სოლიდარობის თემი ეხმაურება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის საკითხებს და მიგვაჩნია, რომ მაღალსართულიანი სასტუმროების მშენებლობა უხეშად არღვევს ქალაქგანვითარების პროცესს და ხელს უშლის ბულვარის, როგორც ქალაქის მთავარი მწვანე საჯარო სივრცისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დაცვის პროცესს.
ჩვენთვის მისასალმებელია ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის პოზიცია, რომ არ გადავიდეს ბულვარის ტერიტორია კერძო მფლობელობაში. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მუშაობა მიმდინარეობს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კულტურული მემკვიდრების ძეგლის, ბათუმის ბულვარის, იერსახის შენარჩუნებაა. მსგავსი ტიპის შენობა ნაგებობების აშენება კი გეგმის მიღებამდე დაუშვებელად მიგვაჩნია.
ბათუმის ბულვარში, რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და საბაღე-სარეკერეაციო ზონას, 2018 წელს გაიცა “ამბასადორი ბათუმი“ მშენებლობის ნებართვა, სადაც უნდა აშენებულიყო 4-სართული შენობა. ადრე ამ ტერიტორიაზე იყო ბალნეოლოგიური ცენტრი, რომლის დემონტაჟიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვის საფუძველზე განხორციელდა. თავდაპირველად “ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიური ცენტრის ტიპის შენობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ეჭვი გაჩნდა იმის, რომ 16-სართულიანი შენობა ბალნეოლოგიური ცენტრის ნაცვლად სასტუმრო იქნებოდა.
2019 წელს 2-ჯერ დაჯარიმებული “ამბასადორ ბათუმი“ მშენებლობას აგრძელებს. 2021 წლის 21 იანვარს უკვე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის დრღვევით 16 სართულიანი (+3 მიწისქვეშა სართულის) სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა. ეს ნებართვა არის უკანონო, რადგან მშენებლობა მიმდინარეობს ყველა წესის დარღვევით ( ლანდშაფტური, არქიტექტურული, ეკოლოგიური და სარეკერაციო ზონის განადგურებით) საინიციატივო ჯგუფმა მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მშენებლობის შეჩერების თხოვნით, თუმცა სამინისტრომ მშენებლობის შეჩერებაზე უარი განაცხადა და მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ამ პროცესს დაემატა ის საკითხიც, რომ სასტუმრო “ლე მერიდეიენმა“ შენობის პირდაპირ არსებული პლაჟის 3380კვ.მ. ტერიტორიის იჯარით გადაცემა მოითხოვა, ბათუმის მერიამ ეს საკითხი განსახილველად გაიტანა, განხილვის პარალელურად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს საკრებულოსთან სადაც საკითხვის განხილვა მიმდინარეობდა, მერიამ ეს საკითხი ამ ეტაპისთვის დღის წესრიგიდან ამოიღო, თუმც ეს არ გულისხმობს იმას რომ საკითხი სამუდამოდ დაიხურა.