თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში

საქართველოში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა სხვადასხვაგვარია; ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების გამოწვევები. სხვადასხვაგვარია აჭარაში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა, რადგან კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზეც განსხვავდება ქალების ყოფაცხოვრება კლასის, განათლების, რელიგიის, კულტურის მიხედვით. შესაბამისად, აჭარელი მუსლიმი ქალების პრაქტიკები და ცხოვრების სტილი განსხვავდება სხვა რეგიონში თუ დედაქალაქში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობისგან. აღნიშნული კვლევა მიმართულია აჭარაში მცხოვრები თავსაფრიანი მუსლიმი ქალების გამოცდილებების შესწავლისკენ.

წინამდებარე კვლევის მიზანია აჭარაში მცხოვრები 18-30 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი მუსლიმი ქალების გამოწვევების შესწავლა თავსაფრის ტარებასთან დაკავშირებით სოციალურ, საგანმანათლებლო და დასაქმების სივრცეებში.
კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული 14 რესპონდენტიდან თითოეული მათგანი ერთხელ მაინც ყოფილა სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი. ყველაზე ხშირად თავსაფრიანი ქალები სოციალურ სივრცეებში, განსაკუთრებით ტრანსპორტში და რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში, აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას. მეტწილად საზოგადოების დამოკიდებულება სიტყვიერი შეურაცხყოფით არის გამოხატული, თუმცა ყოფილა ფიზიკური თავდასხმის ფაქტიც. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადობის ნაწილი თავსაფრიანი ქალების მიმართ არის ნეტაგიურად განწყობილი, რის გამოც მათ საფრთხე ექმნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კვლევის ავტორი: თორნიკე აბულაძე
ასისტენტი: ლელა დეკანაძე
რედაქტორი: მარიამ შალვაშვილი
ფოტო: ჰურიე აბაშიძე
ყდა და დიზაინი: მაია რიჟვაძე