მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა

“მერი დეიდა, მერი დეიდა, დედამ გთხოვათ, რძე, ჩლეჩილი ყველი და ახალი კაიმაღი თუ აქვსო”, – მსგავსი შეძახილებით იწყებოდა დილა ბეშუმში. იქ საზაფხულო არდადეგებზე 20 დღე გავატარე. ყოველ დღე ვხედავდი მოფუსფუსე ქალს, რომელიც იმ სახლთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც ვრჩებოდი. ის მესაქონლეობით იყო დაკავებული. 

მერი დეიდა იალაღებზე ადრეულ გაზაფხულზე მიდის და გვიან შემოდგომამდე რჩება. მემთეური ქალის ყველა დღე მზის ამოსვლასთან ერთად იწყებოდა. დილით ბოსელში დაახლოებით 5 ძროხას წველიდა, შემდეგ საქონელს აპურებდა და რძისგან სხვადასხვა პროდუქტს – ჩლეჩილ ყველს, კაიმაღს და კარაქს ამზადებდა, რასაც შემდეგ დამსვენებლებს მიჰყიდდა, ნაწილს კი საზამთროდ ინახავდა. ამბობდა, რომ ასე ქალაქში მცხოვრებ შვილს, რძალს და შვილიშვილს ეხმარებოდა.

“მათ აქ ამოსვლა ერთი დღითაც უჭირთ. ახალგაზრდები არიან, განათლების მიღება ურჩევნიათ. ეს კარგია, რადგან რთულია აქ ჩვენი ყოფა. ეს საქმე მე ჩემმა დედამთილმა გადმომაბარა, მას ბევრი საქონელი ჰყავდა, მაგრამ მე ამდენი შეძლება აღარ მაქვს. რამდენიმე საქონელს ვუვლი. არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი გავაგრძელებ იალაღებზე საქონლის მოვლას, თუმცა აქ ამოსულ ტურისტებს თუ დამსვენებლებს ჩემი პროდუქცია მოსწონთ და ეს სტიმულს მაძლევს”.

ვფიქრობ, მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების მხსნელები მათი შვილები არიან. შვილები, რომლებიც განათლებას მიიღებენ და შემდეგ ვალდებულნი იქნებიან, თავიანთ დედებს დაეხმარონ. ახლა გოგოები გამოწვევის წინაშე დგანან – ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ხარისხიანი, მათთვის სასურველი განათლებისათვის, დასაქმებისათვის. გოგოები თვლიან, რომ განათლება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომ განათლების გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ და ვერ განვითარდებიან. 

ამის ფონზე კარგად ვხვდები, რამდენად რთულია შუა ხნის ასაკის ქალის ცხოვრება მთაში. მგონია, რომ ის და სხვა მოიალაღე ქალები გმირები არიან. 

ავტორი: ანანო ინაიშვილი

 ესეების კონკურსის “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში” ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში