ბოლო პერიოდში საქართველოში გაძლიერებულ პოლიტიკურ ჰომოფობიას მხარს
რელიგიური ინსტიტუტებიც უჭერენ თავიანთი რელიგიური ტექსტების ტრადიციული
ინტერპრეტაციებით, რომელიც ალტერნატიული ხმებისთვის სივრცეს ნაკლებად ტოვებს.
ამას ემატება ის სამწუხარო გარემოებაც, რომ საქართველოში ჯერ არ გვაქვს ისლამური
კვლევების ცენტრი ან სასწავლო პროგრამა, რომელიც მეტ ცოდნას შექმნიდა ისლამში
გენდერული თანასწორობის და სექსუალობის შესახებ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია
ამგვარი მცირე ინიციატივებით ხელი შევუწყოთ ფემინისტური ცოდნისა და კრიტიკული
ტექსტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობას.
თარგმანთა ამ მცირე კრებულის მიზანი ორგვარია. პირველ რიგში, ის მიზნად ისახავს ხელი
შეუწყოს თავად საქართველოს მუსლიმ თემში მრავალფეროვანი ჯგუფების აღიარების
პროცესსა და რელიგიური ტრადიციის ეგალიტარულ ინტერპრეტაციას. მეორე მხრივ, მას
სურს ქართულ მეინსტრიმულ აკადემიურ და საჯარო ფემინისტურ დისკურსში შემოიტანოს
ახალი ცოდნა და მეთოდოლოგია ისლამური ფემინიზმის შესახებ და ამით გაამდიდროს და
უფრო მრავალფეროვანი გახადოს ის.
იმედი გვაქვს თარგმანი სასარგებლო იქნება გენდერისა და რელიგიის მკვლევრებისთვის,
სამოქალაქო აქტივისტებისთვის და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის.
ვიაზრებთ, რომ მოცემული თარგმანები სრული ტექსტის არასრულყოფილი ნაწილებია და
ისინი ერთიანობაში არ უნდა იყოს აღქმული, თუმცა იმედი გვაქვს ეს ხელს არ შეუშლის
ავტორთა ძირითადი პარადიგმის, არგუმენტებისა და დასკვნების გაგებას. ამ მიზეზის გამოც
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ქართულ ენაზე იმ ვრცელი ისლამური
ფემინისტური ლიტერატურის გადმოტანა, რომლის მხოლოდ წვეთია წინამდებარე კრებული.
კრებულის ავტორი: ლია დეკანაძე
კრებულის რედაქტორი: ეკატერინე სხილაძე
კრებულის ინგლისურიდან თარგმნა: მარიამ შალვაშვილი და ნანა სარალიშვილი
კრებულის დიზაინი: მაია რიჟვაძე