ბეღლეთის მეჩეთი, რომელიც 300 წელზე მეტს ითვლის, ერთ–ერთი უძველესია აჭარაში. გადმოცემის თანახმად 1650-1700 წლების შუალედშია აგებული. თუმცა, მის ნაცვალდ არსებობდა პირველი შენობა, რომელიც დამწვარა. XIX საუკუნეში მეჩეთი თავიდან აუგიათ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე,1920–21 წლამდე, ის უბრალო ფიცრული ნაგებობა იყო, შემდეგ ლაზი ოსტატები მოუწვევიათ და შენობა ორნამენტებითა და ნახატებით შეუმკიათ. მეჩეთის საძირკველი ქვისაა, საკუთრივ შენობა კი მუხის ხისგანაა აგებული.
ამ მეჩეთში მოღვაწეობდნენ ისკენდერ თავართქილაძე, ჰუსეინ კახაძე, ილია შავაძე და სხვები. საბჭოთა პერიოდში ის ადმინისტრაციულ შნობად და საწყობად გამოიყენებოდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა შიდა ინტერიერის მოხატულობებს.
ბეღლეთის თავდაპირველი მშენებელი ოსტატი უცნობია, თუმცა დღვანის მეჩეთის მეოცე საუკუნის დასაწყისში გაკეთებულ მხატვრობასთან არსებული მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ ორივე შენობა ლაზი ოსტატების – ომერ უსტას და უსტა ბინ აჰმედის მარჯვენას ეკუთვნის. ორივე მეჩეთის კედლებზე არსებული გამორჩეული მხატვრობა მოიცავს დაკეცილი შარფების, ლიმონის ხეების და ყვავილის ქოთნების მოტივებს. პირველი სართულის კედლებს შევრონის ფორმის ორფერა ელემენტები მიუყვება. ბეღლეთის და დღვანის მიჰრაბები მუქი მწვანეა, ხოლო მის ნიშებზე ოქროსფერით მოვარაყებული ყვავილის თაიგულებია მიხატული. ყველაზე უჩვეულოდ მიჰრაბის ფუძის მიმდებარე კედელსა და ჭერის მედალიონის ჩარჩოზე გამოსახული ბუშტულების ფორმის დინამიური ნაყშია. ოსტატებს ორნამენტები ვარდისფერ ან თეთრ ფონზე ლურჯი საღებავით მიუხატავთ. ბეღლეთს მიჰრაბის მარცხენა მხარეს მიხატული სამი თურქული დროშაც გამოარჩევს, რომელთა თეთრი ნახევარმთვარეები, საბჭოთა პერიოდში გადაშლის მცდელობების მიუხედავად, დღემდე იკითხება. მართალია, მეჩეთის ყველაზე გამორჩეული დეკორი ადრეულ მეოცე საუკუნეს განეკუთვნება, ხეზე ნაკვეთი ადრეული ორნამენტები უფრო ძველ საძირკველზე მიგვითითებენ. გვიანდელი გუმბათოვანი მეჩეთებისგან განსხვავებით, ბეღლეთს ხისგან დამზადებული ჭერის მედალიონი ამშვენებს. მეჩეთის ტრადიციული კაუჭებითა და გეომეტრიული ორნამენტებით შემკული პირველი სართულის სვეტები მეზანინის ევროპული გავლენით შექმნილ დორიულ ორდერს უპირისპირდება. რიგებად გამოსახული კვანძის, სამკუთხედის და გრეხილი ფორმის ორნამენტები ერთობლიობაში ქმნიან კარნიზს, რომელსაც ახალი მიჰრაბი ნაწილობრივ ფარავს.
ბეღლეთის ჯამეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეჩეთს მრავალი საჭიროება აქვს. გამოსაცვლელია ადგილობრივების მიერ შეცდომით ჩამაგრებული ე.წ. მეტალო პლასტმასის ფანჯრები ავთენტური ხის ფანჯრებით. ასევე, აუცილებელია ხის დამცავი საშუალებების გამოყენება.