ვაკანსია – ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის ექსპერტი

სოლიდარობის თემი ეძებს ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის ექსპერტს მოკლევადიანი დროით,  რომელიც ორგანიზაციას დაეხმარება და კონსულტაციებს გაუწევს რესტრუქტურიზაციის პროცესში.

ვინ ვართ ჩვენ?

სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.

ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი საკითხებისა და ისტორიის კვლევა; ქალების, ახალგაზრდების, ლგბტ პირებისა და ეკომიგრანტების უფლებრივი საკითხების შესწავლა და დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და წარმოჩენა; რეგიონალური და სათემო განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლება საკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.

სოლიდარობის თემის ორგანიზაციული გაძლიერება და განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რის შედეგადაც ის უნდა გახდეს უფრო ეფექტური, მოქნილი და ძლიერი გაერთიანება.

ექსპერტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა:

  • სოლიდარობის თემის არსებული სტრუქტურის შეფასება და მასზე მორგებული ახალი მმართველი სტრუქტურის შემუშავება და შეთავაზება;
  • ახალი მმართველი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შედგება მრჩეველთა საბჭოს, გამგეობისა და აღმასრულებელი დირექტორისაგან
  • ორგანიზაციული განვითარების სატრენინგო მოდულის შემუშავება და ფასილიტაცია;
  • რეგიონული ორგანიზაციების სტრუქტურების საუკეთესო გამოცდილებებისა და გაკვეთილების გაცნობა გუნდის წევრებისთვის;
  • ორგანიზაციის მხარდაჭერა რესტრუქტურიზაციის პროცესში
  • ორგანიზაციის შიდა მმართველობითი დოკუმენტის შექმნის ფასილიტაცია, რომელიც განსაზღვრავს მისი თანამშრომლების ფუნქცია-მოვალებასა და საქმიანობის გადანაწილებას.

ექსპერტის კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, ორგანიზაციულ განვითარებაში, მენეჯმენტში, მართვაში ან მომიჯნავე დარგებში;
  • ორგანიზაციული განვითარების ტრენერად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი და მენეჯერად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
  • ეფექტური სატრენინგო მოდულების შექმნისა და განხორციელების გამოცდილება;
  • მრავალფეროვან ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
  • დროის მართვისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ეფექტური უნარი.

სამუშაოს აღწერა

სატრენინგო მოდულის შემუშავება

შეხვედრების ფასილიტაცია (ექვსი დისტანციური და ორი პირისპირ შეხვედრა)

კონსულტაციები უნდა დაიგეგმოს როგორც დისტანციურ, ისე პირისპირი შეხვედრების ფორმატში;

ანაზღაურება

ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეროვნულ ვალუტაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Solidaritycommunityinfo@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ „ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი“. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმავე მეილზე.

დაინტერესებულმა პირებმა (ფიზიკურმა პირებმა) გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 24 მარტის 18:00 სთ-მდე.

სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.