იქ, ნისლებში

აჭარა ყოველთვის მასევდიანებდა.

ეს ხალხი და ეს ადგილი  დილის უღონო, ყვითელ მზეს ჰგავს, სიცივეში, რომ ანათებს, მაგრამ ვერაფრით ერევა გაბმულ ყინვას. 

აჭარაში მგონია, რომ მხოლოდ აჭარელი შეძლებს ცხოვრებას. მხოლოდ მას შეუძლია ამ გახუნებულ სიმწვანეში კაეშნის გარდა კიდევ  სხვა, რაღაც შრატისფერი იმედი დაინახოს და მისი გულისათვის, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ხუმრობაზე გაიცინოს. ხუმრობაზე, რომელიც დიდი ხნის წინ მოძველდა და  ყველამ კარგად იცის ბავშვობიდანვე, მაგრამ იმ შრატისფერი იმედის გამო ყოველ ჯერზე უფრო ფართო ღიმილით იღიმის და უფრო ფართოდ ხუჭავს ბედნიერ თუ უბედურ, წყლიან თვალებს.

ამ ადგილას, კიდევ არის ერთი – გამხმარი ფორთოხლისფერი გრძნობა: გულუბრყვილობა.

ჩვენ აჭარლებს და განსაკუთრებით მუსლიმ აჭარლებს ბავშვობიდანვე მოგვყვება გულუბრყვილო ტექსტები, რომლებსაც ბეჯითად ვიმეორებთ იმ განსაკუთრებული შემთხვვევისათვის, როცა გავიზრდებით და …

ტექსტები ჩვენს გონებაში აკადემიური, რბილი, იმედიანი და მეგობრულია, რაც მთავარია ადრესატი არ უნდა გადაგვეღალოს. სიტყვები სწორად უნდა შევარჩიოთ, თითქოს ვიღაცის ვალი გვაქვს და უნდა ავუხსნათ, რომ ეს ასე არ არის.

მუსლიმ აჭარლებს მგონი დედის მუცლიდანვე მოგვყვება ახსნა განმარტების პატაკი, რომლითაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ქართველები ვართ და არა …

იმ შრატისფერი იმედით და გამხმარფორთოხლისფერი გულუბრყვილობით, გულღიად და პატიოსნად დავატარებთ ,,ქართველობის პატაკს“, რომ საჭირო შემთხვევაში ბავშვური სიბეჯითით,  სწრაფად გადმოვიღოთ ,,საუკუნო საგზალი“ და ვუპატაკოთ ვინმე: ექვთიმე მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ, კალენიკე, არქიფო სეთურს.

თანდათან ვხვდები, რომ ეს ყველაფერი აბსურდია და ის ზემოთქმული უცნაური ფერის გრძნობებიც აჭარლებმა ჩვენი თავის სანუგეშოდ მოვიგონეთ, რომ თავი მარტო არ გვეგრძნო ძმათა შორის, დედა სამშობლოში.

ვერ ვიგებ და იმედია ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება მიატოვო მეგობარი შუა გზაზე და თან შეიძულო.

გახუნებულ მინდვრებში, იქ სადაც, ცხოვრება მდორედ და ტრივიალურად მიედინება და იქ, სადაც სახლებსაც კი გაოცებული გამომეტყველება აქვთ, არის ხალხი, ამ შედედებულ ნისლზე სწრაფი, მოქნილი, მახვილთვალიანი. ხალხი, რომელიც ბეჯითად, ამაყად და მოხერხებულად აჭედებს ღორის თავს სამლოცველოს კარზე.

 აჭარა თითქოს ჯადოქმნილი ადგილია, ყველაფერს რომ ასევდიანებს, ამიტომაც ეს კარგად შერჩეული, მონუმენტური ღორის თავიც მესევდიანება და მისი შუშის თვალებიც, რომლებიც საუკუნო დრამას უყურებენ,  თუ როგორ ზეიმობენ ერთნი ,,სამართლიანობის“ აღდგენას და როგორ უპატაკებენ მეორენი იმ ბავშვობაში კარგად დაზუთხულ ტექსტებს, ძმებს.

ტალახიანი გზის ბოლოს გასული აჭარელი მუსლიმები ვერსად ხედავენ, იმ შრატისფერ იმედს. ერთადერთი, რაც მათ აქვთ გამხმარი ფორთოხლისფერი გულუბრყვილობაა, თითო გვერდი ბავშვობაში კარგად ნასწავლი ,,ქართველობა“, რომელიც მასწავლებელმა არ ჩაიბარა და  ის მუქი, ყავისფერი ტალახი, რომელიც ფეხსაცმელს ეწებება და ბალახის ფოთლებს, დაუდევრად თელავს.

ეს ამბავი ძალიან ტალახიან დღეს, 2011 წელს, 10 სექტემბერს მოხდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თუმცა ხალხი მოღერილი ყელითა და ნელი ნაბიჯით დღემდე ბეჯითად და ამაყად ავსებს, რაღაც სხვა, უფრო სისხლიან პატაკებს იმ ხალხისთვის, რომლებიც წელიწადში ერთხელ, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გამოჩნდებიან ხოლმე მცხუნვარე მზის ქვეშ, ფითქინა პერანგებით და უნიჭოდ, სადღეგრძელოსავით მოჰყვებიან ძმობის ამბების ,,ვეფხისტყაოსნიდან’’.

 

ავტორი: ია შანთაძე