მუსლიმთა აღმნიშვნელი კონფესიონიმები ქართულში

ქართველებს ისლამთან შეხება მისი აღმოცენების პირველივე საუკუნეში მოუწიათ. მეშვიდე საუკუნის 40-50-იან წლებში საქართველოში არაბთა გამოჩენამ და მათთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის დამყარებამ ქართულ ენაში ამ სარწმუნოების მქონე ხალხისთვის ახალი ეთნონიმისა და კონფესიონიმის გაჩენის აუცილებლობა გამოიწვია. სავარაუდოდ, ქართველები არაბებს მეშვიდე საუკუნემდეც იცნობდნენ. სემიტ ხალხთა გენეზისის ისტორია ქრისტიან ქართველთათვის ბიბლიიდან ნაცნობი უნდა ყოფილიყო. როგორც გიორგი წერეთელი აღნიშნავს, თვით არაბების აღმნიშვნელი სახელები ქართულში, ცხადია, შემოვიდოდნენ სხვა ენათა მეშვეობით ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე არაბები უშუალო კონტაქტს დაამყარებდნენ საქართველოს მოსახლეობასთან.

ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში გვხვდება მთელი რიგი ტერმინებისა (ასევე ერთი ტერმინის რამდენიმე ფონეტიკური ვარიანტი), რომლებიც არაბებსა და მუსლიმებს აღნიშნავენ: არაბი (არაბიელი), აგარიანი, ისმაიტელი (ნათესავი ისმაელისი), სარკინოზი (სარკინოსი / სარაცინი / სარაციანი / სარაკიანი), ტაიჭიკი, მაჰმადიანი (მოჰმადიანი / მუჰმედის სჯულისმდებელი), მუსულმანი (მუსლუმანი / მუსურმანი), თათარი, ასევე მუსლიმთა ჯგუფის აღმნიშვნელი კრებითი სახელი ისლიმნი / ისლემნი.

გვიან ეტაპამდე ქართულ ისტორიულ თუ ლიტერატურულ ძეგლებში ეთნიკურობა და რელიგიური კუთვნილება მკვეთრად გამიჯნული არ არის. ზოგადად, ეთნონიმისა და კონფესიონიმის აღრევა ჩვეულებრივი მოვლენაა შუა საუკუნეების მსოფლიო ისტორიოგრაფიაში. ქართულ რეალობაში შემოსული პირველი მუსლიმების, არაბების, აღმნიშვნელი ტერმინები თავიდანვე ფართო, ზოგადი სემანტიკის მატარებელნი არიან და სხვადასხვა კონტექსტში გამოხატავენ, როგორც არაბებს, ისე, ზოგადად, მუსლიმებს.

მუსლიმის აღმნიშვნელი კონფესიონიმის ინვარიანტულობა დღემდე შეინიშნება სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურაში, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ქართულ სამეცნიერო არაბისტიკაში (და ზოგადად, აღმოსავლეთმცოდნეობაში) მიღებული სწორი ფორმაა მუსლიმი.

მუსლიმთა აღსანიშნად, საზოგადოდ, ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი ტერმინები: მუსულმანი (/ მუსლიმანი), მაჰმადიანი, მუსლიმი.

ტერმინთა ეს ინვარიანტულობა მიუთითებს, რომ მუსლიმთა აღმნიშვნელი კონფესიონიმის საყოველთაოდ მიღებული, ენობრივი და რელიგიური კრიტერიუმებით მისაღები ფორმა ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია სწორ ფორმაზე შეთანხმება და შემდეგ მისი საყოველთაო დამკვიდრება.

შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიაში გაჩენილი ტერმინი მაჰმადიანი, ისლამური თეოლოგიის მიხედვით, გაუმართლებელია. ტერმინი მაჰმადიანი ქრისტიანის ანალოგიით შექმნილი ტერმინი უნდა იყოს. როგორც ჩანს, მუსლიმები მოციქულ მუჰამადის მიმდევრებად აღიქმებოდნენ. ისლამური მოძღვრების მიხედვით, ისლამის მიმდევარი მხოლოდ ღვთის მორჩილია და მისთვის მიწიერი ავტორიტეტი არ არსებობს. მიუხედავად მოციქული მუჰამადის უდიდესი მნიშვნელობისა, მუსლიმთათვის დოგმა არასდროს ყოფილა მოციქული მუჰამადის მიმდევრობა. ამიტომაც, აღნიშნული ტერმინი, ისლამური თეოლოგიის გადასახედიდან, გაუმართლებელია.

რაც შეეხება ფორმას მუსულმანი (/ მუსლიმანი), იგი ტრანზიტული გზით  (სპარს. مسلمان, თურქ. Müslüman) არის შემოსული ქართულში და არა უშუალოდ არაბულიდან.

ნებისმიერი კონფესიონიმის სწორი ფორმა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მისი შესაბამისი უნიფიცირებული ეკვივალენტი ორე ენაში არ არსებობს, ორიგინალშია საძიებელი. მუსლიმთა თვითსახელდება არაბულად არის  مسلم/muslim/. არაბული ფონეტიკური სისტემის ქართულ ენაზე ტრანსლიტერაციის წესების გათვალისწინებით, აღნიშნული არაბული ტერმინის ქართული ეკვივალენტია მუსლიმ.

არაბული სიტყვა مسلم /muslim/ [س‌ل‌م] ძირის IV თემის მოქმედებითი გვარის მიმღეობაა. მეოთხე თემის ზმნა أسلم /’aslama/ ნიშნავსთავი გადასცა ღმერთს“, მისი ლექსიკური მნიშვნელობააგამუსლიმდა, ისლამი მიიღო. შესაბამისად, მისი მოქმედებითი გვარის მიმღეობის, مسلم /muslim/, მნიშვნელობააის, ვინც თავი გადასცა ღმერთსდა ლექსიკურად ნიშნავს ისლამის აღმსარებელს, მუსლიმს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართულ ენაში ისლამის აღმსარებლის აღმნიშვნელ ტერმინთაგან სწორი ფორმაა მუსლიმი (მუსლიმ თანხმოვანფუძიანი სახელიდან წარმოქმნილი ზედსართავი სახელის ფორმაამუსლიმურ).


გამოყენებული ლიტერატურა

ქართლის ცხოვრება, I, II, IV, სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ დადგენილი ტექსტი, თბილისი, 1955-1973.

ცაგარეიშვილი, ელენე, სომხური წყაროები არაბეთსაქართველოს ურთიერთობის შესახებ (სებეოსი, ლევონიდი), მრავალთავი: ფილოლოგიურისტორიული ძიებანი: ტომი I, გვ. 464-495, თბილისი, 1971.

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I-VI, თბილისი, 1963-1980.

წერეთელი, გიორგი, სემიტური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიის შესწავლისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო სესიები, მოხსენებათა კრებული N1, თბილისი, 1947.

წერეთელი, კონსტანტინე, სემიტი ხალხების აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები ქართულში, თბილისი, 2000.

ჯანაშია, სიმონ, შრომები II, თბილისი, 1952.

სტატიის ავტორი: ლადო ზირაქაშვილი აღმოსავლეთმცოდნე/არაბისტი