სოლიდარობის თემის განცხადება ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით

„სოლიდარობის თემი“ ეხმიანება 15 მარტს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას. მიგვაჩნია, რომ საკონსულტაციო საბჭოს ასოცირება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ ჯგუფებს უკავშირებს სხვა სახელმწიფოებს და მეორე მხრივ, ხელს არ უწყობს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად ეთნიკური ჯგუფებისა და აქტივისტების ფართო მონაწილეობას. მსგავსად წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკა ხელს უშლის არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესს და მათ განაცალკავებს საერთო ეროვნული ერთობიდან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის მიმართ ინკლუზიურ, თანასწორ და სამართლიან სახელმწიფო პოლიტიკას. მიგვაჩნია, რომ ეს უკანასკნელი დაფუძნებული უნდა იყოს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე და მისი განხორციელების პროცესში ქვეყნის ყველა ეთნიკური ჯგუფს თანაბრად შეეძლოს მონაწილეობა.

„სოლიდარობის თემი“ ახალი სამოქალაქო  მოძრაობაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა აქტივისტებს აჭარიდან. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, მრავალფეროვნების წარმოჩენასა და თანასწორობის დაცვას.