სოლიდარობის თემის განცხადება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხითხთან დაკავშირებით

როცა ისმის ხმა ნაბიჯებისა, რომლებიც ნელ-ნელა ყველა მხრიდან ახლოვდებიან, ხმას-ხმას უერთებენ და თავს ბათუმის შუა გულში იყრიან, პარასკევია, მუსლიმებისთვის ღვთისმსახურების, სიკეთისა და სოლიდარობის დღე. ალბათ, ჩვეულებრივ, არავის მოუვა აზრად, ფეხშიშველი იდგეს იქ, სადაც ადამიანები ყოველდღე ფეხსაცმლით დადიან, მაგრამ მუსლიმებისთვის სიკეთისა და სოლიდარობის პარასკევს, თქვენ ბათუმის მეჩეთის წინ, დარსა თუ კოკისპირულ წვიმაში, დაინახავთ ფეხშიშვლ მუსლიმებს. მუსლიმი ფეხზე გახდით იჩენს მოწიწებას ღმერთის, საკუთარი თავისა და სხვა მლოცველების წინაშე, რაც ამ სურათის ლამაზი მხარეა. მაგრამ ამ სურათს გააჩნია სამწუხარო, მშვენიერებისგან დაცლილი სახე, რომელიც ცხადად მეტყველებს, რომ მუსლიმებს პარასკევ დღეს, ყველაზე მეტად, სწორედ სოლიდარობა სჭირდებათ და აკლიათ. მუსლიმი მზად არის, წვიმაში, ცივ ასფალტზე, წყალში უფეხსაცმლოდ იდგეს, მაგრამ ისმის კითხვა, სახელმწიფო, რომლის გამოისობითაც მის სამლოცველოს ჭერი არ აქვს, რისთვის არის მზად მაშინ, როცა მუსლიმისთვის სოლიდარობის პარასკევია?!

აჭარელ მუსლიმებზე საუბრისას, საკულტო ნაგებობების მშენებლობის საკითხები და ამ თემის დისკრიმინაციული პრაქტიკა “ბათუმში თავისუფლების” მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არ გაცემა, ნამდვილად გვაძლევს საბაბს, ვრცლად განვიხილოთ საკითხი. აჭარაში მცხოვრები მუსლიმები უკვე წლებია ითხოვენ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ ჩატარებულ კვლევაში „რელიგიის თავისუფლება“ ვკითხულობთ: „ბათუმში მოქმედი ორთა ჯამეს ისტორიული შენობის სივრცე არ არის საკმარისი და ვერ იტევს მლოცველებს. ამის გამო, ასეულობით მორწმუნეს (500-700-მდე ადამიანს) პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესრულება ქუჩაში, არასათანადო პირობებში უწევს. მუსლიმი ქალების დიდ ნაწილს კი, საერთოდ არ აქვს საშუალება ილოცოს მეჩეთში.”

ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. განსაკუთრებული თვითორგანიზებულობისა და მრევლის რაოდენობის ზრდის გამო, ეს საკითხი 2009 წლიდან უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა.

თუმცა, 2014 წლის ოქტომბერში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა. ხელმომწერები უარს აცხადებდნენ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე და არსებული მეჩეთის (ორთა ჯამეს) გაფართოებასთან ერთად, სამმართველოს რეზიდენციისა და მედრესესთვის შენობის გადაცემას ითხოვდნენ. თუმცა, ეს მიმართვა არ გამოხატავდა მუსლიმი თემის უმრავლესობის მოსაზრებასა და ინტერესებს. შესაბამისად, ისინი სამმართველოს განცხადების შინაარსს და მოთხოვნებს არ იზიარებდნენ. მათი თქმით, ტექსტი დაწერილი იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უშუალო ჩარევით და მუსლიმი თემის ძირითად ნაწილს მის შედგენაში მონაწილეობა პრაქტიკულად არ მიუღია.

2015 წელს, მუსლიმი თემის გადაწყვიტილებით, შეიქმნა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი,” რომლის მიზანი შემოწირული მატერიალური თუ ფულადი რესურსებით თავისუფლების მეჩეთის აშენებაა. საინიციატივო ჯგუფმა მიმართა ბათუმის მერიას მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა მათ უარი მიიღეს. მერია ორ ძირითად მიზეზს ასახელებს: “1.სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში, რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც ძირითადად საცხოვრებელი სახლები მდებარეობს; 2.საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, რომლის მოწყობის შესაძლებლობა მითითებულ მიწის ნაკვეთზე რთულია.“

რელიგიური დისკრიმინაციის მიუხედავად, ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, სამრევლოს შესყიდულ ტერიტორიაზე აშენდა ხის სიმბოლური კონსტრუქცია – ამ და სხვა ხერხებით ენთუზიაზმით განწყობილი აქტივისტები ცდილობენ, მათი ხმა ყველა სტრუქტურას მიაწვდინონ. ამ მოვლენების პარალელურად, ფონდის წევრებმა ბათუმის მერიის გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

კვლევაში- „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“ ამ ფაქტის შესახებ ვკითხულობთ: „სარჩელის ძირითადი მოთხოვნა მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე ბათუმის მერიის უარის ბათილად ცნობა, მერიისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალება და ასევე, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისი შედეგების აღმოფხვრა იყო.“ (TDI, გვ.152)

„2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება გამოაცხადა – ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მერიის მიდგომა ორი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მიმართ უთანასწოროა, რადგან იმავე საცხოვრებელ ზონაში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა აშენებული, მათ შორის, რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. სასამართლომ ასევე ბათილად ცნო ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მშენებლობის პირველი სტადიის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად ბათუმის მერიას დაუბრუნა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, პირდაპირ დავალებოდა ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემა.“ (TDI, გვ.153) სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ცალსახად აღწერს რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას და ხაზს უსვამს მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვას. მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მხრიდან, მთავარი არგუმენტი ნაციონალისტური და კომფესიური სენტიმენტები იყო, რომლებიც სხადასხვა დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საპროტესტო გამოსვლებში აისახა.

   ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ორ წლიანი ლოდინის შემდგომ, მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლისას, მხარეებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი. ბათუმის მერიის პოზიცია იყო შემდეგი: მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდა მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას, თუ ფონდი თავისივე რესურსით შეძენილ მიწის ნაკვეთს სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადასცემდა, რაც ცხადია ვერ გამოიწვევდა ორ მხარეს შორის შეთანხმებას, ვინაიდან, ეს სტრუქტურა მუსლიმებში არ სარგებლობს მაღალი ნდობით და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამავე სამმართველოს უკავშირდება ახალ მეჩეთზე მშენებლობის განცხადება. Მოცემულ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ჩანს ისლამური თემის რელიგიური თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დარღვევის მაგალითი.

სამწუხაროდ, დღეს ხშირად ვხდებით რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციას და ეთნო-ნაციონალისტურ ნარატივს, რომელიც აჩენს ბარიერებს მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციის პროცესში.

წლებიის განმავლობაში, სახლმწიფომ ვერ შეძლო წარმოეჩინა საქართველოს მრავალფეროვნება პოლიტიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში, რამაც გაუცხოებისა და გარიყულობის მძაფრი შეგრძნება გააჩინა. შესაბამისად, რელიგიური უმცირესობების სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითა და უცხოდ მონიშვნით გაჩნდა მეორეხარისხოვანი მოქალაქეობის შეგრძნება, რაც აფერხებს ინკლუზიური ინტეგრაციის პოლიტიკას. 2016 წელს, სახელმწიფოს უსაფრთხოების დოკუმენტში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები მონიშნულია, როგორც პოტენციურად საფრთხის შემცველი ტერიტორია, რომელზეც განსაკუთრებული კონტროლი უნდა დააწესოს სახელმწიფომ. აღნიშნულ მიდგომა ხელს უშლის არადომინატი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უსაფრთოების მიღმა დანახვას და შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით, სრულფასოვან მოქალაქედ მიჩნევას. Ბათუმშითავისუფლების მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ძალისათვის პოლიტიკური პოპულიზმის იარაღად გადაიქცა, რათა ისლამოფობიურ სენტიმენტებზე განწყობილ საზოგადების ნაწილზე ჰქონოდათ ეფექტი, კარგად წარმოაჩენს სახელმწიფოს უთანასწორო მიდგომას მუსლიმების მიმართ. ეს კიდევ უფრო ზრდის არსებულ ხიდჩატეხილობას სახელმწიფოსა და მუსლიმ თემს შორის.

დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა ნიშნავს მოქალაქეთა მიმართ თანასწორობასა და მიუკერძოებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც, ჩვენს რეალობაში, თავად მუსლიმ თემთან მიმართებით სუსტი და მყიფე აღმოჩნდა.

    სახელმწიფოს დისკრიმინაციული მიდგომა საზოგადოების დაქსაქსულობის და გარკვეული ჯგუფების სეგრეგირების, უთანასწორობის, მარგინალიზების, გარიყულობის და სხვად მონიშვნის შესაძლებლობას აჩენს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს.

მოქალაქეთა შორის კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა ფუნდამენტია დემოკრატიული სახელმწიფოსი. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენს შემთხვევაში, როცა დემოკრატიულ ფასეულობათა მატარებელ სამყაროსთან ინტეგრირება ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების უმთავრეს გარანტიას წარმოადგენს. თუმცა, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ზემოაღნიშნული პრაგმატული საჭიროებაც რომ არ არსებობდეს, საკუთარი მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა თანასწორად განხორციელების უზრუნველყოფას უკეთესი ალტერნატივა არ გააჩნია. იქ, სადაც მოქალაქეთა მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა იდენტობის რომელიმე ნიშანს გაუმართლებლად უკავშირდება, ვერ იარსებებს სამართლიანი წესრიგი, რომელიც ერთეული ინდივიდისა და მთლიანად, საზოგადოების ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხმა კიდევ უფრო მწვავედ დაგვანახა სახელმწიფოს მიერ პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები. სამწუხაროდ, სახელმწიფომ დღემდე ვერ დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, მუსლიმ თემთან მიმართებით განსხვავებულ მიდგომას იყენებს. დღემდე ვერ გაეცა პასუხი კითხვას, რატომ ვერ აშენებენ მუსლიმები თავიანთი სახსრებით სამლოცველოს მაშინ, როცა დომინანტური რელიგიური კონფესიისთვის ეს, თუნდაც სახელმწიფო ქონების ხარჯზე, პრობლემას არ წარმოადგენს. ამ კითხვაზე სახელმწიფოს დუმილიც პასუხია, მას არ ჰყოფნის ნება, მიიღოს დომინანტური რელიგიური ჯგუფის ინტერესებთან შეუთავსებელი გადწყვეტილება.

თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი და ლიბერალური, წარმომადგენლობითი დემოკრატია სწორედ იმას გულისხმობს, რომ რაიმე ნიშნის მქონე მოქალაქეთა უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არ უნდა იყოს დამოკიდებული განსხვავებული ნიშნის მქონე სხვა მოქალაქეთა ნებაზე. ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი უფლებების რეალიზება მაშინაც კი, როცა ამას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად ხვდება. სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, სწორედ უმრავლესობის გაუმართლებელი დომინაციის აღსაკვეთად გვჭირდება. მუსლიმმა თემმა სწორედ ისე უნდა შეძლოს აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუციური სტანდარტი მოითხოვს. მას არ უნდა ექმნებოდეს ბარიერები სამლოცველოს მშენებლობისას, მაშინ, როცა ამის სრული სამართლებრივი და მორალური უფლება გააჩნია.

თუ სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებს გაუმართლებლად განსხვავებულ მიდგომას, მუსლიმი თემის ხარჯზე, ქვეყანაში ვერ იარსებებს სამართლიანი წესრიგი, ეს კი საზოგადოების განვითარებისთვის მნიშველოვნად დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო, დისკრიმინაციული მიდგომით, მუსლიმ მრევლში შექმნის უსამართლობის მძიმე განცდას, ამით ქვეყანა უკან დაიხევს დემოკრატიული განვითარების გზაზე და კიდევ უფრო დავშორდებით თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციის პერსპექტივას.

მიგვაჩნია, რომ:

  • საზოგადოების ვერც ერთი ჯგუფი მეორე ნაწილს ვერ განუსაზღვრავს საკუთარ საჭიროებას ისეთ საკითხებში, რომელიც მხოლოდ უმცირესობების რეალური ყოველდღიურობიდან ამოდის, ხოლო სახელმწიფო ამ საკითხზე უნდა რეარგირებდეს.
  • სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს პოლიტიკური ნება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო თანასწორობაზე დაფუძნებული, ინკლუზიური პოლიტიკა და შეიმუშავოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინტეგრაციული სტრატეგია, რომელიც სიღრმისეული რეფლექსირებით უნდა პასუხობდეს თანასწორობისა და სამართლიანობის მაღალ სტანდარტებს.
  • სახელმწიფომ პოლიტიკა უნდა იყოს დაცლილი რელიგიური და ეთნიკური სენტიმენტებისგან. ეს მისცემს შესაძლებლობას, თანასწორობის პრინციპის საფუძველზე შექმნას ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომა და უპასუხოს სამოქალაქო თანაწორობის მიღწევის საკითხს.
  • სახელმწიფომ უნდა განახორციელოს საგანმანათლებლო სისტემის ყველა რგოლის სიღრმისეული რეფორმა, სადაც წარმოაჩენს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას და პოზიტიურად აჩვენებს მის როლს ჩვენი საზოგადების ცხოვრებაში.
  • სახელმწიფომ უნდა გასცეს თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის ნებართვა და შექმნას პრეცენდენტი, რომ ის ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის გარანტია.