მე სკოლაში მასწავლეს, რომ უნდა მიყვარდეს ჩემი ქვეყანა და ვიყო პატრიოტი.
მასწავლეს, რომ არაფერია თავისუფლებაზე ძვირფასი.
მასწავლეს, რომ შუბლის ძარღვი არ უნდა გავიწყვიტო.
მეც ვსწავლობდი, ყურადღებით. ვიზეპირებდი სამშობლოზე დაწერილ ლექსებს და თითოეულ სიტყვას გონებაში ვინახავდი.
ახლა ვხვდები, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა ბევრად გვიან გავიაზრე – მაშინ, როცა თავისუფლების წართმევა დაგვიპირეს, როცა მმართველმა პარტიამ იმ გზას გადაუხვია, რომელსაც საქართველო მრავალი საუკუნის წინ დაადგა. როცა მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მყოფები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაგვარბიეს, გვცემეს, დაგვაკავეს და შეურაცხყოფა მოგვაყენეს.
მიმდინარე პროტესტებმა და ზოგადად, ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ ჩვენს ყოველდღიურობაში ბევრი რამ შეცვალა. თუმცა, ამ პატარა ბლოგში ახლა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას.
ძალიან რთულია დადუმებული ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ნაცნობების ყურება. რთულია, როცა ერთ დროს ახლობელი ადამიანებისგან მხარდაჭერას ვერ იღებ. ვხედავ, რომ უბრალოდ აღარ მინდა იმ ადამიანებთან ურთიერთობის გაგრძელება, ვინც ვერ ხვდება, რა ზღვარზეა ჩვენი ქვეყანა, ვისთვისაც არაფერს ნიშნავს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, ვისაც შეუძლია მშვიდად უყუროს ადამიანების ცემას, პროტესტის ნიშნად მოშიმშილე ადამიანებს, ვინც არ ბრაზობს იმ უსამართლობაზე, რაც ხდება.
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ სამარცხვინო დუმილს ამჯობინებენ ისინიც, ვინც გვასწავლა საქართველოს ისტორია, მოგვიყვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი და თავგანწირული ადამიანების ისტორიები. და ახლა, როცა ჩვენც იგივე ბრძოლაში ვართ (მხოლოდ სხვა ფორმით), ისინი არათუ არ დგანან ჩვენს გვერდით, არამედ გვკიცხავენ და გვაკრიტიკებენ.
ჩემთვის არავინ და არაფერია იმ ღირებულებებზე მეტად მნიშვნელოვანი, რომლებისაც მჯერა; იმ ფასეულობებზე მეტად ძვირფასი, რაც გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. ამიტომ, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, მიწევს საზღვრების დაწესება ურთიერთობებში.
ბოლოს, მინდა მაინც იმედიანად დავასრულო.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა რამდენადაც ბევრი ვინმე “გააქრო” ჩემი საახლობლოდან, იმდენად არაერთი ღირსეული, მებრძოლი და სამართლიანი ადამიანი გამაცნო. საოცარია ის ენერგია და მუხტი, რაც აქციებზე იგრძნობა.
მიყვარს, როცა გამაფრთხილებელ სიგნალზე თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებთ და ჩვენი მეგობრების ძებნას ვიწყებთ.
როცა მხუთავი აირის, წიწაკის სპრეის თუ წყლის ჭავლის გამოყენების დროს მეგობრებს ხელზე მაგრად ვუჭერთ ხელს, რომ ერთმანეთი არ დავკარგოთ.
როცა წინასწარ ვათანხმებთ კონკრეტულ ადგილს, სადაც იმ შემთხვევაში მივალთ, თუ დარბევის დროს გავიფანტეთ.
როცა უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები ერთმანეთს სამედიცინო დახმარებას ვუწევთ და ვამშვიდებთ.
ეს ყველაფერი გვკრავს, გვაერთიანებს და ერთმანეთთან უხილავი ძაფებით გვაკავშირებს.
და ვწუხვარ მათ გამო, ვინც ამ პროცესების მიღმა ამჯობინებს ყოფნას.
ავტორი: ანონიმური
თარიღი: 15 მაისი, 2025 წელი
