ცვლილებების პირისპირ

ცხელი აგვისტოს ბუღი იდგა ეზოში.

ნელთბილი წყლით ახლად „გახვანჭალებული“ ჩემი გოგოსთვის ჯერ კიდევ არ მქონდა თმები შემშრალებული, რომ ჭიშკრიდან ძახილი შემომესმა:

– მასპინძელო!

– მობრძანდით! – გავძახე და თან ჩქარ-ჩქარა შევხსენი ნახევრად სველი პირსახოცი ბავშვს, კუთხეში მივმალე და გარეთ გავეგებე სტუმარს.

ეზოში ცუგა თავ-პირს იმტვრევდა. ვუთხარი, გაჩუმებულიყო. დამიჯერა, კუდი ამოიძუა და ღობესთან ჩუმად მიწვა.

  • მე თქვენი სოფლის სკოლის პედაგოგი ვარ, – გამეცნო უცნობი ქალი.

ჩემი გოგონა რაც 6 წლის შესრულდა, მას შემდეგ უკვე მესამედ მოგვაკითხეს თხოვნით, რომ სოფლის სკოლას შველა სჭირდება: კლასში ძალიან ცოტა ბავშვი ირიცხება და ჩვენ ვართ გამოსავალი და გადამრჩენელი, რომ კლასი არ დაიხუროს და დანარჩენ ბავშვებს შორ მანძილზე, სხვა სკოლაში არ მოუწიოთ სიარული.

– და ჩემი გოგო? – ვკითხე მე.

– არ იქნება პრობლემა! – მიპასუხა, – ბავშვებმა რომ არ დასცინონ, მე ვივლი თქვენთან სახლში. ხომ გესმით, შეიძლება ასეც მოხდეს. თან საგაკვეთილო პროცესშიც რომ ხელი არ შეგვეშალოს, რადგან პროგრამა საკმაოდ ვრცელია.

კიდევ ბევრ რამეზე ილაპარაკა და გარემოებები ამიხსნა. მეც ვისმენდი. განა როგორ არ მომესმინა მასწავლებლისთვის იმ სოფლის სკოლიდან, რომელშიც ჯერ კიდევ გუშინ  ვსწავლობდი.

გავაცილე. ამჯერად ცუგას აღარ აუტეხავს ერთი ამბავი, წამსვლელს ხმას არ სცემს ხოლმე. მას ჩემზე ბევრად მეტი უნახავს და ბევრად მეტი პირობაც მოუსმენია, მხოლოდ ეჭვნარევი თვალებით გამოხედვას დასჯერდა.

მასწავლებლის წასვლის შემდეგ ეზოში მარტო დავრჩი. თმა ყალყზე მედგა. შიში როგორ არ განმიცდია, მაგრამ ეს სულ სხვა გრძნობა იყო და ცოტა ხანი გაბრუებული ვიდექი. ჩემი გოგონა ჯორკოზე შემდგარიყო და ფანჯრიდან გამომცქეროდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ მისი ბედი ახლა წყდებოდა. ეს ძალაუფლება კი ჩემ ხელში იყო, როგორც მაშინ, როდესაც ექიმი მეუბნებოდა, რომ ჯერ ახალგაზრდა ვარ, რომ კიდევ მეყოლებოდა შვილი, რომ არ ღირდა თავის გაწვალება… ვიდექი მარტო და ვეღარაფერს ვხედავდი, ვხედავდი მხოლოდ მზეს. ჰოდა, გავბედე. გავბედე  და გავუსწორე თვალი, მკერდიც კი მოვიღერე, რომ გულმკერდი მიმეშვირა მწველი სხივებისთვის, რომ ენერგია მიმეღო, რომ შემძლებოდა, რომ გამებედა.

უცებ გონს მოვეგე. ვიგრძენი, იქვე ღობის კუთხეში როგორ იწვა ისევ ჩემი ცუგა და მიცქერდა ანთებული თვალებით. დავინახე ჭიშკართან ქარის მიერ შეგროვებული ფოთლები აჭარულს როგორ ცეკვავდნენ! და ვიგრძენი, რომ დრო მოვიდა, რომ დრო გრძელი ხაზია და ჩვენ მასზე ვმოძრაობთ და რომ ეს ხაზი ითხოვს ცვლილებებს.

                                                                                                                                                                              ავტორი: რუსუდან შერვაშიძე

  ესეების კონკურსის “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში” ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში