებს შორის? ის რომ ჩვენი პატარა ისტორია იქნება იმ უსასრულო იდეალის ნაწილი, სადაც მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ფარფატი ყველა სხვა სიბნელეს გადაფარავს.
ბლოგის ავტორი: მარი გობაძე, “სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩების” პროექტის მონაწილე