ნაილეს დილა ტრადიციულად დაიწყო. დილის 5 საათზე, ჯერ კიდევ ბინდი და ნისლი რომ ერთურთს ელამუნებოდა. ორსართულიანი ხის სახლის მეორე სართულის პატარა ოთახში, ფერადი ნაქარგებით სავსე თეთრზეწრიანი, საბანგადაფარებული საწოლიდან ფეხაკრეფით გამოძვრა თხელი სხეული. ხელის ცეცების გარეშე შეეძლო კუთხეში მიკეცილი ტანსაცმლის გადაცმა ისე, რომ ოთახში მჭიდროდ განლაგებულ საწოლებზე მიძინებული ხუთი შვილი არ გაეღვიძებინა.
რუტინულად წაიკრავდა თავზე სილგის, ნაადრევად გაჭაღარავებულ თმებს კოხტად შეიკეცავდა და დამალავდა. ისევე ფეხაკრეფით გავიდოდა ხის სახლის მეორე სართულის მეორე ოთახში, სადაც პატარა ღუმელი ელოდებოდა, მომარაგებული შეშით და ირგვლივ მიმოფანტული მუთაქებით. ეს იყო ექვსსულიანი ოჯახის თავშეყრის ადგილი, სადაც საუზმობდნენ, სადილობდნენ, ვახშმობდნენ, ლოცულობდნენ და ისვენებდნენ.
ნაილე და თავისი ხუთი შვილი – ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟიშვილი. უმცროსი ვაჟის ძებნაში დაგროვებული ქალიშვილები. უფროსი გოგო უკვე სკოლის დამამთავრებელ კლასში იყო, თუმცა სკოლაში განათლების მიღებას ვერ ახერხებდა, რადგან სკოლა ორი სოფლის მოშორებით მდებარეობდა, მას კი, პირველ რიგში, ეულად დარჩენილი დედის მხარდამხარ ცხოვრების ჭაპანი უნდა გაეწია, რადგან მამა 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. ეს პასუხისმგებლობა უფროსმა ფერიდემ ითავა. ამის მიუხედავად, ნაილე მუდამ ცდილობდა, ფერიდე დილაუთენია არ გაეღვიძებინა.
როგორც ყოველდღე, დღესაც ილოცა, მერე კი ჩუმად ააგიზგიზა ღუმელი და ზედ წყალი შემოდგა გასაცხელებლად. წელზე შემოიკრა თავისივე შეკერილი წინსაფარი, ერთი მათარა ნელთბილი წყლითა და სარძევე თასით ჩაუყვა ხის კიბეს პირველ სართულზე განლაგებული გომურისკენ, სადაც სამი სული მსხვილფეხა ელოდებოდა. მაკედ მყოფი ლამაზო, რომელიც ჯერ კიდევ კარგად იწველებოდა, ზანტი ნაბოლარა, ახლახან რომ დაიწყო წველა და ყველაზე პატარა ქოჩორა, ჯერ მხოლოდ ჭამისა და კუნტრუშის გარდა არაფერი გამოსდიოდა. წინა დღით დაგროვებული ნარცხის ულუფა და ცოტაოდენი ბალახი გაუმზადა ხის სათლაფავში, მიაბა სამივე ვერტიკალურად. ჯერ ლამაზო ჩამოწველა, შემდეგ ნაბოლარა, საბოლოო მონაგრიდან კი ცოტაოდენი რძე ქოჩორასაც ხვდა წილად.
რძე მეორე სართულის სადა სამზარეულოში დაასვენა, ღუმელის გვერდით რომ პეწიანად მოეწყოთ. კარგად ადუღებული საჩაიე წყალი ღუმელიდან გადმოდგა და ბორანოს მომზადებას შეუდგა. ჩვეულ გემრიელ სურნელთან ერთად მზემ ნათელი მოფინა ოთახებს და ოჯახის ყველა წევრის ჟრიამულით გაიღვიძა ხის სახლმა.
ფერიდე ჩვეულებისამებრ დედაზე მკაცრად აკონტროლებდა დედმამიშვილების დღის წესრიგს. საწოლები ისე უნდა გადაესწორებინათ, რომ თითქოს იქ არც არავინ წოლილა ოდესმე. მერე ერთად ჩაირბენდნენ ეზოში, ცივი წყლით ხელ-პირის დასაბანად, მხიარულად ამობრუნდებოდნენ, შემოუსხდებოდნენ ღუმელს და ნაილეს მომზადებულ საუზმეს შეექცეოდნენ.
როგორც სხვა ყველა დილით, დღესაც ნაილე ორი ლუკმის ამარა, ფერიდეს იმედით, რომ ბავშვებს მზრუნველობას არ მოაკლებს, საქონელს გარეკავს საძოვრებისკენ. დაბრუნებულს სახლში მხოლოდ ფერიდე ხვდება, ბავშვები კი სკოლაში. ფერიდეს უკვე დაურეცხავს ჯამ–ჭურჭელი და ახლად ჩამოწველილ რძეს მისდგომია. ნაილე სწრაფად გადაიბანს ხლებს და საქმეს ინაწილებენ: ყველია ამოსაყვანი, კაიმაღი, ნადუღი და კარაქია მოსართავი. შემდეგ ლოცვამდე ასწრებენ.
ლოცვის შემდეგ მეზობელი ქალები ყავაზე იკრიბებიან, ამჯერად რუსიკოსთან, რომელიც სამი სახლის მოშორებით ცხოვრობს. რუსიკოს მამამთილის წლისთავიდან შემორჩენილი ჰალვა და შექერლამა აქვთ ყავაზე მისაყოლებლად და ჩუმად ყავის გადაბრუნებაც შეიძლება, თუ მზია არ მოვა კოფის სმის რიტუალურ შეკრებაზე. მზია ახლადმონათლული მართლმადიდებელი რძალია და ყავაზე მკითხაობა ცოდვად მიაჩნია. ქალებიც ითვალისწინებენ მზიას შეხედულებებს. ეს ახლად დანერგილი რიტუალური შეხვედრა მაქსიმუმ ერთ საათს გრძელდება, რადგან ყველა მათგანს მიეჩქარება საქმეებისკენ – სადილია მოსამზადებელი, სარეცხი გასარეცხი და ბოსტანი გასამარგლი. საღამოობით კი, ვინაიდან მუდმივად შუქის პრობლემაა დაზიანებული ხაზების გამო, განსაკუთრებით უცხვირპირო ამინდების ჟამს, სწრაფად უწევთ საქონლის დაბინავება და ჩამოწველა. გვიან კი, სანთლის შუქზე მიუსხდებიან დაგროვებულ მოსაქარგ, დასაკერ, დასაქსოვებს ღუმელის პირას.
დღევანდელი შეკრება ოდნავ დიდხანს გაგრძელდა. მზიას ქმრის ბიძაშვილის, რემზის ბალდუზს წინა ღამით უმშობიარია, ვერ მოასწრეს მუნიციპალიტეტის საავადმყოფომდე მიყვანა და ცუდი გზების გადამკიდე, მშობიარობამ გზაში მოუსწრო. თურმე ახლა ორივე, დედაცა და შვილიც, ბათუმში გადაჰყავთ, დედას ბევრი სისხლი დაუკარგავს.
როგორც ყველა ქალი, ნაილეც ნერვიულობს და ელოდება ახალი ამბის გაგებას, თუმცა ნაილე მეტად საგონებელშია, ფერიდეს უკვე მეორე თვეა სისხლდენის პერიოდის დროს გონება ეკარგება და არ იცის, რით დაეხმაროს. ქალებმა ექიმბაშები მიასწავლეს, მაგრამ ფერიდე უარზეა, ექიმთან კიდევ გასათხოვარი ქალის მისვლა ვის გაუგიაო. თან ისეთი ტკივილები და სისხლდენა აქვს, არც ტკივილგამაყუჩებელი ჰყოფნის და არც ქალაქში ნაყიდი საფენები. ფერიდეც დღეს თუ ხვალ ელოდება სისხლდენის დაწყებას, მაგრამ მაინც გასულა ბოსტნის გასამარგლად. ნაილე კი ეკლებზე ზის, სახლისკენ აქვს თვალი და ყური.
თითქოს ყოველი დღე ხომ რუტინულად ერთნაირია, არამც და არამც. ყოველი დღე ბრძოლაა. ქალებისთვის კი ბრძოლაა ტკივილებითა და ჯავრით სავსე. ყოველი დღე შრომაა ქანცის გაწყვეტამდე, ქალებისთვის კი ორმაგად, შინ და გარეთ.
ავტორი: ლიკა ლაზიშვილი
ესეების კონკურსის “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში” ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში