სოლიდარობის თემი კრიტიკულად აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში სოფლის ცენტრში მდგარი მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტს, რომლის თაობაზეც პირველად 6 აპრილს ადგილობრივმა მედია საშუალება – სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.1
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სახალხო დამცველს თავიანთი პასუხისმგებლობებისა და მანდატის ფარგლებში, ერთი მხრივ, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ხევაშენის მეჩეთის მდგომარეობა, უზრუნველყონ მისი სათანადო აღდგენა და კონსერვაცია; მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივით სისტემურად შეისწავლონ საქართველოში საუკუნოვანი მეჩეთების, როგორც საქართველოს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობანი და შეიმუშაონ სპეციალური სტრატეგია აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში არსებული სავალალო მდგომარეობაში მყოფი საკულტო ნაგებობების, მათ შორის, მეჩეთების გადარჩენისა და აღდგენისთვის.
ოფიციალური ცნობებით, ეს საკულტო ნაგებობა 1908 წელს, ლაზი ოსტატების მიერაა აშენებული. ადიგენის მერიის ცნობით, დაზიანებულ მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა. ხევაშენის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, თუმცა როგორც სხვა მეჩეთების შეთხვევაში, მაგალითად აჭარაში ზვარეს მეჩეთი,5 ეს სტატუსი კულტურული და ისტორიული ნაგებობების გადარჩენის შესაძლებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ადგილობრივი მედიის ცნობით2 ადიგენის სოფელ ხევაშენის მოსახლეობა უყურადღებობაზე ჩივის და დახმარებას ითხოვს, რადგან ჩამონგრეულმა ლოდებმა ახლომდებარე მაცხოვრებლის ღობე გადაანგრია და საფრთხეს შეუქმნა მოსახლეობის უსაფრთხოებასაც, რადგანაც ბავშვები ხშირად თამაშობენ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხევაშენის მეჩეთი უნიკალური კულტურული და ისტორილი ღირებულების მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭთა პერიოდში გადაღებილი უნდა ყოფილიყო შიდა სივრცე, რადგან გამოიყენებოდა კლუბად, კედლებზე, მიჰრაბზე, სარკმლებსა და სხვა დეტალებზე ადვილი შესამჩნევია მოხატულობა, საღებავის მკვეთრი ფერები, ასევე აღსანიშნავია გუმბათი და ჭერის სხვა ნაწილები, რომელიც მთლიანად ორნამენტირებულია და ფერად საღებავთან ერთად ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.4
ქვეყანაში არსებული საუკუნოვანი ქართული მეჩეთები ჩვენი ერის განუყოფელი კულტურული მემკვიდრეობაა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მათი დაცვის ვალდებულება. კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის მეექვსე ნაწილით საქართველო, როგორც სოციალური სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას იზრუნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. ხოლო მეოცე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.
მეჩეთების მკვლევარის, ნესტან ბლუაშვილის თქმით,3 მეჩეთი უკვე წლებია დაზიანებულია. 2016 წელს, როცა მათ ექსპედიციის ფარგლებში მეჩეთი მოინახულეს, კედელი გახსნილი იყო. აქვს თუ არა ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაზიანებული მეჩეთის შესახებ და აპირებენ თუ არა მის შეკეთებას — კითხვებით სააგენტოს დაუკავშირდა სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მედია TOK-TV, თუმცა პასუხი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.
წყაროები
- ლინკი https://sknews.ge/ka/news/38777?fbclid=IwAR3dSSIn58PLx3YynBOhmrvgUPTJFQwmk543HIroGYuA4EFTzhQ_nn_VE_g
- ლინკი https://tv9news.ge/ka/akhali-ambebi/religia/article/39553-khevashenshi-chamongreuli-mechethi-mosakhleobas-safrthkhes-uqmnis
- ლინკი – https://toktv.ge/%d0%bd%d0%be%d0%b2%d0%be%d1%81%d1%82%d0%b8/11111111-8/?fbclid=IwAR0dUJOSvDXyepr0Ek5xnd1FC1-aKlu2Mvm68_HzF_VwgEiOiVfmqt6WOI8
- ლინკი – http://blueshield.ge/?p=7196&lang=ka
- ლინიი – https://batumelebi.netgazeti.ge/news/349984/