მრავალი წელია მთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად წყლის დაბინძურების თუ გაუმართაობის პრობლემებზე მიუთითებს. მაგალითისთვის, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბაში დღემდე ადგილობრივებს წყალი არასტაბილური განრიგით მიეწოდებათ, წვიმების დროს კი იმდენად დაბინძურებულია, რომ მისი გამოყენება სასმელად შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მუდმივი წყალმომარაგებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მილიონობით ლარია დახარჯული. გარდა ამისა არაერთხელ არის გაცემული წყლისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების დაპირებები. სამწუხაროდ პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კვლევებს სისტემატურად ატარებს, ხშირად მოსახლეობამ არც იცის, რომ წყალი ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
2019-2023 წლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ: ქობულეთის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში წლებია, მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი არ აქვს; წყლის დამაბინძურებელი ყველაზე ხშირად კოლიფორმები (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები) იყო – ბაქტერიები, E.coli და St.faecalis, რომელიც სასმელ წყალში საერთოდ არ უნდა იყოს.
2023 წლის 8 სექტემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ TI-თვის გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის წერილის თანახმად დაბა ხულოს მოსახლეობის სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სს „აჭარისწყლის ალიანსს“ დაგეგმილი აქვს აჭარის დაბების და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში. ამ ეტაპისათვის შემდგარია სამუშაოების შესყიდვა და მიმდინარეობს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდა აგრეთვე წყლის სათავეებთან, სადაც ეწყობა დიდი მიცულობის წყალსაცავები, მისასვლელი საავტომობილო გზის პროექტის შესყიდვა. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2024 წლის გაზაფხულიდან. რაც შეეხება ამ ეტაპისათვის დაბის მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდება ხორციელდება გრაფიკით. მათი განმარტებით, გვალვებიდან გამომდინარე სათავეებზე წყლის დებეტის შემცირებასთან დაკავშირებით, ვერ ხერხდება მოსახლეობის 24 საათიანი მომარაგება სასმელი წყლით. Ხულოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2023 წლის ბიუჯეტში კი წყალსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია 1 341 905 ლარი.
2021 წლის 12 აგვისტოს ხულოში წყლის სისტემის განვითარების პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. საქართველო-გერმანიის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის KFW ბანკისა და ევროკავშირის დაფინანსებით აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის დაბის წყალმომარაგების სისტემისა და 39 სოფლის წყლის სისტემის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელებულიყო. უშუალოდ ხულოში 9,2 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტით თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის რეკონსტრუქცია უნდა ჩატარებოდა საჯოგიასა და ბაბანურის წყალმიმღებლებს. რაც 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა აშკარაა, რომ 2024 წლის ბოლომდე ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება შეუძლებელია დარჩენილ დროში.
ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე სოლიდარობის თემი მიმართავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას, რათა უზრუნველყოს:
1. მისს დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ ხულოს წყალკანალთან თანამშრომლობით გაწერილი ზუსტი განრიგი დღის განმავლობაში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების განსაზღვრული საათების თაობაზე;
2. შეიქმნას სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხულოს მოსახლეობა მობილურ ნომრებსა და ააიპ ხულოს წყალკანალის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის საშუალებით წინასწარ გაიგებს წყლის განსაზღვრული განრიგით მიუწოდებლობისა და აღდგენითი სამუშაოების თუ დაზიანების აღდგენის თაობაზე;
3. კვარტლურად ან სხვა პერიოდულობით დამოუკიდებელი და სანდო ექსპერტიზა ჩაუტარდეს ხულოს წყალს ხარისხისა და უსაფრთხოების თაობაზე; აღნიშნულის საფუძველზე, მოხდეს მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება წყლის უსაფრთხოებასთან და ხარისხთან დაკავშირებით;
4. წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, როდის და როგორ მოხდება დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებს მოსახლეობისთვის 24 საათიანი და ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება.
გამოყენებული წყაროები:
1. აჭარის ტელევიზია – https://ajaratv.ge/article/14912
2. ბათუმელები – https://shorturl.at/iIVZ8
3. ბათუმელები – https://batumelebi.netgazeti.ge/news/94406/?fbclid=IwAR2k2w–xYXAIQKdLr1TP–CTbI35zxZinwhHuweoGJFKVe5xSDJy6axcnI
4. ფაქტ მეტრი – https://shorturl.at/cqCT8
5. ბათუმელები – https://batumelebi.netgazeti.ge/news/319037/
6. რადიო თავისუფლება – https://shorturl.at/vySUX
7. აჭარა ნიუსი – https://www.facebook.com/watch/?v=3073015286357052
8. ბათუმელები – https://batumelebi.netgazeti.ge/news/319037/