ჭვანის მეჩეთი

ჭვანის ხის მეჩეთი შუახევის მუნიციპალიტეტის ვარჯენაულის უბანში მდებარეობს და აგებულია 1894-1895 წლებში. სამწუხაროდ, მშენებლის ვინაობა უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხის მეჩეთებს, რომელთა ექსტერიერი ჩვეულებრივი აჭარულის ხის სახლების მსგავსია, ადგილობრივი მოსახლეობა აგებდა. ხოლო, ინტერიერის – ხის ჩუქურთმებისა და ნახატების ავტორნი, როგორც წესი, ლაზი ოსტატები არიან.

შენობას ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მოჩუქურთმებული ორფრთიანი კარი, რომელიც ჰოლში შედის. დიდი ალბათობით ეს ნაწილი ღია აივნის ფორმის იყო, რაზეც ხის 6 მოჩუქურთმებული ბოძი მეტყველებს. სამლოცველოს სამხრეთ კედელზე აქვს ხის მიჰრაბი (საკურთხეველი), მიმბარი და ქურსი (ამბიონი). მეჩეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის მუეზზინის მუაჯირშემოვლებული ადგილი. მსგავსი სივრცე იყო მოწყობილი აღმოსავლეთ მხარეს, თუმცა მისგან მხოლოდ ნაწილია დარჩენილი. სამლოცველოს ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს კიდევ ერთი კარი. აღმოსავლეთით კი დარაბიანი ფანჯარა. შემოსასვლელი კარის თავზე მშენებლობის თარიღია დატანებული, ჰიჯრით 1216 ან 1316 წელი.

ჭვანის მეჩეთს შიდა ეზოს ცენტრი უკავია, მის კომპლექსში ასევე შედის დიდი მინარეთი, მუსლიმური სასწავლებელი და გუმბათიანი ზღუდით დაცული განსაბანი შადრევანი . საბჭოთა პერიოდში, კომპლექსი ჭვანასა და ახლომდებარე სოფლებს საავადმყოფოს სახით ემსახურებოდა. 1997 წელს ჩატარებული რესტავრაციის შედეგად, კედლის ყველა შემორჩენილი მხატვრობა ახალი პანელებით და კედლის საღებავით დაიფარა. შენობის ძველი გუმბათი ხელუხლებელია – მასზე გამოსახული ვარდები და ვაზის რტოები ინტერიერის დიზაინის ევროპულ სტილს მიაგავს. მსგავსი ორნამენტები 1905 წელს აგებულ განსაბანი შადრევნის გუმბათსაც ამშვენებენ, თუმცა თანამედროვე სინთეტურ ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტის შედეგად, საღებავი აქერცლილია. აღდეგნის მერე, შადრევნის გუმბათსა და შენობის ინტერიერში არსებული, შაბლონით გამოჭრილი ხის თავდაპირველი ელემენტები მყვირალა ფერის საღებავით სრულიად დაიფარა. სახურავის ქვეშ არსებული სხივები და საყრდენი სვეტები ზიგზაგის და გეომეტრიული ფორმის ამოჭრილი ნაყშებითაა შემკული, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჭვანა ან ადრეული ნაგებობის ადგილასაა აშენებული, ან – 1894-95 წლებში საფუძვლიანად გადაკეთდა.

მიუხედავად ჭვანის ხის მეჩეთის უნიკალურობისა და სიძველისა თავისი ხეზე კვეთის უმშვენიერესი ნიმუშებით, მას არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული მსგავსი არაერთი კულტურულად და ისტორიულად ღირებული ხის მეჩეთებისა, მაგალითად ჯაბნიძეების, კვიახიძეების, ნიგაზეულის, დღვანის, მათგან არცერთს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.