სოლიდარობის თემი საჯაროდ ეხმიანება აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკულად აფასებს მის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი მდგომარეობის უგულებელყოფას.
10 ოქტომბერს ბათუმში ქართული ოცნების გამართულ პარტიულ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა ხალხს სიტყვით მიმართა. ხაზგასასმელია, რომ მის მრავალსიტყვიან მოხსენებაში ერთხელაც კი არ უხსენებია აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის და მათ შორის ქართველი მუსლიმების საჭიროებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი მოხსენებისას გაჟღერებული მოსაზრებები საფრთხეს წარმოადგენს ქართული საზოგადოების ერთიანობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
ივანიშვილის განმარტებით აჭარლების „პატრიოტიზმი საუკუნეების ქარტეხილებმა არაერთხელ გამოცადა“, „აჭარა ერთი-ერთი ყველაზე ქართულად და პატრიოტულად განწყობილი მხარეა“, რომ „აჭარელ ქალებსა და კაცებს არასდროს შეუწყვეტიათ შვილებისთვის გულში საქართველოს სიყვარულის და ქართველობის ჩანერგვა“. აღნიშნული მოსაზრებები არცერთ სხვა რეგიონში გამოსვლისას არ გაუჟღერებია, რაც გვაფიქრებინებს, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი კვლავ კითხვის ქვეშ აყენებს აჭარლების ქართველობასა (ეთნიკურობას) და სიყვარულს სამშობლოს მიმართ. სრულად მიუღებელია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ გვესმის მსგავსი შინაარსის ნარატივები.
ბიძინა ივანიშვილი უგულებელყოფს ქართველი მუსლიმების არსებობას საქართველოში, ციტატით „ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თუ სტუმარს ღირსეულად შეუძლია ცხოვრება, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა“, სადაც ასევე მოჰყავს ილია ჭავჭავაძის მოძველებული ციტატა „მამული, ენა და სარწმუნოება“. ცალსახად მიუღებელია აჭარის კონტექსტში საუბარი სტუმრებზე და ამის პარალელურად რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებაზე ხაზგასმა. ასევე ბიძინა ივანიშვილმა სრულად უგულებელყო ილია ჭავძავაძის ნაშრომი ოსმალოს საქართველო, სადაც ავტორი საქართველოს ერთიანობას ისტორიას აფუძნებს და არა სარწმინოებას.
აჭარაში ჩამოსული ივანიშვილი, ერთის მხრივ, ხაზგასმით ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებითაც, თუმცა მას ერთხელაც კი არ უხსენებია ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, წვიმაში მლოცავი ქართველი მუსლიმები, ბათუმის მერიის მიერ თავისუფლების მეჩეთის მშენებლობაზე დისკრიმინაციული უარი (რომელსაც მუსლიმი თემი უკვე 7 წელია ითხოვს), დანგრევისა და განადგურების პირას მყოფი ქართული მეჩეთები, ადიგენში მცხოვრები აჭარიდან ეკომიგრანტები, რომლებსაც კერძო სახლში ლოცვის თავისუფლება შეუზღუდეს, ამ დროს კი ხელისუფლებაში მყოფმა ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ყურიც კი არ შეიბერტყა.
მისი განმარტებით სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, თუმცა მან არ გაიხსენა დისკრიმინაციის უარმყოფელი საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომელმაც 2023 წელს სააპელაციო სასამართლოს “დავალება მისცა”, რომ გაეუქმებინა მეჩეთის მშენებლობის უარზე დადგენილი დისკრიმინაცია.
ასევე, მისი თქმით ქართული ოცნება “თანაბრად ზრუნავდა და იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა.“ თუმცა მან არ გაიხსენა ჭელაში მისი ხელისუფლების მიერ მოჭრილი მეჩეთის მინარეთი, მოხეში ისტორიული მეჩეთის დანგრევისთვის მათ მიერ გამზადებული ტექნიკა, მოხეში ნაცემი ქართველი მუსლიმები, რომელთა უფლებებიც არ დაიცვა მისმა სახელისუფლებო პარტიამ, მან არ გაიხსენა სამთაწყაროში, წინწყაროში ლოცვის უფლებით შეზღუდული აჭარიდან ეკომიგრანტი ქართველი მუსლიმები.
ივანიშვილის თქმით ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სფერო – მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ, თუმცა როგორც ჩანს მისთვის უცნობია ხულოში, შუახევსა და ქედაში დახურული სამშობიარო განყოფილებების ისტორია, აჭარის მუნიციპალიტეტში ექიმებისაგან და ტექნიკისგან დაცლილი საავადმყოფოები, სამედიცინო სერვისებისგან მოწყვეტილი მემთეურები, მრავალი წელია და დღემდე დაუსრულებელი ბათუმი ახალციხის ისტორიული გზა, გაუმართავი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გამო მთიან აჭარაში უფუნქციოდ დარჩენილი საოჯახო სასტუმროები და დახურული მცირე ბიზნესები. ბიძინა ივანიშვილის თქმით ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან, თუმცა სწორედ მისი მთავრობის მიერაა მიღებული გოდერძის განაშენიანების გეგმა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გარეშე მიიღეს დახურულ კარს მიღმა. დოკუმენტში კი არსებითად ანულირებულია ადგილობრივების ინტერესები.
საბოლოოდ, ცხადია რომ ქართული ოცნების 12 წლიანი მმართველობის პერიოდში არაერთხელ დაირღვა აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქართველი მუსლიმების უფლებები, რასაც არ აღიარებს და უარყოფს, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელი და მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს დაგვპირდა, რომ პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ადამიანი იქნებოდა.