ცხოვრებასა და მის თანმხლებ ჯარზე ვის არ უსაუბრია, ეს კი ერთი ძალიან ჩვეულებრივი მარაბუს ნააზრევია. თუ აქამდე არ გსმენიათ, მარაბუ აფრიკელი ფრინველია, რომელიც არაფერს გაგიცვლით სითბოს სანაცვლოდ.
მარაბუს ჰგონია, რომ ადამიანებს ბევრად უფრო მეტი სათქმელი აქვთ, ვიდრე ზედაპირზე ჩანს ხოლმე. და თუ რა, ამას ახლავე მოგიყვებათ.
წარმოიდგინეთ, რომ გარკვეული ტიპის იარლიყის ტარება გიწევთ. აი, მაგალითად; ხართ მარტოხელა დედა, დეპორტირებული ქალი, ქვრივი მამა ან თუნდაც მილიონერის შვილი. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია რჩევა–დარიგების მიცემა. თუმცა, როცა საკუთარ თავს აყენებ ამ როლში, სხვანაირად ამართლებ ან სჯი. მე რომ ასე მქონოდა.. მე რომ ასე მექნა.. ყოველდღიურად ადამიანები უამრავ გამოწვევას აწყდებით. დღის განმავლობაში ხვდებით სხვადასხვა ადამიანს, მაგრამ არ იცით, რა დგას მათ უკან. ამის გამო, მარტივად შეგიძლიათ გააკრიტიკოთ დედა, რომელიც საჯარო სივრცეში ძუძუთი კვებავს თავის შვილს; ქალი, რომელიც დეპორტირებულია და შეიძლება „უზნეო“ ქცევაში დაადანაშაულოთ; ქვრივი მამა, რომელსაც შეუყვარდა; ან მილიონერის შვილი, რომლის დაუკმაყოფილებელი სურვილები თქვენში გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ რატომ გაბრაზებთ ეს ყველაფერი, როდესაც, სინამდვილეში, არ გაქვთ ამის უფლება? იქნებ იმიტომ, რომ ეს თავისუფლება და მრავალფეროვნება თავადვე გაშინებთ?თუ ასეა, მგონი, თქვენთვისაც მაქვს რაღაც სათქმელი: შესაძლოა სამყაროში ყველა ადამიანი თავად ხარ. ვიცი, სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ვინ იცის, იქნებ გამოცდილი გაქვს ყველა იარლიყი, ყველა სიტუაცია და თავს აღარ გრძნობ სხვანაირად. თუ ჯერ კიდევ მომყვები, ამასაც ჩაგჩურჩულებ: don’t be so hard on yourself, we all are the same–I am you and vice versa.
მარაბუს გულით სწადია გითხრათ, რომ ცხოვრების გარკვეული ფაზა არ განგსაზღვრავთ თქვენ– თქვენ პიროვნებას. ბევრად მეტი ხართ, ვიდრე რუტინული იარლიყები.
სხვაფრივ კი მშვიდობით ბრძანდებოდეთ.. გისურვებთ, რომ გეპოვოთ საკუთარ თავში იმ სიძლიერის სითბო, რომლის გაცვლა არ მოგინდებათ და შემოგეხვიოთ ბუმბული, რომელიც ასეთი ჰაეროვანი და მფარველია.
ბლოგის ავტორი: ლიზი კაკაბაძე, “სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩების” პროექტის მონაწილე