ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა მისი ისტორიული და სახელოვნებო მნიშვნელობით საერთო ეროვნულ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქართული ისლამური კულტურა იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ქართულ-არაბული ურთიერთობები, ვინაიდან ისლამთან ურთიერთობისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა ქართველებს მისი ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდშივე ჰქონდათ. ქართულ-ისლამური ურთიერთობები ინტენსიური და მრავალასპექტიანი იყო, აერთიანებდა როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების, ისე ბრძოლებისა და წინააღმდეგობის ქრონიკებს. ისლამმა ქართული კულტურის ისტორიაში და ზოგადად ისტორიაში, ისევე როგორც ხალხურ პრაქტიკებსა და ყოფით ცხოვრებაში ღრმა კვალი დატოვა. ქართულ-ისლამური კავშირი განსაკუთრებით ენობრივ და ლიტერატურულ ურთიერთობებში აისახა. ისლამური პოეზიის თუ ლიტერატურის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები მალევე აღიბეჭდა ტკბილხმოვან ქართულ ენაზე და ქართველი მუსლიმი პოეტებიც ლექსებს თხზავდნენ როგორც ქართულ, ისე არაბულ, სპარსულ და ოსმალურ ენებზე. ლიტერატურული ურთიერთობის გარდა, ქართულ ისლამურ კულტურაში ყველაზე თვალსაჩინოა ქართული ისლამური არქიტექტურა, რომელიც კულტურათა მიჯნაზე აღმოცენდა და თავისუფლად დაიტია, როგორც ქართული, ისე ისლამური ესთეტიკა, ორნამენტები და არქიტექტურული იერი.
ქართული კულტურა არასდროს ყოფილა სტერილური. პირიქით, ის ძალიან მრავალფეროვანი ჭრელი მოზაიკაა და აერთიანებს იმ კულტურულ პროდუქტებს, სახეებსა და სიმბოლოებს, რომლებიც საქართველოს კულტურულ წიაღში ფორმირდა და ამ ეროვნული კულტურის ნაწილია ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობაც, რაც ქართველი მუსლიმების მიერ შეიქმნა. ეს მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლები თავის მხრივ ირეკლავს ადგილობრივ რეგიონულ კულტურულ თავისებურებებს და ქმნის არქიტექტურის, დღესასწაულების აღნიშვნის, კულტურათა თანაცხოვრების უნიკალურ შემთხვევებს, რისი თვალსაჩინო გამოხატულებაცაა აჭარის რეგიონში განვითარებული ქართული ისლამური კულტურა.
აჭარაში ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებით ამდიდრებს ისტორიული ხის მეჩეთები, რომლებიც უნიკალურია რეგიონისთვის და დამახასიათებელია მხოლოდ აჭარისა და თურქეთის იმ ტერიტორიებისთვის, სადაც ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ. აღნიშნული მეჩეთები გარე არქიტექტურული თვალსაზრისით არ განსხვავდება ადგილობრივი ყაიდის ტრადიციული სახლებისგან, ვინაიდან ისინი არა ქვის ან კრამიტის, არამედ ხისგანაა აშენებული. რაც შეეხება ინტერიერს, ისინი გამოირჩევა ხეზე კვეთის უბადლო ნიმუშებითა და ხატოვანი ორნამენტებით, რომლებიც ძირითადად მოგზაური ლაზი ოსტატების მხატვრული ხედვისა და შემოქმედების შესანიშნავი გამოხატულებაა. სწორედ მათ ამოიტანეს ლურჯი სანაპიროებიდან მთიან აჭარაში პალმები და ლიმნის ხეები, მათ მოხატეს მეჩეთების კედლები აჭარისთვის დამახასიათებელი მცენარეებით, მრავალფეროვანი ყვავილებითა და ხილით, მათ შორის ვაზის მტევნებით, რომლებიც როგორც რეგიონში იყო გავრცელებული, ისე ყურანში მოხსენიებული. კედლებზე ასევე ვხვდებით დოქებს, რომლებიც სამოთხის შარბათს განასახიერებენ. მეჩეთებზე მრავლადაა ამ ეპოქის მხატვრობისთვის დამახასიათებელი ქსოვილის გირლიანდების მოტივები, მედალიონები, გეომეტრიული ფიგურები და ფერთა ფართო გამით გამოხატული მრავალი ხალხური სიმბოლო.
ფოტო 1. აგარის მეჩეთი (ფოტო: სოლიდარობის თემი/ ნესტან ანანიძე)
მეჩეთების გარდა აუცილებლად უნდა ვახსენოთ აჭარის ისტორიული საგვარეულო სასაფლაოები, რომლებიც კულტურათა გადაკვეთის ხაზებს განასახიერებს. ასევე კულტურულ მემკვიდრეობად მიგვაჩნია რეგიონში ჰიბრიდულად მოწყობილი საერთო სასაფლაოები, განსაკუთრებით კი მუსლიმური სალოცავების მიმდებარედ, მათ შორის მეჩეთების ეზოებში დაკრძალული სხვა რელიგიის აღმსარებლებით. მხოლოდ ქართული ისლამური კულტურისთვისაა დამახასიათებელი საერთო საგვარეულო სასაფლაოებზე სხვადასხვა რელიგიის მქონე ადამიანების დაკრძალვა. ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე ხიმშიაშვილების საგვარეულო სასაფლაოც ხასიათდება კროსკულტურული ბუნებით. მის კომპოზიციასა და საფლავის ქვებსა და ორნამენტებში არეკლილია ადგილობრივი, ისტორიული დინება და საზოგადოებრივი ღირებულებები.
ხიმშიაშვილების სასაფლაოს ფოტო
აჭარაში ქართული ისლამური კულტურის კიდევ ერთ ასპექტს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. ქართული ისლამური დღესასწაულები აჭარაში აერთიანებს, როგორც წმინდად რელიგიურ, ისე სახალხო და შერეულ ზეიმებს, რომლებიც იტევს ისლამურ რწმენასა და ადგილობრივ ფოლკლორული წარმოდგენების შტრიხებს და ძალიან ღია და მიმღებელია. ამგვარი გახსნილობა დღესასწაულებმა ადგილობრივი კულტურის და არა აუცილებლად რელიგიური გავლენით მიიღეს. ეს განსაკუთრებულობა გამოიხატება მის მრავალფეროვნებასა და უნარში აირეკლოს თანაარსებული კულტურების ელემენტები და პრაქტიკები და აღნიშნული იყოს არა მხოლოდ მუსლიმების, არამედ არამუსლიმების მიერაც. აქ გამოვყოფდი არამუსლიმების მიერ დღესასწაულების აღნიშვნას (მარხვის დასრულებისა და მიახლოების დღესასწაული – ბაირამი, ოჯახში მევლუდის (მოციქულის დაბადების დღის აღნიშვნა) სადღესასწაულო კერძებისა (შეწირული ხორცი, აშურას კერძი) და ტკბილეულის (ჰალვა) მომზადებითა და გაზიარებით, დაკრძალვისა და ქორწინების მეტ-ნაკლებად საერთო რიტუალებითა და საერთო საფლავების მონახულებით, მუსლიმური ფორმულების გამეორებითა და შესაწირის გაღებით.
მიუხედავად აღნიშნული ძეგლების უნიკალურობისა და ისტორიული მნიშვნელობისა, ისინი საფრთხეშია როგორც პროფესიული მოვლისა და ზრუნვის არქონის, ისე ადგილობრივთა არასწორი ჩარევითი რეაბილიტაციის გამო. ქართული ისლამური მემკვიდრეობის ხანგძლივი ისტორიული არსებობის მიუხედავად, ის მაინც რჩება მხედველობისა და აღიარების მიღმა. ამ კულტურის დაფფასებითა და აღიარებით საქართველო მხოლოდ მდიდრდება და ამასთანავე სამოქალაქო ნაციონალიზმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ქართველი მუსლიმებისთვის ეს პროცესი საერთო ეროვნულ კულტურაში ინტეგრაციის, საერთო ისტორიაში საკუთარი თავის დანახვისა და მონიშვნის მყარი და ეფექტური შესაძლებლობაა.
გარდა რელიგიური და კულტურული მნიშვნელობისა, ხის მეჩეთებსა და სასაფლაოებს, როგორც ადგილობრივი ეთნოგრაფიულ ძეგლებს აქვთ პოტენციალი თვალსაჩინო იყვნენ რეგიონის ღირსშესანიშნაობების მარშრუტებზე და გახდნენ მთავარი ტურისტულ-სანახაობრივი ადგილებიც, რაც უფრო მეტად ნაცნობსა და ახლობელს გახდის მას. მნიშვნელოვანია ასევე ისტორიისა და კულტურის შესწავლისას სასკოლო თუ საველე ექსკურსიების რუქებზეც იყოს მონიშნული ეს ძეგლები. აქვე არსებითია ამ ძეგლების მკაფიოდ მიჩნევა საქართველოს კულტურის ნაწილად და არა სხვების მიერ თავსმოხვეულ და ძალით შემოტანილ ელემენტად, ვინაიდან ეს კულტურა რეალურად მუსლიმი ქართველების მიერ შეიქმნა.
ამრიგად, აჭარაში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებულია, როგორც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და ფორმირებული ფენომენი, რომელშიც კულტურული ელემენტი სჭარბობს რელიგიურს, ხასიათდება მკვეთრი ჰიბრიდულობითა და უმეტესად არეკლილია ყოფით პრაქტიკებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ლია დეკანაძე