მრავალი ფერისგან შემდგარი სათავგადასავლო დედამიწა

მე ზულეიდა ვარ და დედამიწაზე სულ რაღაც 18 წელი დავბაკუნობ. ბევრი არაფერი მინახავს, მაგრამ ამ ღრმად პატივცემულ თემაზე, წრფელად გულაცქმუტუნებული გავხსნი ჩემს გუდა-ნაბადს და გადმოვალაგებ, ვინაიდან არცერთი წამი მის გარეშე არ მიცხოვრია – ჩემი სინდისის კალიაც კი მრავალფეროვნად ფერადია.

სამყაროში მრავალფეროვნება წარმოიქმნება დედამიწაზე მცხოვრებ არსებებში არსებული ინდივიდუალიზმის მარცვლებით. როცა ყველა ღირებულება ერთად იყრის თავს, რაღაც საოცარი იქმნება – საკუთარი თავის კონცეფცია, რომელიც უდავოდ სამუზეუმო ექსპონატი და ხელოვნების ნიმუშია. რომ არა ინდივიდუალურობის დიდებული ფენომენი და სამყაროს/საკუთარი თავის შეცნობისკენ მიმავალი ჩვენეული გზები, სამყოფელი დაემსგავსებოდა პლატონის გამოქვაბულს, საიდანაც გაღწევა დამატებით გატარებულ წამთან ერთად რთულდება.ერთფეროვნებას მრავალი დასაბამი აქვს, მათგან ერთ-ერთი და ყველაზე მძვინვარე მიუღებლობაა. შენი გონების რუკას არ აძლევ უფლებას, რომ დაუშვას სიახლე და საზღვრები გააფართოოს. კლაუსტროფობიული, ჯოგური, მოტორული, დეჰუმანიზებული გარემო მრავალფეროვნებისგან მოციმციმე სოციალურ ჰარმონიას მიწასთან ასწორებს, ყველა ფერს აქრობს, ზღაპრებში მოსუქსუქე ბოროტი ჯადოქრების კვერთხს იპარავს და ყველაფერი განსხვავებულის გაქვავებისკენ მიისწრაფვის. სიახლეებისგან დამფრთხალი, ჩრდილების პორტალშია გამოკეტილი და რეალობას ფირზე ჩაწერილი ნაცნობი სიუჟეტის გამეორება ურჩევნია. დედამიწის მთავარ მამოძრავებელ ძალად სწორედ მრავალფეროვნება მიმაჩნია. არცერთი ხე, ფოთოლი, ყვავილი, ღრუბელი, ქვა, თოვლის ფიფქიც კი არ არის მსგავსი; შესაბამისად, ადამიანზე გაასმაგებული მით უმეტეს მეთქმის. ბუნებაში ხეტიალი ჩემი გულის საქმიანობაა; ყოველი ფეხქვეშ გავლილი კილომეტრი მარწმუნებს, რომ დედაბუნება თავისი უთვალავი ფერით მაოცებს, მაგიჟებს და მეტყველებას მაკარგვინებს. მისი ასეთი სიტყვამოუძებნელი დახასიათება ფერთა გამაოგნებელ სინთეზშია.

ყველა სიახლეს და მის მთქმელს პირის გაღების პირველივე წამიდან პანდორას ყუთში ვათავსებთ და საგულდაგულოდ ვმალავთ. მრავალფეროვნების იდეას მრავალფეროვანი სტერეოტიპები ამშვენებს. ერთი თაობა თავის უკან მდგომს აბრალებს და ასე სამარადჟამოდ. ბავშვობიდან შენს გარშემომყოფებს სურთ თავიანთ შექმნილ ტრუმენის შოუში გამოგკეტონ და ყველა შესაძლო სიუჟეტისგან თავდასაცავად შენი ღირებულებები თავადვე ჩაგიწიკწიკონ. როცა იზრდები, ხვდები ან საკმაოდ გვიან ხვდები, რომ შეხედულებები, რომლებიც შენშია მოკალათებული და ობობას ქსელები აქვს გადებული, შენ არ გეკუთვნის. დაფიქრდი, იქნებ გსიამოვნებს შენგან განსხვავებული ადამიანების მოსმენა და ამ გზით საკუთარი თავის დაკვირვება; იქნებ სხვისმა გონიერებამ და სიახლემ შენც მცდელი გაგხადოს და აღმოჩენების კორიანტელში ჩაგაგდოს. შიში და შფოთვა გარდაუვალია, ადამიანის ფუნდამენტური გრძნობა და ევოლუციის გზაზე ერთ-ერთი მთავარ საგზალთაგანია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავ იმას, რომ ჩვენზე ბატონობის უფლება მივცეთ. თუ გამადიდებელ ლუპას მიადებ შენს გულსა და გონებას, მიხვდები, რომ კარგა დასაფერთხი ხარ, რადგან შენდაუნებურად სხვისი აზრებით მოძრაობ. ამანაც არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა სანამ თავისით შეიძენს, სხვას დაეყრდნოს.

კანის ფერს, რასას, სქესს, სახელს, მშობლებს, წარმომავლობას და, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ ასაკამდე რელიგიას ჩვენ ვერ ვირჩევთ. დაბადებიდანვე მემკვიდრეობით გადმოდის და უმრავლესობა სიცოცხლის ბოლომდე, უმცირესობა კი მცირედი ცვლილებებითვე რჩება ჩვენთან, რაც საბოლოოდ შენს იდენტობას ქმნის, გონების რუკას გიდგენს, პიროვნებად გაყალიბებს და ასე მრავალფეროვნად წარგადგენს სამყაროს წინაშე. ერთმანეთთან შეხვედრისას და გაცნობისას სწორედ შინაგანი/გარეგანი ფერთა მრავალფეროვნება გვიზიდავს, გვაძლევს ინსპირაციას და გვზრდის. ყოველი ადამიანი, რომელიც შენს ზღაპარში შემოდის, თავის წილ ცოდნას, გამოცდილებას, ელფერს და ენერგიას გვიტოვებს, რომელიც ჩვენში არსებულ სასწაულად ლამაზ ქისაში ინაცვლებს, სახელად „ერთმანეთით გაზრდა“. ცნობისმოყვარეობა ყველა დედამიწელი არსების საუნჯე მგონია, რადგან რაკეტისებური სიჩქარით გამოგზაურებს თავგადასავლებში და მრავალფეროვნების ზარ-ზეიმზე მუდმივად მოაქვს ჰარის ბუს შენთვის მოსაწვევი, ურიგოდ. როცა იღებ და უშვებ გონებაში სამყაროს ისეთად, როგორიც არის, და მისი ერთგული მოწაფე ხდები, მრავალფეროვნების სიამტკბილობა აღარ გაშინებს და სურვილი გიჩნდება ამ საერთო ჰარმონიაში შენი წვლილი შეიტანო, რომელიც რეალურად დაბადებიდანვე შეგაქვს, მაგრამ გაცნობიერების შემდეგ განსხვავებულად – მაგიურად.

ჩვენში არსებულ ბავშვს, რომელიც სინდისის კალიასთან ერთადაა მოკალათებული და შენი ცხოვრების ყველა ნაბიჯს უკირკიტებს, გულითადად უნდა დავუყურადოთ, რადგან ის ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე ან იქნებ უფრო პატარა ასაკში, ეხმარებოდა ორ განსხვავებულ ელემენტს, ცეცხლსა და ყინულს, რომ თავიანთი მისიები შეესრულებინათ. ისინი განსხვავებულობის მიუხედავად, საბოლოოდ, ერთ კარში შედიოდნენ და ამით ახალ ეტაპზე გადადიოდნენ. უმაღლესმა გონმა სამყარო შექმნა უამრავი ფერით და განსხვავებით; შესაბამისად, მასში მოსიარულე არსებებს ერთი დღის დილას ყველა მანქანა რომ ყვითელი დახვდეს, მაინც შეძლებს ცვლილებას.

ბლოგის და ფოტოების ავტორი: ზულეიდა წულუკიძესამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩების” პროექტის მონაწილე