sოლიდარობის თემი ეხმიანება ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმების ფუნდამენტური უფლებების – რწმენის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების სისტემური დარღვევის ფაქტებს
მერაბ მიქელაძის სახლთან ნიკოლოზ გეწაძე და მის მიერ ორგანიზებული ადგილობრივი მოსახლეობა 5 აპრილს, 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა, რომ მოქმედმა სალოცავმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ მუსლიმებს სალოცავი სჭირდებათ, მათ ის დაბა ადიგენიდან მოშორებით, იმ სოფელში უნდა გადაიტანონ, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ. Შეკრებილი პირები ქართველ მუსლიმებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებიან ძალადობით.
პოლიციამ ადიგენის შესასვლელი გადაკეტა და მუსლიმ მრევლს უფლება არ მისცა მერაბ მიქელაძის სახლამდე მისულიყვნენ. როგორც მათ სამართალდამცავებმა განუმარტეს, ეს მოსალოდნელი ინციდენტის თავიდან აცილების და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა. მუსლიმებისგან განსხვავებით, პოლიციას მართლმადიდებლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მათ სასულიერო პირებთან ერთად დაუბრკოლებლად შეძლეს მერაბ მიქელაძის კუთვნილ ტერიტორიაზე შესვლა.
სამწუხაროდ, აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან მუსლიმების მიმართ დევნა არ არის პირველი შემთხვევა. მსგავსი აქციის გამართვა და მუქარა 2023 წლიდან გრძელდება.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება თემისგან ითხოვდა ადიგენში მდებარე შენობა გამოეყენებინათ საცხოვრებლად, ხოლო ლოცვის მიზნებისთვის ხელისუფლება მათ ადიგენიდან ორ კილომეტრში მდებარე სოფელ იჯარეთში სხვა ალტერნატიულ შენობას გადასცემდა. აღნიშნულ პირობას მოლაპარაკებებში ჩართული მუსლიმი რელიგიური ლიდერები დათანხმდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული დაპირება ხელისუფლებამ არ შეასრულა.
ბოლო 3 კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენჯერმე შეცვალა პირობები და საბოლოოდ, მათ მიერ წარდგენილი უსამართლო პირობების გამო, მოლაპარაკებები ჩაიშალა. ადგილობრივი ხელისუფლება მუსლიმ თემს ხან ადიგენში მდებარე შენობაზე საკუთრების უფლების დათმობას და სოფელ იჯარეთში ახალი შენობის 49 წლიანი იჯარით გადაცემას პირდებოდნენ, ხან იჯარეთში შესაძენი შენობის მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებად რეგისტრაციას და შემდგომ იჯარის გზით გამოყენებას სთხოვდნენ. ხან კი უთითებდნენ, რომ იჯარეთში შენობის შესაძენად თანხას მუსლიმთა სამმართველოს ჩაურიცხავდნენ, ქონების შეძენის შემდგომ კი სამმართველო შენობას მათ საკუთრებად გადასცემდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებში ჩართული რელიგიური ლიდერები ამ უკანასკნელ პირობასაც დათანხმდა, 3 აპრილს, შეხვედრის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კვლავ შეცვალეს პირობა და მოითხოვეს, რომ თემს დაეთმო ადიგენში არსებული შენობა, სანაცვლოდ გადასცემდნენ თანხას და თავად შეეძინათ შენობა. მუსლიმი თემისთვის ეს პირობა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.
2024 წლის 3 აპრილს ქალაქ ახალციხეში ადიგენელ მუსლიმებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლები, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. შეხვედრაზე განიხილეს დაბა ადიგენში მდებარე შენობის სანაცვლოდ, მუსლიმებისთვის სოფელ იჯარეთში ახალი შენობის გადაცემის საკითხი, სადაც მუსლიმებს ლოცვისთვის უსაფრთხო და თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა უნდა შეჰქმნოდათ. თუმცა, საბოლოოდ, მუსლიმ თემს განუცხადეს რომ არსებული შენობის ნაცვლად მხოლოდ თანხას გადასცემდნენ და ამ თანხით თავად შეეძინათ სხვა შენობა. აღნიშნულ პირობას თემი არ დათანხმდა, რადგან ეს პირობა არ შეესაბამებოდა მანამდე სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ გაცემულ დაპირებებს და შესაძლოა, მომავალში ახალი შენობის მუნიციპალიტეტში შეძენა შეუძლებელიც კი გამხდარიყო მუსლიმი თემისთვის. Საბოლოო ჯამში ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვერ უზრუნველყვეს თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების წარმოება, ხშირ შემთხვევაში ისინი მხარეებადაც კი გვევლინებიან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები საკმაოდ პრობლემური და თემისთვის მიუღებელი იყო, რადგან სახელმწიფოს წარმომადგენლები მოლაპარაკებებში ჩართულ რელიგიურ ორგანიზაციას მხარედ არ აღიარებდნენ და მხოლოდ სამუფთო სამმართველოს გზით ფიქრობდნენ ქონების თუ თანხის გადაცემას. მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკაში ხშირად არ იყო დაცული რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპიც. განსაკუთრებით პრობლემური იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის მიერ გაკეთებული საჯარო გაცხადებები, რომ შენობის მფლობელი რელიგიური ლიდერები სხვა მუსლიმურ განშტოებას მიეკუთვნებიან და მათთან სახელმწიფო სამართლებრივ ურთიერთობებში ვერ შევა, კონკრეტული ჯგუფების სტიგმატიზების და რელიგიური თანასწორობის პრინციპის დარღვევის აშკარა მაგალითია.
აშკარაა, რომ სახელმწიფომ 2023 წლის ივლისის შემდეგ ვერ შეძლო ადგილზე შექმნილი კონფლიქტის რეგულირება და საკითხის სამართლიანად მოგვარება.
სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო არც მომხდარ ინციდენტებზე გამოძიების დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ისეთი დანაშაულის ნიშნები, როგორიცაა რელიგიური წესის აღსრულების უკანონო ხელშეშლა (სსკ-ის 155-ე მუხლი) და დევნა (სსკ-ის 156-ე მუხლი). მერაბ მიქელაძის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯერ კიდევ 12 მარტს მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა უწყებამ 3 კვირის შემდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა. ქართველი მუსლიმი თემი უკვე 10 წელზე მეტია ფიზიკური, სოციალური და სიმბოლური ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების გამოცდილებებს აწყდება. მაგალითად, 2013 წელს სოფელ ჭელაში სახელმწიფომ ადგილობრივი მეჩეთის მინარეთის უკანონო დემონტაჟი მოახდინა და ამ პროცესში ადგილობრივი მუსლიმი თემის უკმაყოფილება პოლიციამ მასობრივი ძალადობით და დაკავებებით უკანონოდ ჩაახშო; 2014 წელს სოფელ მოხეში ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო ისტორიული მეჩეთის დემონტაჟი და მაშინაც ადგილობრივი მუსლიმების სპონტანური პროტესტი პოლიციამ მასობრივი დაკავებებით და ძალადობის უკანონო გამოყენებით ჩაახშო (აღნიშნული აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ); 2017 წელს ასევე სოფელ მოხეში ისლამოფობიურ კამპანიებში ჩართული ადგილობრივი აქტივისტი ქალი ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა (მუსლიმი დირექტორის საეჭვო გათავისუფლების შემდეგ), მან მუსლიმ მოსწავლეს ჰიჯაბის მოხსნა უკანონოდ მოსთხოვა, რასაც ასევე მოჰყვა მუსლიმი თემის პროტესტი; მოხის ისტორიული მეჩეთის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრეობის საქმეზე შექმნილმა სახელმწიფომ კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო და 2017 წელს შენობას სადავო კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად ამ შენობით მუსლიმები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ. შენობის განადგურებისგან დასაცავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები კი სუსტია. აღნიშნული გამოწვევების ფონზე სახელმწიფომ სოფელ მოხეში მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენებისთვის საჭირო რესურსები გადასცა; 2016 წელს სოფელ ადიგენში ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმებს საფლავის ორგანიზების უფლება არ მისცა და მუსლიმი თემის მხრიდან ამ საკითხის დაყენებას, ადგილობრივი მართლმადიდებლების მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ძალადობის ამ ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია; 2018 წელს სოფელ ქვაბიჯვარში სახელმწიფომ საპატრიარქოს თვითნებურად გადასცა სოფელში მდებარე 8 ჰა მიწა და ადგილობრივი მუსლიმი გლეხები, ვინც წლები სარგებლობდნენ აღნიშნული მიწებით, სასიცოცხლო რესურსის გარეშე დატოვა (გადაწყვეტილების უკანონობა ნაწილობრივ აღიარებულია ადგილობრივი სასამართლოების მიერაც).
არც ერთ აღნიშნულ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია. ზემოთ აღნიშნული შემთხვევებიდან უმრავლესობაში კანონდამრღვევი პირები პასუხისმგებლობის გარეშე დარჩნენ. ცხადია, რომ დაუსჯელობის ეს გარემო, ახალისებს ძალადობის ახალ ინციდენტებს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ზემოთ აღნიშნული რელიგიური შეუწყნარებლობის, ძალადობის და შევიწროების შემთხვევები თითქმის ყოველთვის მსგავს ნარატივს ატარებდა. ქართველი მუსლიმების მხრიდან საკუთარი რელიგიურობის დემონსტრირებას აპროტესტებდა ადგილობრივი მართლმადიდებელი თემი და საჯარო სივრცეზე საკუთარ მონოპოლიას და ექსკლუზიურ უფლებებს უსვამდა ხაზს. მათი თქმით, ეს ქართული და ქრისტიანული მიწაა და მუსლიმებს იგივე უფლებები და შესაძლებლობები ამ სივრცეში ვერ ექნებათ. ნაციონალიზმის ეს ფორმა, რომელიც იმას თუ ვინ ვართ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები რელიგიური და ეთნიკური მარკერებით ვიწროდ განსაზღვრავს და არ აღიარებს თანასწორი მოქალაქეობის პრინციპს, ექსკლუზიონისტურია, მჩაგვრელია და მუდმივად აწარმოებს უთანასწორობას, იერარქიებს და გაუცხოებას. არსებითია, რომ სახელმწიფომ და ასევე საქართველოს ეკლესიამ გაიაზროს ამ გაბატონებული წარმოდგენის პრობლემურობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და იმუშაოს მის ცვლილებაზე. სამწუხაროდ, ამის მცდელობა არც პოლიტიკური და არც საეკლესიო წრეებიდან არ ჩანს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენი მოთხოვნები რჩება იგივე, მოვუწოდებთ:
Სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას
დაიწყოს გამოძიება ადიგენში ქართველი მუსლიმი თემის დევნისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები;
მიიღოს ზომები ძალადობრივი ინციდენტების ეფექტიანი და გრძელვადიანი პრევენციისთვის;
გაზარდოს ადგილობრივი პოლიციის ცოდნა და მგრძნობელობა თანასწორობის და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებში.
ადიგენის მერსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს
განუხრელად დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტის და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები და საკუთარი განცხადებები და გადაწყვეტილებები შესაბამისობაში მოიყვანოს კანონის მოთხოვნებთან.
საქართველოს მთავრობას
დაგმოს რელიგიური შეუმწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა გამოვლინება და საკუთარ რიტორიკაში გააძლიეროს დემოკრატიაზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური შინაარსი;
მიიღოს ზომები რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის სისტემური პრევენციისთვის მათ შორის, ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების, საჯარო სამსახურში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების გზით.
გაატაროს ინკლუზიური პოლიტიკა რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში, რომელიც ერთის მხრივ არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის უსაფრთხო, სამართლიან და თანასწორო პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს შექმნის და მეორეს მხრივ, სხვადასხვა თემებს შორის ნდობის მშენებლობას და კონფლიქტების პრევენციას შეუწყობს ხელს.
საქართველოს საპატრიარქოს
შეისწავლოს ახალციხის ეპარქიაში წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები და მიიღოს ზომები, რომ მისმა სასულიერო პირებმა შეწყვიტონ ქართველი მუსლიმი თემის რელიგიური შევიწროება და თანასწორი და მშვიდობიანი თანაცხოვრების კონსტიტუციური და ასევე, ქრისტიანულ იდეის უგულებელყოფა.