სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს

2022 წლის 16 სექტემბერს სოლიდარობის თემმა, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს სამოქალაქო საბჭოების მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარვადგინეთ პეტიცია აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის, შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე, რათა შესწავლილიყო აჭარის ხის მეჩეთების მდგომარეობა, დადგენილიყო მათი საჭიროებები და განსაზღვრულიყო გეგმა მათი შემდგომი რეაბილიტაცია, კონსერვაცია და აღდგენის მიზნით. 

 

აღნიშნული პეტიციის გამოქვეყნებისა და სათანადო რაოდენობით ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს გადაეცა განსახილველად 2022 წლის 31 ოქტომბერს. პეტიციის განხილვის სხდომა გაიმართა 2022 წლის 14 ნოემბერს, სადაც მომხსენებლად წარდგენილი იყო სოლიდარობის თემის წარმომადგენელი. Მსჯელობის დროს კომისიის წევრებისგან გამოითქვა მოსაზრება, რომ პეტიცია ეხებოდა მხოლოდ ერთი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობებს, რაც დისკრიმინაციული იყო. მიუხედავად ამ პოზიციის პრობლემურობისა, სოლიდარობის თემის წარმომადგენლის თანხმობით პეტიციის შინაარსი ყველა რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობის შესწავლის მოთხოვნით ფორმულირდა.

 

განხილვის სხდომის შემდეგ კომისიამ პეტიცია გადააგზავნა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემდეგი რეაგირების მიზნით. 2022 წლის 7 დეკემბრის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის წერილის თანახმად, მათ მიიღეს ინფორმაცია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან, რომ აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებობს 28 მეჩეთი, 26 ეკლესია და 2 სინაგოგა, რომლებსაც გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. Მათი გარკვეული ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია, ეტაპობრივად ხდება შესწავლა, პროექტირება და შემდგომ რეაბილიტაცია. Მაგალითად, 2022 წელს სააგენტოს მიერ შესყიდულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტში, ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციის პროექტი. 

 

მათივე თქმით ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე აბუქედას, დოლოგნის, ვარჯანისის, კვაშტისა და წონიარისის მეჩეთები დაინგრა და დღეისთვის შემორჩენილიც კი არ არის. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ცნობილია, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  მიერ, 2023 წელს, ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული 3 ელექტრონული ტენდერი (NAT230008305; NAT230009992 და NAT230011602) არ შედგა. Ბუნდოვანია ის თუ რა მიზეზით არ შედგა ერთსა და იმავე პროექტზე სამჯერ გამოცხადებული ტენდერი. Მით უფრო, რომ ტენდერებთან ერთად არ არის გამოქვეყნებული აღნიშნული მეჩეთების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები, რომლებიც ჯერ კიდევ 2022 წელს არის შესყიდული შპს “არქგზაკომუნპროექტისგან”. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ასევე ცნობილია, რომ 2022 წლის 28 ნოემბერს შეწყდა სააგენტოსა და შპს „მშენებელთა ჯგუფს“ შორის 2022 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #149 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ძენწმანის მეჩეთზე. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მოყვანილია სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შეუძლებლობა დამატებითი კვლევების გარეშე. შესაბამისად ჩვენთვის უცნობია რა დამატებითი კვლევები ესაჭიროება ძენწმანის მეჩეთს და ჩატარდა თუ არა ის და რატომ ვერ მოხერხდა მისი გათვალისწინება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისას. 

 

2023 წლის 19 აგვისტოს სოლიდარობის თემის წარმომადგენელი ვიმყოფებოდით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ზვარის მეჩეთში, რომელიც გავსებული იყო მეორადი ძველი და მძიმე საგნებით, მეჩეთის იატაკი ბევრ ადგილას იყო ჩანგრეული, სივრცე დანაგვიანებული იყო სხვადასხვა ნარჩენით, მათ შორის ცხოველების. სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად მოხდა სივრცის განთავისუფლება, თუმცა მაშინ როცა ძეგლის სატატუსის მქონე ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა ასეთ მდგომარეობაშია მიტოვებული, ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე, კედლები არის მძიმედ ავარიულ მდგომარეობაში, ჭერიც და იატაკიც, ვვარაუდობთ რომ აღნიშნული საუკუნოვანი მეჩეთი ნებისმიერ დღეს შეიძლება ჩამოინგრეს და შესაძლებელია მოიყოლოს გამვლელი ან შიგნით მყოფი ადამიანებიც. Მით უფრო რომ მალევე იწყება შემოდგომა, წვიმიანი ამინდები და შემდეგ უკვე ზამთარი. ცალსახაა რომ ზვარეს მეჩეთი ვეღარ გაუძლებს ამ წლის ზამთარსა და თოვლს.  

 

სოლიდარობის თემის წარმომადგენლები 2023 წლის 16 აპრილს ვიმყოფებოდით ძენწმანის მეჩეთში და აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ  ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ძენწმანის მეჩეთიც. დანაგვიანებული, ამორტიზებული და არაერთ ადგილას დაზიანებული. 

 

ზემოაღნიშნული სავალალო და გადაუდებელი მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენ ვითხოვთ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არათუ გამოაცხადოს ზვარისა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის ტენდერები, არამედ გამარტივებული შესყიდვის გზით შეისყიდოს მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ შემთხვევაში  სააგენტომ უნდა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება, რომ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული გზით განახორციელოს და აღნიშნული მდგომარეობა ზუსტად შეესაბამება კანონის ამ ჩანაწერს. მაგალითად, იმავე კომპანიისგან, რომელმაც კვირიკეს მეჩეთში განახორციელა სამუშაოები ან სხვა შესაბამისი კომპანიისგან.


გარდა აღნიშნული მეჩეთებისა, აჭარაში შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთებს ესაჭიროებათ დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, მათი მძიმე მდგომარეობის გამო: გულების მეჩეთი; ზედა ბზუბზუს მეჩეთი;  ქვედა მახუნცეთის მეჩეთი; ქვედა დაგვას (ღაღაიშვიულების) მეჩეთი. რა თქმა უნდა, აჭარაში არაერთ სტატუს გარეშე დარჩენილ მეჩეთს ესაჭიროება რესტავრაცია, თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეასრულოს კანონით დადგენილი ვალდებულება და პირველ რიგში იზრუნოს უკვე სტატუს მინიჭებულ მეჩეთებზე, რომლებზე ზრუნვის უფლებაც არავის არ აქვს გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოებისა. 

 

ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან, აჭარის კულტურის სამინისტროსა და აჭარის  უმაღლესი საბჭოსგან საკითხზე სათანადო ყურადღებასა და  კონკრეტულ, გაწერილ სტრატეგიულ გეგმას თუ რომელ წლებში მოხდება ზემოაღნიშნული მეჩეთების რეაბილიტაცია, რესტავრაცია, კონსერვაცია თუ სხვა საჭირო სამუშაოების განხორციელება.