სოლიდარობის თემი, როგორც ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება, ყურადღებით აკვირდება ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს კონსტიტუციური ინსტიტუტი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა ადეკვატური და კვალიფიციური რეაგირება ჰქონდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნისა.
სოლიდარობის თემი აქტიურად ადევნებს თვალს სახალხო დამცველის კანდიდატებთან ინტერვიუების პროცესს. ჩვენთვის შემაშფოთებელია ერთ-ერთი კანდიდატის თინათინ ერქვანიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც საჭიროებს შესაბამის მკაცრ რეაგირებას საზოგადოებისა და პარლამენტის დეპუტატების მხრიდან.
რაც შეეხება, კონკრეტულად პრობლემურ საკითხებს, რომლებიც გამოიკვეთა 26 ოქტომბერს თინათინ ერქვანიასთან გასაუბრებისას.
ერთ-ერთი დეპუტატის მიერ ფემიციდთან დაკავშირებული კითხვის დასმისას მისი პასუხი იყო შემდეგი: „უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს. განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, სადაც ახლოს არის ისლამური სამყარო, მათ შორის, დასავლეთით აჭარისკენ. მაგრამ ძირითადი პრობლემები აქეთ არის როგორც ვაკვირდები. პრობლემურია ისევ პანკისის ხეობა და ის ნაწილი საქართველოსი, სადაც უფრო… რელიგიას არ ვაბრალებ ამ ყველაფერს, გამორიცხულია, უბრალოდ რაღაც მენტალობის პრობლემაა და ამ თვალსაზრისით, რაღაცნაირად უნდა მოხდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია.“
მისი ამ სიტყვებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ თინათინ ერქვანია ფემიციდსა და ქალებთან დაკავშირებულ პრობლემებს უყურებს ზედაპირულად. სახალხო დამცველის კანდიდატს არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია ქალების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ აჭარაში, პანკისსა და სამხრეთ საქართველოს რეგიონებში. მოსალოდნელია, რომ მისი სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში ქალთა მიმართ არსებულ პრობლემებს შეხედოს ორიენტალიზმის ჩარჩოდან, რაც ცხადია არ შეესაბამება სახალხო დამცველის ინსტიტუტს.
გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია მისი დამოკიდებულებები რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით. სხვა მნიშვნელოვანი კითხვების ფარგლებში თვითონ აღნიშნა, რომ „მიმდევრების რაოდენობის მიხედვით ზოგიერთ რელიგიურ ინსტიტუციას შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი“. ეს მოსაზრება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს. ასევე, ხელს უწყობს დაინერგოს დისკრიმინაციული პრაქტიკები, რომლებიც ჩვენს ყოფაში ისედაც მრავლად გვაქვს.
კიდევ უფრო დამაზიანებელია მისი შენიშვნა და პარალელები საქართველოს მუსლიმების მიმართ, როცა მათ დაკავშირებას ცდილობს მეზობელ სახელმწიფოებთან და ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ „საქართველოში უსაფრთხოების სისტემა ძალიან ძლიერი უნდა იყოს“. ასევე ირიბად და უადგილოდ ასახელებს “პან-თურქისტულ” მოძრაობებს აჭარასთან მიმართებით, რაც აღვივებს ქართველი მუსლიმების მიმართ სიძულვილის ენას და ქმნის მცდარ დისკრიმინაციულ წარმოდგენებს საზოგადოებაში.
სახალხო დამცველის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის პრინციპს და არა სახელმწიფოში არსებულ მანკიერ უსაფრთხოების მზერას, რის საფუძველზეც არაერთხელ დაირღვა ქართველი მუსლიმების უფლებები მოხეში, წინწყაროში, ჭელაში და სხვა კარგად ცნობილ მოვლენების დროს. ამიტომაც, ეს დამოკიდებულებები ცალსახად მიუთითებს ერქვანიას პრობლემურ შეხედულებებზე, რაც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის შეუსაბამოა.
პრობლემურია მისი ხედვა ზოგადად საქართველოში მცხოვრები არადომინანტური ჯგუფების უფლებების მიმართ, რასაც „ყბადაღებულ თემა“-ს უწოდებს, რა დროსაც იკვეთება მისი არაემპათიური დამოკიდებულება უმცირესობის საჭიროებებისა თუ უფლებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სოლიდარობის თემისთვის მიუღებელია სახალხო დამცველად არჩეული იქნეს დისკრიმინაციული, ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და სიძულვილის ენის გამღვივებელი მოსაზრებებისა და პოზიციების მქონე კანდიდატის არჩევა. ვიმედოვნებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან ექნებათ ობიექტური და რაციონალური პოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისას.