არაძალადობრივი კომუნიკაცია არის საშუალება, რომელიც ეხმარება საზოგადოებას კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრასა და ურთიერთგაგების დამყარებაში. არაძალადობრივი კომუნიკაციის პრინციპებს, როგორიცაა ემპათია, პატივისცემა და აქტიური მოსმენა, ძალიან დიდი ფესვები აქვს ქართულ ისტორიაში და დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
არაძალადობრივი კომუნიკაცია: პარალელები საქართველოს ისტორიიდან
ქართველი ქალები, რომლებსაც ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობის როლი დაეკისრათ მშვიდობისა და სამართლიანობის განმტკიცებაში: მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის მმართველობის დროს, კრავაი ჯაყელმა და ხვაშაქ ცოქალმა, თამარის დიპლომატებად გაგზავნილმა ქალებმა, შეძლეს მნიშვნელოვანი აჯანყების მშვიდობიანად დასრულება. მათი სიბრძნე და ტოლერანტულობა გადამწყვეტი აღმოჩნდა სამეფო კარზე მომხდარი განხეთქილების აღმოსაფხვრელად. მათ შეძლეს აჯანყებულების დაშოშმინება და მათთან მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა. ეს მაგალითი კარგად ასახავს, რომ არაძალადობრივი კომუნიკაცია და დიალოგი შეიძლება იყოს ძლიერი იარაღი კონფლიქტების მოგვარებაში.
ილია ჭავჭავაძე და „ივერია“: მშვიდობისა და ერთიანობის ხმა
ილია ჭავჭავაძემ, გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საზოგადოების განვითარებაში. მისი მტკიცე რწმენა, რომ „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“, ხაზს უსვამს იმას, რომ კულტურული და რელიგიური განსხვავებები არ უნდა იყოს ბარიერი ერთიანობისათვის. ამ შეხედულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა აჭარელი მუსლიმების ინტეგრაციის პროცესში.
მას შემდეგ, რაც აჭარის მხარე ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლდა და დედა-სამშობლოს შემოუერთდა, ილია ჭავჭავაძემ აქტიურად დაიწყო მუშაობა, რათა აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქართველები სრულად ინტეგრირებულიყვნენ ქართულ საზოგადოებასთან. ილიამ თავის პუბლიცისტურ წერილში „ოსმალოს საქართველო“ განაცხადა, რომ რელიგიური და ენობრივი განსხვავებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთიანობას. მისი მოწოდება, რომ აჭარის მოსახლეობისთვის საზოგადოებას მხარდაჭერა აღეთქვა, შედეგიანი აღმოჩნდა.
1879 წელს ილიამ მოუწოდა ქართველ საზოგადოებას, დახმარებოდა აჭარლებს, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. ამ ინიციატივამ განაპირობა საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება და რესურსების შეგროვება, რაც აჭარელთა ყოველდღიურ სიმძიმეს შეამსუბუქებდა. გარდა ამისა, ილიას ძალისხმევით, 1881 წელს ბათუმში გაიხსნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ პირველი სკოლა, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აჭარის მოსახლეობის განათლებისა და ინტეგრაციის კუთხით.

გაკვეთილები თანამედროვეობისთვის
ქართველი საზოგადოება დღესაც დგას გამოწვევების წინაშე, რომლებიც საჭიროებს არაძალადობრივი კომუნიკაციის და დიპლომატიის გამოყენებას. ჩვენი ისტორიული მაგალითები, თუნდაც თამარის დროინდელი ქალი დიპლომატებისა, გვიჩვენებს, რომ ემპათია, ერთმანეთთან საუბარი და დიალოგი ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ძალადობა ან დაპირისპირება. არაძალადობრივი კომუნიკაციის პრინციპების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია უკეთ გავუგოთ ერთმანეთს, მივაღწიოთ ჰარმონიულ და მშვიდობიან თანაარსებობას მიუხედავად ჩვენი განმასხვავებელი ნიშნებისა. ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიასთან“ ერთად იბრძოდა საზოგადოების განვითარებისთვის. ახლა ჩვენი, როგორც მათი გზის გამგრძელებლების, ვალია დღესაც ვასაზრდოოთ მშვიდობიანი და ბედნიერი გარემო თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. თანაარსებობას მიუხედავად ჩვენი განმასხვავებელი ნიშნებისა.
ბლოგის ავტორი: ლუკა დუმბაძე, “სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩების” პროექტის მონაწილე
ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.