ისლამი XXI საუკუნის საქართველოში 

   საქართველოში ისლამს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. VII საუკუნის 30-იანი წლებიდან, არაბობის ხანიდან იწყება ისლამის გავრცელება. ისტორია გვიჩვენებს რელიგიის გავრცელების მკაცრ გზებს. ისლამი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა გზებით იკიდებდა ფეხს საქართველოში, ასე თანდათან იგი საქართველოს ისტორიისა და კულტურის ნაწილად გადაიქცა.

  ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა ფესვები აქვს გადგმული მიწაზე, რომელსაც უძველესი დროიდან მოყოლებული ბევრი ჭირ-ვარამი უნახავს. ქვეყნის დამორჩილების მიზნით დამპყრობლები უამრავ სასტიკ მეთოდს იყენებდნენ. რელიგიის ბოროტად გამოყენებაც სწორედ ის პოლიტიკური იარაღი იყო, რომლითაც მტერი საქართველოს დამორჩილებას ცდილობდა. დამპყრობელთა პოლიტიკამ ქვეყანა უბედურების წინაშე დააყენა და ზიანიც მოუტანა, თუმცა რელიგიის შეცვლამ მტერი სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანა და გამუსლიმანებულ ქართველებში ვერ ჩააქრო ის პატრიოტიზმი, რომელმაც შემდგომში საქართველოს გაერთიანება განაპირობა. სწორედ ამ რჯულშეცვლილმა პატრიოტებმა აჩვენეს ისტორიას, რომ მრწამსი ეროვნებას არ განსაზღვრავს.

 ოსმალეთის პროპაგანდისტულმა პოლიტიკამ გაზარდა მუჰაჯირთა რაოდენობა, ამასთანავე მყარად გაიდგა ფესვები მანკიერმა აზროვნებამ, რომელმაც ერთმანეთის სინომიმებად აქცია ქართველი და მართლმადიდებელი. აღნიშნული პრობლემა 21-ე საუკუნის საქართველოშიც არ კარგავს თავის აქტუალობას. 

ფოტო: აჭარელი მუჰაჯირები 1989 წ (ფოტო: ოთარ ფუტკარაძე)

   21-ე საუკუნის საქართველოში მუსლიმთა მიუღებლობა კვლავ აქტიურ პრობლემად რჩება. მუსლიმთა მიმართ დისკრიმინაცია სახელმწიფო, საგანმანათლებლო, თუ სხვათა მხრიდან საგრძნობლადაა ფეხმოკიდებული, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართულ ერთობას. აღნიშნული სიტუაცია ფეხქვეშ თელავს სეკულარიზმს, ტოლერანტულობას, თანასწორუფლებიანობას და ყველაფერს იმას, რაც ქვეყანას წინსვლაში და განვითარებაში ეხმარება.

  ვფიქრობ დღესდღეისობით  გამეფებულ გაუკუღმართებულ წარმოდგენებზე საუბრის და პრობლემის აღმოფხვრის ალტერნატიული გზების ძებნის ვალდებულება გვაკისრია, რათა ჩვენმა თაობამ, მაინც შეძლოს ქვეყანაში დამკვიდრებული მანკიერი აზრის საბოლოოდ ფორმირება, რისთვისაც იღვწოდა დიდი ილია, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი და ყველა ის, ვისაც გული შესტკიოდა სამშობლოზე. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა გვჭირდება მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და ნორმალიზებული სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის.

   ბოლო წლებში გამძაფრებული აგრესია ისლამის მიმართ გულდასაწყვეტია. სამწუხაროა ის, რომ წლებია ერთსა და იმავე ადგილს ვერ გავსცდით და ისევ იქ ვართ, სადაც ჯერ კიდევ აღნიშნულ პრობლემატურ საკითხზე გასული საუკუნეების მოღვაწეები საუბრობდნენ.

ილია ჭავჭავაძის სიტყვები, ერის მნიშვნელობაზე                            

  ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ ინკლუზიური გარემო ყველასთვის, რადგან საზოგადოების ნებისმიერმა წარმომადგენელმა, განურჩევლად კანის ფერისა, წარმომავლობისა, შესაძლებლობისა, მრწამსისა და ასე შემდეგ, თავი გარიყულად არ იგრძნოს და სოციუმში დამკვიდრება არ გაუჭირდეს, თუმცა აქ ისმის კითხვა: 21-ე საუკუნის საქართველოში, რამდენად ინკლუზიურია გარემო უმცირესობებისთვის?  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში მუსლიმებს დღემდე უწევთ საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყნის ისეთივე სრულუფლებიანი წევრები ვართ, როგორც სხვა აღმსარებლობის მიმდევრები. წლებია მუსლიმი მრევლი დისკრიმინაციას განიცდის სხვადასხვა აგრესიული ჯგუფებისგან. რადიკალური ჯგუფების თავდასხმები საქართველოში ბოლო 12 წელია განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. ყველა საუბრობს მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და შემწყნარებლობაზე, თუმცა პრაქტიკაში პირიქითაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ყველა მოქალაქის რელიგიურ უფლებებს აღიარებს, ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმები კვლავ დისკრიმინირებული არიან, მათი რწმენისა და ღვთისმსახურების აღვლენის გამო. 

  საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული დაპირისპირებების შემთხვევები:

  •  2012 წელს სოფელ ნიგვზიანში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება წარიმართა. დაპირისპირების მიზეზი კერძო სახლში ლოცვის აღვლენა გახდა. კონფლიქტი 26 ოქტომბერს პარასკევის ლოცვის შემდეგ დაიწყო. მლოცველებს სოფლის ქრისტიანმა მოსახლეობამ სამლოცველოს გაუქმება შემდეგი სიტყვებით მოსთხოვა: „თათრები გურიაში ვერ ილოცებენ!“, „ქრისტიანულ ქვეყანაში მოთრეული რელიგიის წარმომადენელი რატომ უნდა ლოცულობდეს!“, „გურიაში მეჩეთს ვერ ააშენებთ!“. 

       ფოტო: ქრისტიანების პროტესტი მუსლიმთა სამლოცველოსთან (ფოტო: ლიბერალი)  

  •   2013 წელს სამლოცველოს გაუქმების მოთხოვნით და წინააღმდეგ შემთხვევაში მუსლიმების სოფლიდან გაძევების მუქარით, დაპირისპირება იყო სოფელ წინწყაროშიც. 
  •   ინციდენტი 2013 წლის 14 აპრილს სოფელ ციხისძირშიც იყო, სადაც კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასა და სამხედრო პოლიციის თანამშრომელს შორის წარიმართა. ციხისძირში მცხოვრები მოქალაქე იხსენებს, რომ გვიან ღამე მეუღლესთან ერთად მანქანით სახლისკენ მიმავალი პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა ჩაუტარა, პოლიციას აინტერესებდა ჰქონდათ თუ არა მოქალაქეებს ჯვარი. იმ შემთხვევაში თუ ქრისტიანები არ აღმოჩნდებოდნენ სამხედროები მოკვლით იმუქრებოდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სამხედროებმა სხვა ადგილობრივებსაც მიაყენეს.
  •  ამავე წელს დაძაბული სიტუაცია იყო სოფელ სამთაწყაროშიც, მიზეზად ისევ მუსლიმთა სამლოცველო იქცა. სამ წელიწადში, სამი რელიგიური კონფლიქტი აღინიშნა სოფელ ჭელაშიც. 2013 წელს სოფელ ჭელაში კონფლიქტი მინარეთის დადგმის საბაბით დაიწყო.

        ფოტო: სოფელ ჭელა. მინარეთი (ფოტო:ტაბულა)  

  •  2014 წელს რელიგიური კონფლიქტი იყო სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმმა მოსახლეობამ ისტორიული მეჩეთის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემა მოითხოვა. მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და შენობის დემონტაჟი დაიწყეს, ამას რა თქმა უნდა მუსლიმთა პროტესტი მოყვა, მუსლიმთა პროტესტმა კი ქრისტიანი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას.

          ფოტო: მოხეს ისტორიული მეჩეთი                                          

  •  კონფლიქტის ეპიცენტრი ისევ ადიგენია, სადაც 2016 წელს დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა მუსლიმი მრევლის სასაფლაოსთვის გამოყოფილ ტერიტორიის გამო.
  •    საქართველოში რელიგიური კონფლიქტების სერიიდან კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი 2014 წელს ქობულეთში მოხდა. 15 სექტემბერს მუსლიმთა პანსიონი უნდა გახსნილიყო, ადგილობრივმა ქრისტიანებმა კი ხელის შესაშლელად 10 სექტემბერს პანსიონის ეზოში ღორი დაკლეს და ღორის თავი პანსიონის კარზე მიამაგრეს, პანსიონთან კი ბარიკადები აღმართეს. 

         ფოტო: ღორის თავი პანსიონის კარზე                                                

  •   2017 წელს ადიგენში, სოფელ მოხეში სკოლის დირექტორმა მუსლიმ მოსწავლეს უკანონოდ მოსთხოვა ჰიჯაბის მოხსნა, რამაც მუსლიმების პროტესტი გამოიწვია. 
  • 2018 წელს სოფელ ქვაბიჯვარში სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს თვითნებურად გადასცა მიწები, რომლითაც მუსლიმები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. 
  • კიდევ ერთი რელიგიური კონფლიქტის ადგილი 2021 წელს გახდა სოფელი ბუკნარი. ბუკნარში მომხდარი დაპირისპირებაც კერძო სახლში გახსნილმა სამლოცველომ გამოიწვია.

        ფოტო: რელიგიური კონფლიქტი ბუკნარში  

  •    ახლახან კონფლიქტი ადიგენში კვლავ გაღვივდა. 8 მარტს ადიგენში მართლმადიდებელი მოსახლეობის რადიკალურმა დაჯგუფებამ, გადაწყვიტა, რომ მუსლიმებს საკუთარ სახლში ლოცვის უფლება არ აქვთ. ისინი იჭრებიან კერძო საკუთრებაში, სადაც მუსლიმები პარასკევის ლოცვას აღავლენენ და ხელს უშლიან ლანძღვითა და გინებით ლოცვის მსვლელობას. საყურადღებოა ისიც, რომ მუსლიმი მრევლი ბათუმში წლებია ითხოვს ნებართვას ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის, მუსლიმებს რამდენიმე წელია  ღია ცის ქვეშ უწევს ლოცვა, თუმცა მოთხოვნა პასუხგაუცემელი რჩება ამ დრომდე.

        ფოტო: ადიგენის, 8 მარტის მოვლენებიდან 

 ზემოხსენებული შემთხვევები, ის გახმაურებული საკითხებია, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოში ხდება. მე ხაზი გავუსვი, იმ მძაფრ შემთხვევებს, რომელიც ბოლო წლებში ხდებოდა, თუმცა დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქართველი მუსლიმების მიმართ მხოლოდ ამ შემთხვევებით არ შემოიფარგლება. აგრესიული დამოკიდებულება მძაფრადაა თავსაფრიანი გოგონების მიმართ, რომლებიც უფრო ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან, ვიდრე სხვები. თავსაფრიანი გოგონები ხშირად აწყდებიან დასაქმების პრობლემას, რაც ზოგ შემთხვევაში მათ კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.

  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის სეკულარიზმის კრიზისი და სანამ ასე მძაფრად იქნება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, მანამ ვერ შევძლებთ მშვიდობიან, დემოკრატიულ და სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრებას. ისლამოფობია საქართველოში ძლიერად არის ფეხმოკიდებული, რაც უკავშირდება წარსულში ისლამურ სამყაროსთან მტრობას. ამიტომ მიიჩნევა, რომ ქართველად ფორმირება მხოლოდ გაქრისტიანებით არის შესაძლებელი.

  მიუხედავად იმისა, რომ წარსულში საქართველოს დაპირისპირება ჰქონდა ისლამურ სამყაროსთან, ისლამი არის ქართული კულტურის ნაწილი. ის არის რელიგიის განსხეულება ეროვნულ კულტურაში და დავიწყებას არ უნდა მიეცეს ისლამის როლი საქართველოს ისტორიაში. 

   ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა (სოლიდარობის თემი)

    დისკრიმინაციის აქტუალურობას განაპირობებს

  • საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა
  • მედია საშუალებების მხრიდან გაშუქებული არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია
  • საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული პროპაგანდისტული პოლიტიკა, რომლის მიზანიც ქართველ მუსლიმთა და ქრისტიანთა შორის სიძულვილის გაღვივება იყო
  • წარსულში ისლამურ სამყაროსთან მტრობა

     ტოლერანტობის მაგალითები

   მართალია მძაფრადაა დისკრიმინაცია, მაგრამ, ამავდროულად არ უნდა დავივიწყოთ ის ტოლერანტული შემთხვევები, რომლებიც ხელს უწყობს არსებული პრობლემის პრევენციას.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი მუდმივად დგარს მოძმე მუსლიმების გვერდით და  აკეთებს სწორ აქცენტებს ისლამოფობიის წინააღმდეგ, საჯაროდ აფიქსირებს თავის პოზიციას ისლამის მიმართ არსებული დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ.

ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს შორის არსებული პატივისცემისა და ტოლერანტობის მაგალითები ბევრია. სხვადასხვა მრწამსის ადამიანები ერთ სოციუმში ცხოვრობენ, ეცნობიან ერთმანეთის რელიგიასა და ტრადიციებს.  რელიგიურ დღესასწაულებს უზიარებენ და ულოცავენ ერთმანეთს. მშვიდობიანი თანაცხოვრება ის გზაა, რომელიც ხიდჩატეხილობას ებრძვის და განსხვავებული მრწამსის საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთობას განამტკიცებს.

იმისთვის, რომ არსებული პრობლემები აღმოიფხვრას საჭიროა დემოკრატიულობა. სწორედ ამისთვის გვჭირდება ევროპული ინტეგრაცია, რომ საზოგადოება გახდეს მშვიდობის, ტოლერანტობის, თანასწორობისა და კანონის მიმართ  ერთგული. აუცილებელია შევქმნათ ინკლუზიური გარემო ყველასათვის. ქვეყანაში ინკლუზიურობა იზომება, იმით თუ რამდენად თანასწორია გარემო განსხვავებული აზრისა და მრწამსის მიმართ. რელიგიური მრავალფეროვნება საგანძურია, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ.