– დილა მშვიდობის, თამარ! საით მიიჩქარი?
– ბიბლიოთეკაში მივდივარ, ძია სოსო.
– ყოჩაღი ხარ. ჩემო გოგო, შაბათ დღესაც არ ისვენებ. შენ თუ გვასახელებ ჩვენს გვარში, აბა შენს ბიძაშვილს ჰკითხე, ერთი წიგნი თუ წაუკითხავს ჯერ. შენისთანა გოგო ასეთი მონდომებულია, ამას კიდე ყველაფერი აქვს, საღ-სალამათია და წიგნს მაინც ვერ გადააშლევინებ.
სახეზე ღიმილი შეაშრა თამარს, ძია სოსოც მიხვდა, რაღაც ისე ვერ ვთქვიო და ენაზე ნაკბენივით საუბარი შეწყვიტა. შეეცადა, მაინც გამოესწორებინა უხერხული სიტუაცია, გოგონას მხარზე ხელი დაჰკრა და ისევ თავისებურად მოჰყვა როხროხს. კარგია, ძია, სწავლა და წიგნი, კარგი… მაგრამ თამარს უკვე აღარ ესმოდა, რას ამბობდა ძია სოსო, მას მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა გონებაში: „საღ-სალამათი“. თავი ჩაქინდრა, ეტლის სახელურებს ძალუმად ხელი ჩასჭიდა და ქუჩას ჭრაჭუნით გაუყვა. გრძნობდა, ძალა აღარ ჰქონდა და გადაწყვიტა, გაჩერებასთან ავტობუსს დალოდებოდა. ავტობუსიც მისთვის ერთი წამება იყო, მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა.
ავტობუსი მოვიდა. მძღოლმა გოგონა რომ შეამჩნია, პანდუსი გახსნა და ერთი ღრმად ამოიოხრა. დააჩქარეთ, ვაგვიანებ, – დაუყვირა მგზავრებს, რომლებიც თამარის დახმარებას ცდილობდნენ. ავტობუსში ასასვლელი პანდუსი მაღალი აღმოჩნდა და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. როცა საქმე გაჭიანურდა, მძღოლს ავტობუსიდან ჩამოსვლა მოუხდა მგზავრების დასახმარებლად. როგორც იქნა, თამარი ავტობუსში აიყვანეს და თითქოს ყველამ ერთიანად შვება იგრძნო, მხოლოდ თვითონ გრძნობდა თავს ყველაზე მძიმედ სამყაროში, რომელიც ასე უყვარდა. ცდილობდა, თავი მაღლა არ აეწია და ასე დაეღწია თავი ბევრი უცხო თვალისგან, რომელთა მზერა სიბრალულით იყო სავსე.
ზღვაზე იფიქრე, ტალღებზე, – უმეორებდა საკუთარ თავს, – ყველაფერი გამოგივა.
ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ პატარა ქუჩა გადაკვეთა და ბიბლიოთეკასთან ფიქრებით დამძიმებული მივიდა. აქ ისევ ელოდა დაბრკოლება: ბიბლიოთეკას კიბეები ჰქონდა და დახმარების გარეშე მარტო ვერას გააწყობდა. თუმცა აქ, უცხო თვალისგან განსხვავებით, სითბო ელოდა, თამარს ყველა ცნობდა და არ ნაღვლობდა. მაგრამ ბიბლიოთეკასთან ჯერ არავინ ჩანდა. დაველოდები, ვინმე გამოვა, გაიფიქრა თამარმა.
- გამარჯობა, დაგეხმარებით, – მის გვერდით წიგნით ხელში და ღიმილიანი მზერით სავსე ბიჭი იდგა.
თამარმა მორცხვად თავი დახარა:
– იცით, მე ველოდები, – მიუგო დაბნეულმა.
- აქ ხომ არ იქნებით, მე აგიყვანთ. თეოდორე, მე თეოდორე მქვია.
- თამარი.
- თქვენ ალბათ აქ ხშირად დადიხართ. მეც მიყვარს ეს ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ვეღარ ვახერხებ. ძირითადად თბილისში ვარ, უქმეებზე მომიხდა ჩამოსვლა.
თამარს ეუცნაურებოდა ბიჭისგან ასეთი საქციელი, შეჩვეული არ იყო უცხო ადამიანებისგან ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
ის დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა თამარისთვის. თეოდორეს სახით ახლა მას ნამდვილი მეგობარი ჰყავდა. სახლში გვიან დაბრუნდა, ბედნიერი იყო.
ამის შემდეგ მთელი კვირა გავიდა, მაგრამ თეოდორე არ ჩანდა.
- თამარ! აქ მოდი, ტელევიზიით ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი შენ შესახებ ჰყვება.
- ჩემ შესახებ? – გაიკვირვა თამარმა.
ეს თეოდორე იყო. ის ჟურნალისტის კითხვებს პასუხობდა.
- დიახ, მე პირადად შევხვდი შშმ პირებს. მათ შორის ერთ გოგონას, სახელად თამარს, რომელმაც საკუთარი ამბავი მომიყვა. ის დღეს წარმატებული სტუდენტია და მიუხედავად მის ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევისა, ფარ-ხმალს არ ყრის. ჩართულია უამრავ სახელმწიფო პროგრამაში, რითაც მას მკურნალობა უფინანსდება. მალე მას ახალ ეტლსაც ჩამოუტანენ, რომელიც მაქსიმალურად მოერგება მის ამჟამინდელ საჭიროებებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანებისთვის.
თამარს აღარ ესმოდა, რა უპასუხა ჟურნალისტმა. თავის ეტლს დასცქეროდა და იხსენებდა, რამდენჯერ მდგარა სამინისტროსთან, რომ თანამდებობის პირს შეხვედროდა და თავისი გასაჭირის შესახებ მოეყოლა. მას გამართული ეტლი სჭირდებოდა.
ცრემლები ჩამოუგორდა ჩამქრალი თვალებიდან.
– ზღვაზე, ზღვაზე იფიქრე, თამარ, – უმეორებდა საკუთარ თავს.
შეძლებ.
ავტორი: სოფიკო რიჟვაძე
ესეების კონკურსის “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში” ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში