ქვეყანაში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მწვავეა, რამაც თავის მხრივ, მრავალპოლუსიანი კომპლექსური პრობლემები გამოიწვია. ეს ფაქტორები დაერთო სხვა უამრავ მიზეზს და ქალთა მიმართ დამოკიდებულებასა და პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების მუქარაშიც გამოვლინდა. სანამ წინამდებარე სტატიაში განხილული იქნება სხვადასხვა ქეისები შანტაჟთან და პირადი ცხოვრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მანამ უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად ყველა ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება უნდა იყოს დაცული.
საინტერესოა, თუ რატომ ხდება უფრო ხშირად ქალების მიმართ მსგავსი მუქარა და დაშინება მათი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით. რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი დაშინების ფაქტები. ამრიგად, აღნიშნულ სტატიაში განხილული იქნება სამი ცნობადი ქალის შემთხვევა, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვებისა და თვალ-თვალის მსხვერპლი გახდნენ.
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა 2016 წლის 14 მარტს, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში. აღნიშნულ ვიდეოში არის ჟურნალისტის მიმართ პირადი ცხორების კადრებით შანტაჟი და მოწოდება ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით. ასევე ვიდეოში მოუწოდებს სხვა პოლიტიკოსებსაც შემდეგნაირად: „მოგიწოდებთ ყველა პოლიტიკოსს და ელიტას, რომელზეც არსებობს ეს კადრები: დატოვოთ დაკავებული თანამდებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა გაიგებს თქვენი სექსუალური აღვირახსნილობის, ორიენტაციისა და ნარკოთამაშების შესახებ“. ინგა გრიგოლია გამოეხმაურა პირდაპირ ეთერში და განაცხადა რომ მას არ ეშინოდა ამგვარი მუქარის: „ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ“.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2019 წლის 27 იანვარს გაავრცელეს. პოლიტიკოსი საკითხის ირგვლივ სხვადასხვა პირს ასახელებდა, თუმცა ამავე წლის 29 ივლის, შინაგან საქამეთა სამინისტრომ მოახერხა პირის იდენტიფიცირება, რომელიც სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარზე მიუთითებდა. თუმცა ეკა ბესელია აღნიშნულ ფაქტს მიიჩნევს „ფიქციად“ და თვლის, რომ : „ეს ფიქციაა. რვა თვე გავიდა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებიდან და ეს საქმე ისევ გამოუძიებელია“. პოლიტიოსი ასევე თვლის, რომ პირველწყარო ჯერჯერობით ისევ არ არის ნაპოვნი და აღნიშნულმა პატიმარმა უკანონო ჩანაწერი ატვირთა სამი დღის შემდეგ.
2021 წლის 21 მარტს ტელეკომპანია მთავარზე გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, მათ შორის მოიაზრება მოძრაობა ხალხისთვის, ანა დოლიძის კადრები. აღნიშნული ინტერვიუ მომზადებულია 2019 წელს, რესპონდენტი ივანე გულაშვილი აღწერს ყველა მასზე დავალებულ საქმეს, მათ შორის ანა დოლიძეზე მიყურადებას და თვალთვალს. დღეისათვის სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი დაკავებულია. ანა დოლიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ „შანტაჟი იწყება მაშინ, როდესაც კადრი წარმოადგენს უკვე სერიოზულ პოლიტიურ ინტერესს“.
საინტერესოა, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში მსგავრი დამოკიდებულება ცნობილი ქალების მიმართ, თუ რატომ მიმდინარეობს მათდამი მსგავსი შანტაჟი და დაშინება პირადი ცხოვრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით?! შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქალური შეხედულებები ქალებს ბოჭავს და აღარ უტოვებს პირადი ცხოვრების ქონის საშალებას, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის ქორწინებაში. სწორედ ასეთი დამოკიდებულებები უფრო დიდ რეზონანს იწვევს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ემანსიპირებული და ცნობილი ქალები, რომელიც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში არ მიეკუთვებიან „ნორმატიული“ ქალების სეგმენტს. აქ იგულისხმება ქალების ის ნაწილი, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სახლის საქმეებში და არ არიან ჩართული პოლიტიკაში ან სხვა საჯარო აქტივობაში. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ერთის მხრივ პატრიარქალური შეხედულებები ცნობილ ქალებს არ აძლევს საშუალებას ჰქონდეთ თავიანთი პირადი ცხოვრება, ხოლო მეორე მხრივ კი ქალებს აქცევს ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფად, რადგან შესაძლებელია პირადი ცხოვრების გასაჯაროებამ მათ დაუნგრიოს ოჯახები ან სხვა შემთხვაში კარიერაზე ათქმევინოს უარი.
სწორედ ამიტომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პირები აგროვებენ ფარულ ჩანაწერებს, რასაც გამოიყენებდნენ შემდგომში მათ დასაშინებლად. რადგან მიზანიც სწორედ ეს არის დააბრკოლონ, ხელი შეუშალონ, დააშინონ ცნობილი ადამიანები. მათი განზრახვაც სწორედ ეს არის ცნობილი ადამიანებს განსაუთრებით დამოუკიდებელ ქალებს, შეუშალონ ხელი პოზიციონირებაში, გამოიყენონ მათ სასარგებლოდ ან სულაც გააქრონ სოციალური ველიდან.
ამრიგად, აღნიშნული სტატია მიმართულია ქალების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად და ამასთანავე ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, რომელიც გახდა ან გახდება პირადი ცხოვრების შესახებ კომპრომატების მსხვერპლი. ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას უნდა უთმობდეს აღნიშნულ შემთხვევებს და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ყველა საქმე და დანაშაულის შესაბამისად დაუსჯელობამ არ წაახალისოს ამგვარი ქმედებები.