მორჩილება “კარგი გოგოს” სტატუსისთვის და ურჩი ქალის სევდა მთაში

ძალადობა – ეს ტერმინი ყველა ასაკში სხვადასხვაგვარად მესმოდა. კალენდარზე ყოველი წლის ცვლილებასთან ერთად სხვაფერდებოდა, სეზონის გამოცვლასთან ერთად იმ სეზონივით ფერებს იცვლიდა, რომელი სეზონიც დგებოდა: ზამთარში უფრო ცივი იყო, გაზაფხულზე უფრო მეფერადებოდა, ზაფხულში ცოტა რუჯისფერი ხდებოდა, შემოდგომაზე კი ყველა ძალადობის ფაქტი მცვიოდა კანიდან, როგორც ხეებს ცვივა ფოთლები.

ძალადობა ბავშვობისას სათამაშოს დათმობა მეგონა, ბზრიალას თუ თოჯინას გამო თმებში რომ ვწვდებოდი ან მწვდებოდა მეგობარი, ის მეგონა. ცოტა უფრო მოზრდილობაში მასწავლებელი რომ კლასელებს ყურზე ქაჩავდა, ეგ მეგონა. თუმცა არა, კი არ მეგონა, ზუსტად ვიცოდი. მხოლოდ ის არ ვიცოდი, რომ ამ ძალადობის თანამონაწილე თავადაც ვიყავი, ჩემთან ერთად მთელი კლასი იყო და საერთოდ უფრო ფართო წრე რომ იყო ამ მოძალადეთა კლასის. მისგან თავდაცვაც განსხვავებულად მესმოდა. ან იქნებ არც მესმოდა და მე მეგონა, რომ მესმოდა. დღეს უფრო ბევრ მოძალადესა და პოტენციურ მოძალადეს ვხედავ.

ვხედავ, როგორ ეძახის მაყვალას მეზობელი ჟუჟუნას დედამთილი, ბავშვი მიაძინე და ყანაში ჩამოდი, არა უშავს, მეც მასე გავზარდე ცხრა შვილიო;

ვხედავ, როგორ ელოდება ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გულნარა ქმრის დასტურს, თმა რომ შეიჭრას.

თავდაცვა – ამ სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა კი ვიცით, მაგრამ რეალობაში მას საჭიროებისამებრ ვერ ვიყენებთ. ჯერ მენტალურად ვერ გამოვჯანმრთელდით ისე, რომ შევძლოთ გადაწყვეტილების თავად მიღება, მორჩილება რომ ,,კარგი გოგოს, კარგი რძლის“ მთავარი განსაზღვრებაა, იმ საზოგადოებას ვერ დავაღწიეთ თავი. მასის გავლენას რომ ვერ დავაღწიეთ თავი, „ხალხი რას იტყვის” მხოლოდ ამაზე რომ ვაგებთ ჩვენს დღის წესრიგს. ძალიანაც გვინდა მოკლე ფერადი კაბის გამომზეურება ან ვიტრინიდან აღება და ჩვენი სხეულის შემოსვა, მაგრამ „ხალხი რას იტყვის” და კვლავ სტანდარტულად ფართო, მოგრძო კაბებს რომ ვყიდულობთ, აი, ჯერ კიდევ იმ სოციუმში ვცხოვრობთ.

მოძალადე თუ არა, პოტენციური მოძალადეები მაინც ვართ მინიმუმ. მე თავადაც ერთ-ერთი მათგანი ვარ: ჯერ არ ჩასახულ შვილს რომ უკვე გადავუწყვიტე, რამდენ წრეში უნდა ვატარო, რას ჩავაცმევ, როდესაც ბაღში შევიყვან და ა.შ. მეც ხომ ვარ პოტენციური მოძალადე, თავს ვიმართლებ, სუბიექტური ვარ, როდესაც ვაცხადებ, რომ მეც მსგავსმა მოძალადეებმა გამზარდეს მსგავს შეგონებებზე. როგორ შეგონებებზე?

“ქმრის მონა-მორჩილი უნდა იყო”;

“ოჯახის უფროსი რასაც გადაწყვეტს, ის კანონი უნდა იყოს შენთვის“;

 “თუ გაგიშვებენ, უნდა წახვიდე, თუ არ გაგიშვებენ  – დარჩე“;

“განქორწინება გამორიცხულია, ხალხი რას იტყვის”;

“აუცილებლად ქალიშვილი უნდა გათხოვდე“.

დაიღალე ხომ მკითხველო მსგავსი “კონსერვატიული თუ სტერეოტიპული” ფრაზების კითხვით, შენც გაიფიქრე ხომ, რა დროს ეგ არის, რომელი საუკუნეაო? დიახ გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა, ადამიანმა მთვარეზეც დადგა ფეხი, იქ უკვე ქორწილსაც კი გეგმავს, გამოქვაბულების ნაცვლად საკუთარ გემოვნებით მოწყობილ სახლებში ვცხოვრობთ, თუმცა ვერა და ვერ შევცვალეთ ის, რომ ძალადობის შემდეგ მაგრამ არ უნდა დავწეროთ. ვერა და ვერ გავიზარდეთ ისე, რომ საკუთარი გადაწყვეტილება, საკუთარი საზღვრები ქალებმა დავიცვათ ისე, რომ ამისათვის სასამართლოსა და პროკურატურაში სიარული არ მოგვიხდეს.

ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ! დიახ, უხილავ ომში. ყოველ დღე გვეშინია, არ დავიჭრათ. სულ დამცავი ჟილეტი გვაცვია, ტყვიამ რომ სასიცოცხლო ორგანოები არ დაგვიზიანოს. სანამ ვიარსებებთ მე, ჟუჟუნა, მაყვალა, გულნარა (სახელები გამოგონილია, პირობითია, თუმცა მისი პროტოტიპები ნამდვილად არსებობს), მანამდე ძალადობის პრევენციაზე მხოლოდ ფურცლებზე დაიწერება, მაქსიმუმ რომელიმე ორგანიზაციის სემინარზე გაჟღერდება. ამ სემინარს რამდენიმე მოვისმენთ, ძალიან ბევრ ქალს სურვილი აქვს ამ სემინარს დაესწროს, თუმცა შესაძლებლობა არა – “ოჯახის უფროსის” ნებართვა ვერ მიიღო შეხვედრაზე წასასვლელად.

ამასობაში ვიღაცას გაჭაღარავებული თმა დარჩა შეუღებავი;

ვიღაც ყანაში ოცნების კოშკებს აგებს, გადავცხოვრდები ქალაქში და თავს დავაღწევ ამ მონურ შრომასო;

ვიღაც  სლუკუნებს, ერთს ვაპატიებ მოღალატე ქმარს და გამოსწორდებაო;

ვიღაცას კი სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გამოაქვს, ოჯახმა “უკან დაბრუნებული” შვილი სახლში არ გვინდა, რას იტყვის ხალხიო.

                                                                                                                                                                                                  ავტორი: ლენა მამულაძე

      ესეების კონკურსის “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში” ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში