საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება

მიმდინარე წლის მაისის თვეში სოლიდარობის თემმა მივმართეთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით.  ჩვენ მივიჩნევდით, რომ 2022 წლის 14 მაისს „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში „ერთი დღე სოფელში” ჟურნალისტმა ნათია თავდგირიძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი. სიუჟეტი ეხებოდა სოფელ ჭვანას და იქ არსებულ ქართულ ისლამურ მემკვიდრეობას, ჭვანის ხის მეჩეთს, სადაც იკვეთებოდა მისი გაშუქების შინაარსის პრობლემურობა.

15 ივლისს საბჭომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი1 და აღნიშნა, რომ  ნათია თავდგირიძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი.2

გადაწყვეტილება პრეცენდენტულია, რადგან ჟურნალისტებისთვის ისტორიის გაშუქებისთვის სტანდარტს ადგენს. გთავაზობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ამონარიდებს გადაწყვეტილებიდან.

„საბჭო მიიჩნევს, რომ მასალა დისკრიმინაციულია, ახალისებს სიძულვილის ენას და შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას შეუწყოს ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტი შეიძლება ჰყვებოდეს ლეგენდას, წინაპრების მონათხრობს თუ სოფელში გავრცელებულ ისტორიას, ეს არ ათავისუფლებს ჟურნალისტს იმ პასუხისმგებლობისგან, მოახდინოს დისკრიმინაციული ინფორმაციის იდენტიფიცირება და მის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

საბჭო მიიჩნევს, რომ მასალაში გავრცელებული ინფორმაცია ამძაფრებს საზოგადოებაში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს, ხოლო მუსლიმთა მტრებად, დამპყრობლებად განსაზღვრა ხელს უწყობს რელიგიურ დაპირისპირებას.

სადავო გადაცემაში რესპონდენტების მიერ გამოყენებული ლექსიკა და დამოკიდებულება ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, ამ დროს ჟურნალისტს არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება მიუღებელია როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისთვის. ამასთან, გადაცემა არ გადიოდა პირდაპირ ეთერში, შესაბამისად ჟურნალისტს ამის გაკეთება მონტაჟის დროსაც შეეძლო.“

გარდა ქარტიის საბჭოსი ამავე საჩივრით მივმართეთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითმარეგულირებელ საბჭოს, რომელმაც განიხილა შემადგენლობით – ბესარიონ შერვაშიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათელა გოგიჩაიშვილი. ჩვენი მოთხოვნები იყო: მაუწყებელს თავიანთი პორტალებიდან წაეშალათ სადავო სიუჟეტი, სათანადო დროით უზრუნველეყეს ქართული ისლამური კულტურის, მათ შორის აჭარული ხის მეჩეთების, სათანადოდ წარმოჩენა და მაუწყებლის შიგნით შექმნილიყო სტრატეგია და სარეკომენდაციო ჯგუფი, რომელიც ჟურნალისტებითვის გასცემდა რჩევებს აწ უკვე გაშუქებულ საკითხთან დაკავშირებული თემების თაობაზე.

სამწუხაროდ, საბჭომ დაუსაბუთებლად არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და  ჩვენი არგუმენტები რადიკალურად უარყო. მათ სრულიად უგუვებელყვეს ჟურნალისტის პოზიტიური ვალდებულება მის მიერ გაშუქებული ინფორმაციის გადამოწმების თაობაზე და პირიქით, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი გადმოიტანეს მომჩივანზე. ასევე, აღნიშნეს რომ ინტერვიუ არ შეიცავს საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულ მოწოდებებსა და გამონათქვამებს. ამ დროს სრულიად იგნორირებულია აჭარის ადგილობრივი კონტექსტი, ქართველი მუსლიმების მიმართ არსებული მძიმე სიძულვილის ენა და რელიგიის ნიშნით განვითარებული კონფლიქტების შინაარსი რომელიც ბოლო ათწლეულია მიმდინარეობს საქართველოში, მათ შორის, აჭარიდან ეკომიგრანტებით დასახლებულ სივრცეებში (ბუკნარი, ქობულეთი, სამთაწყარო, წინწყარო, მოხე და სხვა). ასევე, მიუთითეს, რომ მათ ზიანი არ მიუყენებიათ ქართული ისლამური კულტურისთვის მაშინ როცა გააშუქეს სიუჟეტი, სადაც ჭვანის მეჩეთი წარმოჩენელია სიძულვილის ენის გაღვივების ასპარეზად, რადგან სწორედ მის ეზოში ხდება მითოსური ისტორიების თუ ზეპირსიტყვიერების გადაცემა, რომლის რეალური წყარო არავისთვისაა ცნობილი.

მიუხედავად, ზემოაღნიშნული შემთხვევისა სოლიდარობის თემი იაზრებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საავტორო გადაცემის „ერთი დღე სოფელში“ უაღრესად მნიშვნელოვან როლს რეგიონის წარმოჩენისა და პრეზენტაციის კუთხით და არა მხოლოდ. ჩვენი მიზანია, მედიის მიერ გაშუქებული საკითხების ხარისხი გაიზარდოს და ამაღლდეს. ამისთვის, ჩვენ მუდამ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საერთოსაზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნის პროცესში.   

დანართი 1

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი – ლინკი

დანართი 2

ქარტიის 1-ლი პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებასმიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

ქარტიის მე-7 პრინციპი: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.