კაცობრიობის განვითარება უძველესი დროიდან იღებს სათავეს, უკვე ქვის ხანიდანვე ჩაეყარა საფუძველი საზოგადოების სწრაფვას წინსვლისკენ და დღემდე პროგრესის გზაზე ვართ. ყველა ეპოქაში მწვავედ განიხილებოდა საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლი. გენდერული, იგივე სქესობრივი თანასწორობა, გულისხმობს, სქესის მიუხედავად, უფლებებისა თუ მოვალეობების თანაბარ განაწილებას. ზემოხსენებული პრობლემა მუდამ იყო ყურადღების ცენტრში და აქტუალურობას არც 21-ე საუკუნეში კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს განვითარება პროგრესის უმაღლეს საფეხურზეა, გენდერული ბალანსი ისევ დარღვეულია. ტრადიციულ ქვეყნებში მიუღებელია სქესთა შორის თანაბარუფლებიანობა, მიაჩნიათ, რომ ქალი სუსტია, არ შეუძლია მართვა, ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს და ყველაფერს მამაკაცი წყვეტს. ჩემი აზრით, ეს მოსაზრება მცდარია, ის არ შეესაბამება რეალობას, რადგან ადამიანი შეიძლება პიროვნულად იყოს ძლიერი ან სუსტი და ამას არანაირად არ განსაზღვრავს გენდერი.
მარტივია, ყველაფერი ტრადიციას დააბრალო და თქვა: ქალის საქმე სახლის საქმეები და შვილების აღზრდაა, მამაკაცის კი – ოჯახის უზრუნველყოფა. მამაკაცები ტრადიციით ამართლებენ თავიანთ პოზიციას, მათ უჭირთ ან არ სურთ ქალების სიძლიერისა და დამოუკიდებლობის დანახვა, ჰგონიათ, რომ თუ ამას აღიარებენ, ამით საკუთარ როლსა და ადგილს ოჯახსა თუ, ზოგადად – საზოგადოებაში, დააკნინებენ. საზოგადოების იმ ნაწილის აზრით, რომელსაც მსგავსი დამოკიდებულება გააჩნია გენდერული თანასწორობის პრობლემისადმი, გაუმართლებელია ქალის სწრაფვა კარიერული წინსვლისკენ. მათი უმთავრესი არგუმენტია: დასაქმებულ, საზოგადოებრივად აქტიურ ქალს უკვე აღარ ეცლება ოჯახისა და შვილებისთვის. აუცილებელია, რომ ოჯახი პრიორიტეტული იყოს. კარიერა ან ოჯახი – ასეთი ალტერნატივის წინაშე აყენებს ძალიან ბევრი ოჯახი ქალს. ვფიქრობ, დაუშვებელია მსგავსი კატეგორიულობა, რადგან, როგორც თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლისა და ადგილის შესწავლა გვიჩვენებს, ქალებმა ბრწყინვალედ შეძლეს ამ ორი სფეროს დაბალანსება, ისინი კარგი მეუღლეები, მზრუნველი დედები და, იმავდროულად, წარმატებული საქმიანი ადამიანები არიან. რა თქმა უნდა, ოჯახი ყველა ადამიანისთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს და, ვფიქრობ, აქ სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, გენდერული უთანასწორობის წამხალისებელი ისევ ქალები არიან. თანასწორობაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით რელიგიურ უმცირესობაში მყოფ ქალებს, რომლებსაც უწევთ დაამტკიცონ, რომ ისინი ამ საზოგადოების ნაწილი არიან. რელიგიურ უმცირესობაში მოვიაზრებ თავსაფრიან ქალებს, რომლებიც ეთნიკურად ქართველები- რელიგიურად კი ისლამის მიმდევრები არიან. ეთნიკურად ქართველობა იმიტომ გამოვკვეთე, რომ ქართული საზოგადოება ვერ აკავშირებს საქართველოს მოქალაქეს და ისლამს ერთმანეთთან-ქართველი- მაშასადამე ქრისტიანი. ეს აზრი ალბათ მოდის იმ პერიოდიდან, როცა აჭარა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. რახან შემდგომ აჭარა შემოუერთდა საქართველოს, საზოგადოება თვლის, რომ ეს ხალხი უნდა მოინათლოს ქრისტიანულად. ამის ნათელი მაგალითია ზვიად გამსახურდია და მისი წინადადება: ,,აჭარლებო თქვენც ქართველები ხართ!“ ამ წინადადებამ გაანაწყენა აჭარის მოსახლეობა. აჭარელი ხალხი მუდამ იყო, არის და იქნება ქართველი, ,,ც’’-ს გარეშე. ამ ამბავს შეესწრო ბატონი ზვიადის მეგობარი და უნიჭიერესი აჭარელი პოეტი, ზურაბ გორგილაძე, მან პროტესტის ნიშნად დატოვა იქაურობა და ამ ამბავს სიმბოლურად დაუწერა ლექსი სახელწოდებით ,,იქნებ!“ ჩემი პირადი მაგალითიდან მახსენდება საქართველოს თასის ფინალი და საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოს’’ კამპანია: ,,აჭარა აჭარლებს, მაგრამ თასი ჩვენთან რჩება“. იმ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც გვიწევს საქართველოს საზღვრები სისხლით დავიცვათ და მსგავსი ფრაზები გაერთიანების ნაცვლად ანაწევრებს საქართველოს. აჭარას ავტონომია საქართველოსგან განცალკევებულად არ მოიაზრებს.
თავსაფრიან ქალებს უწევთ დაამტკიცონ მათი იდენტობა, არჩევანის თავისუფლება. (თავსაფარი მისი ნებით დაიფარეს და არა ძალდატანებით). ისლამი ასოცირდება აღმოსავლეთის ქვეყნებთან და კანონის თანახმად ქალებს თავსაფარი უნდა ეხუროთ, მაგრამ ბევრმა თუ იცის ის ფაქტი, რომ თავსაფრის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. ზოგს ისე ახურავს რომ თმა უჩანს,ზოგს თმა და ყელი აქვს დაფარული,ზოგს კი მთლიანი სახე. ყველა ადამიანი თავისებურად აღიქვამს როგორ ემსახუროს მის რელიგიას. ის საზოგადოება, რომელიც მათ არ იღებს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, იცოდეთ, რომ საქმე ძლიერი ნებისყოფის ქალებთან გაქვთ. თავსაფართან დაკავშირებით კრიტიკა არამარტო ქრისტიანებიდან არამედ ისლამის მიმდევარი ადამიანებიდანაც მოდის. თავსაფრიანი ქალები დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად ამტკიცებენ იმას, რომ ისინი ამ საზოგადოების თანასწორი არიან და თავსაბურავი არ არის ადამიანის განათლების ან/და ინტელექტის საზომი. უამრავი ინფორმაცია წამიკითხავს, ინტერვიუ მომისმენია თავსაფრიან ქალებზე და მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვები მომხვდა გულზე და სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში: ,,ჩვენ მხოლოდ იმის მტკიცება კი არ გვიწევს, რომ ქალები და მამაკაცები არიან თანასწორები, არამედ, იმისიც, რომ ჩვენ თავსაფრიანი ქალები, ჯერ მუსლიმი, შემდგომ კი ჩვეულებრივი ქალების თანასწორნი ვართ’’ (ჰურიე აბაშიძე) სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში, ეპოქაში სადაც ადამიანმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო, მაინც გვიწევს თანასწორობაზე ბრძოლა. ყველა ადამიანს აქვს უფლება ისწავლოს იქ სადაც უნდა, ემსახუროს იმ რელიგიას რომელსაც უნდა, ჩაიცვას ის რაც უნდა და საერთოდაც იყოს ის ვინც უნდა რომ იყოს. სამყარო იმიტომ არის საინტერესო, რომ ფერადი და მრავალფეროვანია. კულტურისა და რელიგიის გაზიარება, ქმნის მრავალფეროვნებას. დიახ, სამყარო ფერადია, ათასი ფერით სავსე და აქ ადგილი ყველასთვის არის. მსოფლიოში უამრავი ადამიანია, თითქოს რაღაცით ყველა ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ინდივიდუალურნი ვართ. რელიგია, ჩაცმულობა, სექსუალური ორიენტაცია, არის ადამიანის პირადი არჩევანი და მას პატივი უნდა ვცეთ.
ქართულმა ენამ ორ მთავარ სიტყვაში ჩაატია ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. ეს სიტყვებია დედა-კაცი და მამა-კაცი. ,,კაცი“ არ აღნიშნავს მამრობით სქესს, ის ადამიანის აღმნიშვნელია. ნებისმიერი ქალის უფლებაა გადაწყვიტოს როგორ ჩაიცვას, როგორი ცხოვრების წესით იცხოვროს, უნდა თუ არა ოჯახი, შვილის ყოლა, კარიერის შექმნა, რა იწამოს. ისლამის მიმდევრობა და თავსაფარი, არ არის ეთნიკური მახასიათებელი, ის უბრალოდ ადამიანის პირადი ნებაა. ის არ უშლის ხელს იყვნენ განათლებული, ძლიერი და პატრიოტი ქალები. თავსაფარი კონკრეტულად იმ ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელიც წლების ფიქრის შემდგომ არის მოსული და არა ვინმეს ზეგავლენის ან ძალდატანების შედეგი. ადამიანები თავად ვირჩევთ რა გვინდა და რა არა. მე იმედი მაქვს საქართველო გახდება ტოლერანტული სახელმწიფო, სადაც ადამიანები დაიცავენ სხვის პირად საზღვრებს, ყველა ადამიანს ექნება არჩევანის თავისუფლება რელიგიაში, ჩაცმულობასა და სხვა პირადულ საკითხებთან დაკავშირებით.
ბლოგის ავტორი: ქეთი ცინცაძე, “სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩების” პროექტის მონაწილე