“ძვირფასო ძმანო! დღეს თქვენი მოძმე ქართველი მაჰმადიანები გილოცავთ საქართველოს განთავისუფლებას. გილოცავთ მრავალტანჯულ საქართველოს დამოუკიდებლობას!” – ასე მიმართა ჰაიდარ აბაშიძემ ქართველი მუსლიმების სახელით საქართველოს ეროვნულ საბჭოს 1918 წლის 26 მაისს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის სიმბოლო მრავალფეროვნების, ერთობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ბოროტის კეთილზე გამარჯვებისა.
დღეს, როგორც არასდროს, გვესმის, რომ დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი – ის არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს იყო საქართველოს ხალხის გადაწყვეტილება – გაერთიანება დემოკრატიული, ევროპული მომავლისკენ.
დღეს, 2025 წელს, “სოლიდარობის თემი” ამ ღირსეულ მემკვიდრეობას აგრძელებს.
ჩვენ გვწამს, რომ დამოუკიდებლობა იწყება იქ, სადაც ყველას ხმა ისმის – იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა, ქალები, ახალგაზრდები, სექსუალური უმცირესობები, ან ყველა, ვინც იბრძვის სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შესაქმნელად.
დამოუკიდებელი საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც განსხვავებულობა დაფასებულია, ადამიანის უფლებები დაცულია და სამართლიანობა უნივერსალურია ყველა მოქალაქისთვის.
ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება ღირებულებების დაცვით. ეს დღე გვახსენებს, სად ვართ და საით მივდივართ.
