12 წელი ოცნებების ჩრდილში

დილის 8 საათი იყო. სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი. რუტინულად ხის კარადა გამოვაღე, ევროკავშირის ჭიქა ავიღე და დედაჩემის მიერ ადუღებული წყალი ჩავასხი. წყალი არც ისეთი ცხელი იყო, როგორც სხვა დღეებში. დილის სუსხით შეციებულ ფანჯარასთან მივედი და გორას დავუწყე ცქერა. ბავშვობიდან ამ გორის გადალახვაზე ვოცნებობდი, თუმცა აქედან ისე მივდივარ, ოცნება გაუნძრეველი ბოძივით მრჩება.

უცებ ტელევიზორის ხმა შემომესმა, მეუცნაურა, რადგან აქამდე დილაობით ჩემს სახლში მხოლოდ ჩაიდნის ხმას თუ გაიგონებდით. მისაღებ ოთახში გავედი და ზღურბლთან დედაჩემის დარცხვენილ მზერას შევეფეთე. ტელევიზორში „იმედის“ გადაცემა გადიოდა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიებს აშუქებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ საქართველო ერთმორწმუნე და ქრისტიანული ქვეყანაა. ამ სიტყვებით მან უარყო დედაჩემის რელიგია და ეროვნება.

რთულია, იყო ქართველი და თან მუსლიმი, რადგან ლიხს იქით ყველა ისევ თათრად გაინდეტიფიცირებს, ღმერთის სხვა ფორმით სიყვარულისა და “მსახურების” გამო. საბოლოოდ, ბუნებრივი რეაქციით, თითქოს ყელში კიბო არ გამჩენოდა და სისხლი არ შემდედებოდა, დავემშვიდობე დედაჩემს და სახლიდან გავედი. გზაში ვფიქრობდი: იმ გადაულახავ გორასთან ერთად, მთავრობის ეს შეურაცხყოფაც რომ გადაულახავი დამრჩეს, როგორ ჩავხედო დედაჩემს თვალებში, რომელიც ორმხრივი ტვირთით ცხოვრობს – პატრიარქატითა და რელიგიურად არატოლერანტული ადამიანებით სავსე ქვეყანაში?!

ათიათასობით ემოცია და ფიქრი მისერავდა გონებასა და სხეულს. ალბათ, იმ დროს, როცა გონებას უჭირს, გამოსავალი უსაფრთხო მომავალზე ფიქრია. ისევ ოცნებას გადავუშალე ჩემი სურვილების ფურცელი. წარმოვიდგინე, როგორი უსაფრთხო და სასურველი არჩევანის შესაძლებლობა ექნებოდა დედაჩემს. როგორ თამამად შეძლებდა ჰიჯაბის ტარებას და ქართველობას. ყოველი ნამაზის დროს ღმერთს ბოდიშს აღარ მოუხდიდა საკუთარი რელიგიური კონფესიის დამალვის გამო. ბოლოს და ბოლოს, არ მოუწევდა სხვის ტყავში ცხოვრება და იქნებოდა ქალი, რომელიც ეროვნებით ქართველი მუსლიმია.

ოცნების ფანჯარა დავხურე და სამსახურის კარებს მივებჯინე. იქვე მისვენებულმა გავიაზრე, რომ ოცნებას მოაქვს მხოლოდ ტკივილი და მეტი არაფერი. ამიტომ დროა, თვითონ შევქმნა დედაჩემისთვის უსაფრთხო, თანასწორი და სოლიდარული გარემო.

ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ავტორი: ლაურა ქარცივაძე

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.